error
საინფორმაციო ველის მონიტორინგი, როგორც ეროვნული უსაფრთხოებისადმი მუქარის იდენტიფიკაციის მეთოდი ბეჭდვა
ორშაბათი, 19 დეკემბერი 2011 09:26
ავტორის შესახებ

შალვა კუპატაძე – 53 წლის. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. მუშაობდა საქ.მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტში.  1992 მსახურობს საქართველოს  სამხედრო ძალებში. 1998 წლიდან  –  სამხედრო პოლიტიკისა და სტრატეგიული კვლევების მთავარი სამმართველოს უფროსი. 2000–2004 წლებში სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი.გაიარა სტაჟირება გარმანიისა და აშშ უმაღლეს სამხედრი–პოლიტიკურ კურსებზე.  ბოლო სამხედრო წოდება – ბრიგადის გენერალი. 2008 წლიდან აი–ბი ევროკავკასიური უნივერსიტეტის  ასისტენტ–პროფესორი.2003 წლიდან გეო–სტრატეგიული კვლევების ჯგუფის თანადამფუძნებელი.

საინფორმაციო ველის მონიტორინგი, როგორც ეროვნული უსაფრთხოებისადმი მუქარის იდენტიფიკაციის მეთოდი

ნებისმიერი კვლევითი ნაშრომი მასში გამოყენებული ტერმინებისა და ცნებების დასაწყისშივე განმარტებას გულისხმობს. ეს აუცილებლობა, როგორც ალექსანდრ ფონ ბრენერმა აღნიშნა (`ეროვნული უსაფრთხოების პოლიტოლოგიის შესავალში~: `...ერთგვარი ტერმინოლოგიური ანარქიზმი ჰუმანიტარული მეცნიერებების საერთო უბედურებაა~), განსაკუთრებით მძაფრად
ჰუმანიტარულ მეცნიერებებში წარმოიქმნება. მათგან განსხვავებით, ზუსტი (საბუნებისმეტყველო) მეცნიერებები გამოსაყენებელ ცნებათა აპარატს მკაცრად და სკურპულოზურად განსაზღვრავენ და თავისუფალნი არიან აუცილებლობისგან, ყოველ მეორე გვერდზე განმარტონ, რას გულისხმობენ თერმოდინამიკის მესამე კანონში, ამ სფეროში ახალი აღმოჩენების გაკეთებამდე მაინც. ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, ამა თუ იმ ტერმინის საყოველთაოდ აღიარებული განმარტების არარსებობის გამო, ავტორები იძულებული არიან, მკითხველს გამუდმებით შეახსენონ, რა იგულისხმეს ამა თუ იმ ცნებაში. ნაშრომის დასაწყისში მათ მიერვე მოცემული განმარტებების მიუხედავად, დადგენილ საზღვრებს თხრობისას მუდმივად სცდებიან და საუკეთესო შემთხვევაში, მკითხველს ამის შესახებ აფრთხილებენ. ავტორთა ნაწილი სიტუაციით სარგებლობს და მეცნიერებაში საკუთარი კვალის დატოვების სურვილიდან გამომდინარე, მკითხველს ცნებათა მათეულ განსაზღვრებებს სთავაზობს, რომელთა ნაწილიც აშკარად ტავტოლოგიურია (მაგალითად: საფრთხე – მუქარაა, მუქარა კი – საფრთხე...).
ნაშრომში, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება და მთლიანად ემყარება სიტყვებს:Lუსაფრთხოება, საფრთხე, რისკი, გამოწვევა, მუქარა, ეროვნული, სახელმწიფო, საინფორმაციო, სივრცე, ველი, ნაკადები, კრიზისები, კონფლიქტები, აგრესია, ჩარევა, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ა.შ., პრაქტიკულად შეუძლებელია, ცნებებს თუნდაც მკითხველთა ერთი ნაწილისთვის მისაღები განმარტება ისე მიეცეს, რომ დანარჩენთა საფუძვლიანი კრიტიკა არ გამოიწვიოს.
მოცემული ნაშრომი მიზნად ამა თუ იმ მტკიცებულების თეორიულ საფუძველში გარკვევას არ ისახავს. უფრო მეტიც, ავტორი, საკუთარი თავის ბანალურად და ზედაპირულად წარმოჩენის რისკით, მსჯელობის დროს იყენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ფართოდ გავრცელებულ და მისთვის ხელმისაწვდომ სიტყვებს, ეყრდნობა მათ ინტუიტიურ აღქმას, თუ ეს პრაქტიკული მიზნის – ეროვნული უსაფრთხოების რისკებისა და საშიშროებების იდენტიფიკაციის მისეული აღქმის ნათლად წარმოდგენას უწყობს ხელს.
კვლევის მიზანია – ეროვნული უსაფრთხოების პოტენციური რისკებისა და საშიშროებების გამოვლენის, მათი იდენტიფიკაციის, დიაგნოსტიკის, მათი განვითარებისა და აქტუალიზაციის კონტროლში, შესაბამისი წესით ორგანიზებული საინფორმაციო სამუშაოს შესაძლებლობების გამოვლენა.  
ფორმულირებათა საფუძვლიანობაზე ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე, შემდეგით შემოვიფარგლოთ:
ყოველდღიურ პრაქტიკაში, ცნება `ინფორმაციაში~, ჩვეულებრივ, გულისხმობენ ცნობებს, რომლებიც გარკვეულ ინტერესს წარმოადგენს და რომელთაც ხალხი ურთიერთობის პროცესში ერთმანეთში ცვლის. (ვ.ვ. დემიდოვი, `საინფორმაციო-ანალიტიკური მუშაობა საერთაშორისო ურთიერთობებში~, ნოვოსიბირსკი, 2004). დ.ს. ჩერნავსკი, ნაშრომში `სინერგეტიკა და ინფორმაცია~, სვამს კითხვას, საერთოდ არის თუ არა საჭირო ამ ცნების განსაზღვრა? `ეს არ არის ამაო კითხვა, რადგან ბევრი სწავლული იზიარებს მოსაზრებას, რომ `ინფორმაცია – ინფორმაციაა, სხვა არაფერი და ეს სავსებით საკმარისია~. ინფორმაცია ისაა, რაც რაიმეზე მსჯელობის საშუალებას გვაძლევს. საინფორმაციო ველი – ესაა არსებული, პოტენციური და ამიტომ კონკრეტული მომხმარებლის თვალსაზრისით არასისტემატიზებული `ცოდნების~ (მათ შორის, თავად ველის, მათი ერთობლიობის, ველის სხვადასხვა ელემენტებს შორის ურთიერთკავშირის, როგორც წესი, შემთხვევითი ხასიათის დროებითი არამდგრადი თვითორგანიზაციების მიერ წარმოქმნილი) ერთობლიობა.

საინფორმაციო ნაკადები – ესაა `ცოდნების~ უკვე სისტემატიზებული, თუნდაც საყოველთაოდ აღიარებული გაგებით სხვადასხვა ნიშნებით ორგანიზებული `ნაკადები~. მათი ორგანიზება შეიძლება მოხდეს წყაროს, კომუნიკაციების, პრობლემებისა და სხვ. კუთხით.
საინფორმაციო სივრცე შეგვიძლია ველების ერთიანობად წარმოვიდგინოთ, მაგრამ გაუგებრობის თავიდან აცილებისა და ცნებათა ბუნდოვანების აუცილებლობის არარსებობის გამო, თავი შევიკავოთ ისეთი კავშირების გამოყენებისგან, როგორიცაა ინფორმაცია – სივრცე, სფერო, ფენა, სიბრტყე და ა.შ., რომლებიც სამეცნიერო ლიტერატურაში ასე ფართოდ გამოიყენება.  
სამწუხაროდ, საკვანძო ცნებების `მუქარა~ და `საფრთხე~, `გამოწვევა~ და `რისკი~ საყოველთაოდ აღიარებული და მეცნიერულად დამუშავებული განმარტებები, ჯერჯერობით, არ არსებობს.
ხშირად, ოფიციალურ დოკუმენტებში, ისევე როგორც ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სამეცნიერო ნაშრომებში, ტერმინები `მუქარა~, `საფრთხე~, `გამოწვევა~ და `რისკი~, პრაქტიკულად, სინონიმებად გამოიყენება და მათ მხოლოდ ამ ტერმინებიდან ერთ-ერთის ხშირი გამეორების თავიდან ასარიდებლად მიმართავენ.

ს. ი. ოჟეგოვი ცნება `მუქარას~ განსაზღვრავს, როგორც `ვინმესთვის ზიანის მიყენების დაპირებას~, ვ. ი. დალმა მუქარა განსაზღვრა როგორც ქმედება ან დაპირება `დამუქრების, დაშინების, საფრთხის შექმნის ან შეშინების, შიშის ქვეშ ყოფნის~ მიზნით. თანამედროვე რუსული ენის ლექსიკონებში ცნება მუქარა განისაზღვრება, როგორც `შეშინება, ვინმესთვის უსიამოვნების, ზიანის მიყენების დაპირება~, `საზოგადოებრივი ინტერესებისთვის, ასევე გარკვეული პირებისა და მათი ინტერესებისათვის ზიანის მიყენების დაპირება~. ამრიგად, განზოგადებული სახით, რუსულ ენაში მუქარის ქვეშ აღიქმება მოვლენა, რომელიც ვინმესთვის ან რაიმესთვის ამა თუ იმ ზარალის, ზიანის მიყენებას გულისხმობს.
ტრადიციულ ტერმინებთან ერთად - `მუქარა~ და `საფრთხე~, შეიძლება ისეთი კატეგორიების გამოყენებაც, როგორიცაა `გამოწვევა~ და `რისკი~, რომლებიც ფართოდ იხმარება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში. ამასთან, `მუქარას~ (ტრეატ) ამერიკელი სპეციალისტები განიხილავენ, როგორც რომელიმე ქვეყნის, სახელმწიფოთა ჯგუფის ან მოვლენის შესაძლებლობას შექმნას საფრთხე, `გამოწვევა~ (ცჰალლენგე) წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობად აღიქმება, ხოლო `რისკი~ (რისკ) განისაზღვრება, როგორც უსაფრთხოების მიზნების მიღწევისათვის ხელის შეშლის შესაძლებლობა.
ხშირად, სხვადასხვა კვლევით მიდგომებში ზოგიერთი ცნების განმარტება მიდის ფართოდგამოყენებადი `სიტყვისათვის~ განსაზღვრების მიცემის მცდელობამდე, ღვლარჭნილი, უნივერსალური, ცხოვრების ყოველი შემთხვევისათვის გამოსადეგი დეფინიციის მოგონებამდე, ყველა შესაძლო ობიექტისა და მოვლენის განსაზღვრამდე, რომლებიც მისთვის შესაბამისი შეიძლება იყოს. ავტორის აზრით, რიგ შემთხვევებში მიზანშეწონილი და იოლია საკვლევ ობიექტსა თუ მოვლენას შესაბამისი, მისაღები, აუცილებლობის შემთხვევაში კი ახალი `სიტყვა~ `დავარქვათ~. ეს ორი მიდგომა სქემატურად შემდეგნაირად გამოიყურება: პირველი – { `სიტყვა~ - ობიექტები და მოვლენები}, რომლებსაც ის გულისხმობს (მნიშვნელოვანია ლინგვისტიკის თვალსაზრისით); მეორე – { საკვლევი ობიექტი, მოვლენა - `სიტყვა~ }, რომელიც მას ჰქვია (მნიშვნელოვანია ამ კვლევის თვალსაზრისით). მეორე შემთხვევაში დეფინიციის აუცილებლობა ფაქტობრივად არ არსებობს, რადგან სახელწოდების განმარტება შეუძლებელია (შეიძლება, შევეცადოთ განვმარტოთ თუ რატომ ჰქვია რაიმეს სწორედ ეს `სიტყვა~, მაგრამ არა თავად სახელწოდება).
შემდგომი მსჯელობისას, მიზანშეწონილია, ეტიმოლოგიისა და ფართო გაგებით ლინგვისტიკიდან გადავინაცვლოთ და კონცენტრირება მოვახდინოთ ეროვნული უსაფრთხოების პრობლემის პრაქტიკული ასპექტების განხილვაზე, კერძოდ, შემდეგი ელემენტებისგან შემდგარ მოდელზე: { * კონკრეტული ობიექტი - * პოტენციური სუბიექტი - * მათი კავშირი-კომუნიკაცია }, რომელთა დაძაბულობამ და აღგზნებამ, შესაძლოა, ობიექტის უსაფრთხოების თვალსაზრისით ნეგატიური შედეგები მოიტანოს.

განსაზღვრება სუბიექტი და ობიექტი პირობითია, რადგან გამოწვევების, საფრთხეების, მუქარების აქტუალიზაციის სხვადასხვა სტადიაზე ისინი შეიძლება შეიცვალონ, ერთი კატეგორიიდან მეორეში გადაინაცვლონ, ტრანსფორმირდნენ, `შეიერთონ~ ახალი და `გამოაძევონ~ ძველი ელემენტები, ასევე, შესაძლოა გაჩნდნენ როგორც ზე-, ისე ქვე-სუბიექტები, ობიექტები, როგორც პროცესის ნამდვილი, ისე დამხმარე, კატალიზატორის ან ინდიკატორის როლის შემსრულებელი მონაწილეები და ა.შ.
ამიტომაც, გაურკვევლობის მაქსიმალურად შესამცირებლად, მოდელის ერთ-ერთ ელემენტად აღებულია `კონკრეტული ობიექტი~. მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევების, საფრთხის, მუქარის აქტუალიზაციისას ის სხვადასხვა იპოსტასში შეიძლება წარმოგვიდგეს, მოცემულ ნაშრომში ობიექტის სტატუსი სწორედ მისი უსაფრთხოების პრობლემის განხილვის გამო ენიჭება.
ამრიგად, ობიექტის პოზიციიდან, უსაფრთხოების თვალსაზრისით, უნდა მოხდეს შეფარდება:
- რისკისა - ობიექტის და მისი უსაფრთხოების სისტემის შესაძლებლობებთან, შინაგან პოტენციალთან და მდგომარეობასთან. ესაა შესაძლო აქციაზე სისტემის ადეკვატური რეაქციის `უუნარობის დონე, ხარისხი~, ესაა რ(ე)ისკი.
- ხოლო გამოწვევები, საფრთხეები, მუქარები, თავიანთი ხასიათის მიხედვით, გამომდინარეობენ შიდა ან გარე წყაროებიდან, კონკრეტული ობიექტის და მისი უსაფრთხოების სისტემის გარე გამაღიზიანებლებთან, დესტრუქციულ ფაქტორებთან მიმართებაში. ესა აქცია, სარჩელი. (ისკი), ისკი, რომელიც იცვებს რეისკს (რისკს). შემდგომში სახეზეა ყოველი ცნების თაობაზე საკუთარი მოსაზრებების განხილვისა და წარმოდგენის მცდელობა.  რისკი – შესაძლო საფრთხე; მოქმედება წარმატებისათვის (ს.ი. ოჟეგოვი, მ. 1963 წ.).

რისკი – ესაა მოვლენათა ალბათობებისა და შედეგების კომბინაცია. ესაა ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაიმე მოვლენის შესაძლო ნეგატიური შედეგების დადგომის ალბათობის დონე და მათი სიდიდე და მნიშვნელობა.  
რისკი ყოველთვის პენსონიფიცირებულია და გულისხმობს ობიექტის არსებობას ამ სიტყვის ფართო გაგებით. აქ იგულისხმება, რომ ნებისმიერი ურთიერთქმედების ყველა მონაწილე, მაგალითად, აგრესიის სუბიექტი და ობიექტი, მათი ურთიერთქმედებით გამოწვეულ ამა თუ იმ დონის რისკს ექვემდებარება. ამრიგად, რისკის კუთხით, სუბიექტიც და ობიექტიც რისკის ობიექტის როლში გამოდის. სწორედ `რისკების სიდიდეთა~ თანაფარდობამ, ერთ-ერთი მონაწილის ნეგატიური შედეგების მისაღებად მზადყოფნამ (მისი რისკი) მისი გეგმების რეალიზაციიდან პოზიტიური შედეგების მიღწევისათვის, შესაძლოა, ის სუბიექტი გახადოს და მიზნების მიღწევისაკენ წააქეზოს.
ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება რისკის ამა თუ იმ დონესთანაა დაკავშირებული და ის ყოველთვის, ყველგან და ყველაფერშია... რისკის `არარსებობა~ `ნულოვანი~ რისკის დონეა.
რისკი, ობიექტის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, არის როგორც ალბათობა, ისე `ზიანის~ სიდიდე, რაც შეიძლება მას მიადგეს. თუ აქციით გამოწვეული `სუფთა (აბსოლუტური) ზიანი~, რეაქციის გაუთვალისწინებლად, A პირობითი ერთეული იქნება, ხოლო რეაქციაზე ობიექტის `დანახარჯი~ - B, ზიანის სიდიდე შეიძლება განისაზღვროს:
-    მათ შორის სხვაობა (A - B) – მიყენებული (ჯამური) ზიანი;  
-    ზიანში შეიძლება რეაქციაზე დანახარჯებიც (B) ვიგულისხმოთ.
ობიექტმა, (A - B)-ის მინიმუმამდე დაყვანით, შესაძლო მიყენებული ზიანის მნიშვნელობის კორელაციაც შეიძლება მოახდინოს, მაგრამ თუ ეს, B-ის მნიშვნელობის გაზრდისა და A-ის მნიშვნელობასთან მიახლოების ხარჯზე ხდება, საბოლოო ჯამში, ობიექტისათვის ზიანის საერთო ჯამი (A - B) + B, ფაქტობრივად, `სუფთა ზიანამდე~ (A) დადის.
ზიანად, არა მხოლოდ კონკრეტულ რეაქციაზე დანახარჯების (B), არამედ თავად ეროვნული უსაფრთხოების სისტემის შექმნისა და შენახვის ხარჯების განხილვაც შეგვიძლია.
თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც სუბიექტის ობიექტის რეაქციით გამოხატული აქცია, მაგალითად, აგრესია, სუბიექტის პირდაპირ მიზანს ვერ აღწევს, ობიექტი მაინც ზიანდება და ეს ზიანი ეროვნული უსაფრთხოების შენარჩუნებისათვის საჭირო რეაქციისა და რესურსების დანარხარჯების ტოლფასია. შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, როდესაც სუბიექტის აგრესიის უკუგდებით ეროვნული უსაფრთხოება უზრუნველყოფილია, მაგრამ ამისათვის გადახდილი ფასი (ზიანი) საფრთხედ თავად იქცევა.
ამრიგად, სუბიექტის მიერ უბრალოდ დეკლარირებულმა გამოწვევამ, საფრთხემ, მუქარამ, მათ შორის, მოჩვენებითმაც, თუნდაც მათი რეალიზაციის გარეშე, შესაძლოა, ობიექტს, საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ისეთი ხარჯების გაწევა აიძულოს, რაც ობიექტისთვის თავისთავად საფრთხედ იქცევა. ობიექტის `დაშინების~ პოლიტიკა და მისი `თავდაცვისთვის~ მზადყოფნის სურვილი, ფაქტობრივად, ფიტავს მას და შესაძლოა, თვითგანადგურებამდეც მიიყვანოს.
ზემოთთქმულის მიუხედავად, პრაქტიკაში ზიანის შემადგენელი ელემენტების მრავალსახოვნება და მრავალმნიშვნელოვნება, `ხარჯების~ მნიშვნელობათა და ფასეულობათა შეუსაბამობა, ვარირებისა და ოპტიმალური ბალანსის შენარჩუნების საშუალებას მაინც იძლევა. ამ სიტუაციაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ობიექტის უნარს, სწორად განსაზღვროს, სწორი რეაგირება მოახდინოს ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებსა და მუქარაზე, ადეკვატურად შეაფასოს მათთან დაკავშირებული რისკები და მათი გადალახვის შესაძლებლობა საკუთარ თავში, ასევე, შედეგების მინიმიზაციას.

გამოწვევა
გამოწვევა ესაა გარემოებათა ერთობლიობა, რომელმაც ობიექტისთვის სიტუაცია ახალი საფრთხის ფორმირებამდე ან ძველის ტრანსფორმირებამდე შეიძლება მიიყვანოს, თუ მისი ეროვნული უსაფრთხოების სისტემა გამოწვევაზე ადეკვატურად რეაგირებას ვერ მოახერხებს და რისკის დასაშვებ ნიშნულამდე დაყვანის უნარს ვერ გამოიჩენს.
გამოწვევა – ესაა `გარემოება~, რომელსაც შეუძლია ობიექტის უსაფრთხოების სისტემის ფუნქციონირებას, ორგანიზაციას ხელი შეუშალოს ან მასზე ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს, შეეწინააღმდეგოს მას. გამოწვევა შეიძლება იყოს გარემოს შეცვლა, როგორც გარე ფაქტორები, ისე თავად უსაფრთხოების სისტემის `დასუსტება~, ამასთან, სუბიექტი, მისი ტრადიციული გაგებით, შეიძლება არც არსებობდეს. გამოწვევა – ესაა შესაძლო აქცია უსაფრთხოების სისტემასთან მიმართებაში, რომელიც მისგან შესაბამის რეაქციას მოითხოვს.
ახალ გამოწვევასთან შეჯახებისას უსაფრთხოების სისტემამ მისი ნეიტრალიზაციისა და მოგერიებისთვის, მისგან თავდაცვის ხერხებისა და სახსრების მოსაძიებლად შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს. თუ ამას მოახერხებს, გამოწვევა მისთვის საფრთხედ არ გადაიქცევა, თუმცა, რისკის გარკვეული დონის მატარებელი (მოვლენის ალბათობა და შედეგის მნიშვნელობა) მაინც იქნება. თუ სისტემას პოტენციურ გამოწვევაზე ადეკვატურად რეაგირების შესაძლებლობა არ აქვს, მაშინ მისთვის სხვადასხვა დონის საფრთხე იქმნება, მათ შორის, მუქარის სახითაც. `მუქარა~ სუბიექტურია და ყოველდღიური გაგებით, სინამდვილეში, გამოწვევას წარმოადგენს.

Untitled-1




ბ) გამოწვევა საფრთხეს არ წარმოადგენს, თუ ობიექტის უსაფრთხოების სისტემას, რეალიზაციის შემთხვევაში, მისი მოიგერიება შეუძლია; საფრთხის არარსებობის მიუხედავად, სხვადასხვა დონის რისკი მაინც შეიძლება არსებობდეს (რაიმე მოვლენის ალბათობის დონე და ობიექტისათვის, ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, მისი შედეგების დასაშვები მნიშვნელობა)
გ) გამოწვევები თვითლიკვიდაციას განიცდიან, ილევიან, იცვლება გარემოებები, აღმოიფხვრებიან, მათ შორის, ობიექტის აქტიურობის შედეგად; ალბათობა, როგორც რისკის ნაწილი კონკრეტულ მომენტში ან არ არსებობს ან უმნიშვნელოა.

საფრთხე და მუქარა (მიზანშეწონილია მათი შედარებითი განხილვა)
საფრთხე – 1. სახიფათო; 2. რაიმე სახიფათოთი დამუქრების შესაძლებლობა, (ს. ი. ოჟეგოვი, მ. 1963 წ.).
მუქარა – საზოგადოებრივი ან პირადი ინტერესებისთვის ფიზიკური, მატერიალური თუ რაიმე სხვა სახის ზიანის მიყენების ნებისმიერი ფორმით გამოთქმული განზრახვა (საბჭოთა ენციკლოპედიური ლექსიკონი, მ. 1988 წ.).
მუქარა – შეშინება, ვინმესთვის ზიანის მიყენების განზრახვა. შესაძლო საფრთხე (ს. ი. ოჟეგოვი, მ. 1963 წ.).
მუქარის უსაფრთხოების კუთხით განსაზღვრება შეიძლება წარმოებულ იქნას უსაფრთხოების დეფინიციისგან – შიდა და გარე საფრთხეებისგან პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დაცულობის მდგომარეობა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები – ესაა მოთხოვნილებათა ერთობლიობა, რომელთა დაკმაყოფილებაც საიმედოდ უზრუნველყოფს პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს არსებობას და პროგრესულად განვითარების შესაძლებლობას.
სტატიაში `კათედრის კონცეპტუალური მიდგომა `ეკონომიკური უსაფრთხოების~ თეორიული კატეგორიებისადმი~ აღნიშნულია, რომ ბევრგვარი ფორმულირების მიუხედავად, `...როგორც ცნების, კატეგორიის შესახებ, სპეციალისტებს შორის უსაფრთხოების მსგავსი განმარტებები არსებობს – როგორც სუბიექტის მდგომარეობა, რომელშიც შიდა და გარე ფაქტორების მხრიდან ნეგატიური და დესტრუქციული ზემოქმედების აღმოფხვრის, მინიმიზაციის, ნეიტრალიზაციის ან ლიკვიდაციის საშუალებით, ხდება სუბიექტის სიცოცხლისუნარიანობის, სტაბილურობის, ასევე მისი წინსვლითი განვითარების უზრუნველყოფა~.
მ. გაცკოს (მიმომხილველი. სამხედრო-პოლიტიკური პრობლემები. `ცნებების `მუქარა~ და `საფრთხე~ შედარება~) აზრით, მუქარის რეალიზაციის ობიექტური შესაძლებლობის ქონის გარდა, აუცილებელია, პოლიტიკის ერთ სუბიექტს პოლიტიკის მეორე სუბიექტის ამა თუ იმ ინტერესებისთვის ზიანის მიყენების სურვილი/განზრახვა ჰქონდეს, ამის გარეშე მუქარა რეალური არ იქნება. ამიტომაც მუქარა ორი კომპონენტის – ზიანის მიყენების სუბიექტური სურვილისა და ობიექტური შესაძლებლობის ერთობლიობაა. ცნება მუქარა აზრობრივად ცნება საფრთხესთან მეტად ახლოსაა. მიუხედავად ამ სიახლოვისა და ერთსახოვნებისა, მ. გაცკო მათ შორის რიგ სხვაობებს გამოყოფს.
პირველ რიგში, მუქარას საფრთხისგან ზიანის მიყენებისათვის მზადყოფნის დონე განასხვავებს. მუქარა – ესაა დაპირისპირების უკიდურესი გამძაფრების სტადია, უშუალო წინაკონფლიქტური მდგომარეობა, როდესაც პოლიტიკის ერთი სუბიექტის მხრიდან, მეორე კონკრეტულ ობიექტთან მიმართებაში, თავისი პოლიტიკური თუ სხვა მიზნების მისაღწევად, ძალის გამოყენების მზადყოფნაა სახეზე. საფრთხეს კი აღვიქვამთ, როგორც დაპირისპირების დაწყებისა და გამძაფრების სტადიას, როდესაც პოლიტიკის ერთ-ერთი სუბიექტი თავისი ინტერესებისათვის ძალის გამოსაყენებლად ჯერ მზად არ არის, თუმცა, პოტენციურად ამის გაკეთება შეუძლია.
მეორეც, მუქარა უნდა მოიცავდეს ორ კომპონენტს – უსაფრთხოების ინტერესებისთვის ზიანის მიყენების განზრახვასა და შესაძლებლობას, საფრთხე კი მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტის არსებობით შემოიფარგლება. სქემატურად ეს განსხვავება ცხრილი #1-ის სახით შეიძლება ჩამოყალიბდეს:



მესამე, მუქარა ყოველთვის პერსონიციფიცრებულ, კონკრეტულად მიმართულ ხასიათს ატარებს, რაც გულისხმობს მუქარის აშკარა სუბიექტისა (წყაროს) და ობიექტის არსებობას, რომლის წინააღმდეგაც სუბიექტის ქმედებაა მიმართული. მუქარისგან განსხვავებით, საფრთხეს ჰიპოთეტური ხასიათი აქვს, მისი სუბიექტი და ობიექტი აშკარად გამოხატული არ არის (ალბათ გაცილებით მიზანშეწონილი იქნებოდა, გვეთქვა, რომ სუბიექტი და ობიექტი შესაძლოა აშკარად გამოხატული არც იყოს; ავტ.).
მეოთხე, საფრთხე მოიცავს ამა თუ იმ ინტერესისთვის ზიანის მიყენების პოტენციურ მუქარას, რომლის რეალიზაციისათვის შესაბამისი პირობების შექმნაა აუცილებელი (შესაძლებლობების დაგროვება და განზრახვის ფორმირება), მუქარა კი ზიანის მიყენების უშუალო შესაძლებლობაა, რომლის განხორციელების დაწყებამდეც მას მხოლოდ გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო დროის ინტერვალი აშორებს.  
ცნებების `მუქარა~ და `საფრთხე~ არსებითი განსხვავებების გაანალიზების შემდეგ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უსაფრთხოების ინტერესებისთვის მუქარა (განზრახვა - შესაძლებლობა) არის პოლიტიკის ერთ-ერთი სუბიექტის მზადყოფნა ზიანი მიაყენოს მეორე სუბიექტის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებს, მათ შორის შექმნილი დაპირისპირების მოგვარებისა და ცალმხრივი უპირატესობის მოპოვების მიზნით.
მ. გაცკოს (მიმომხილველი. სამხედრო-პოლიტიკური პრობლემები. `ცნებების `მუქარა~ და `საფრთხე~ შედარება~) შემოთავაზებული ასეთი კლასიფიკაცია, განსახილველი პრობლემის გადასაწყვეტად მისაღებია, თუმცა, ზოგიერთ მომენტს მაინც შეიძლება შევეხოთ.
პირველ რიგში, მიუხედავად მუქარისა და საფრთხის ცნებებს შორის ჩამოთვლილი განსხვავებებისა და ცხრილში მუქარის დამოუკიდებელ კატეგორიად `მოვლენის~ გამოყოფისა, მუქარა შეგვიძლია საფრთხის ერთგვარ დონედ, სტადიად განვიხილოთ. ამ ცხრილიდან გამომდინარე, მუქარა ფაქტობრივად საფრთხეა, რომელშიც ორივე (განზრახვა, შესაძლებლობა) კომპონენტი იგულისხმება, სამ ჩამოთვლილთან ერთად, საფრთხის მეოთხე `დონე~, რომელიც `ზიანის მიყენების მზადყოფნის~ სხვადასხვა ხარისხით ხასიათდება.
შეგვიძლია, მოყვანილი კომპონენტების მეტი დეტალიზებაც მოვახდინოთ ან ახლები დავამატოთ. კერძოდ, `განზრახვას (სურვილს)~ (მ. გაცკოს მიხედვით) შეიძლება დავამატოთ, მაგალითად, `გარემოება~, `ვალდებულება~ (პირობითი), რომლებიც გარკვეულ პირობებში შეიძლება სურვილს ჩაენაცვლონ ან დამოუკიდებელი ელემენტის სახითაც გამოვიდნენ. განზრახვისა და სურვილის გამიჯვნაც შეიძლება. შეიძლება კომპონენტის `შესაძლებლობის~ დეტალიზებაც მოვახდინოთ (სუბიექტის, ობიექტის შესაძლებლობები, მათი საკმარისობა, შესაბამისობა, კატეგორიები: მატერიალური, ფინანსური, ინტელექტუალური, ადამიანური და ა.შ.).
შეიძლება არ იყოს სურვილი, მაგრამ არსებობდეს განზრახვა, შეიძლება არ არსებობდეს არც სურვილი და არც განზრახვა, მაგრამ იყოს აუცილებლობა (მაგალითად, სხვადასხვა სახის ვალდებულებები). ობიექტი (აგრესიის) სუბიექტის სახით ვინმე მონაწილეს შეიძლება არც განიხილავდეს, მაგრამ ობიექტისათვის საფრთხედ, შესაძლოა, გარემოებები და ვალდებულებები გადაიქცეს. ამრიგად, სუბიექტს უშუალო განზრახვები შეიძლება არც ჰქონდეს, მაგრამ ობიექტისთვის საფრთხის დონე მაინც მაღალი იყოს.
დასაშვებია, იგივე შესაძლებლობებთან დაკავშირებითაც მოხდეს. სუბიექტი აგრესიისათვის საკმარის შესაძლებლობებს იქნებ არც ფლობდეს, მაგრამ, როგორც პრაქტიკაში ხშირად ხდება, მას სხვისი შესაძლებლობების მოზიდვისა და გამოყენების საშუალება აქვს (ვალდებულებები, პროვოკაცია და ა.შ.), ამასთან, სხვისი სურვილებისა და განზრახვების არად ჩაგდების ფონზე.
აქ შეგვიძლია გამოვთქვათ მოსაზრება, რომ ასეთ შემთხვევაში წარმოიშობა მეორე სუბიექტი, რომლის მიმართაც განცალკევებული კლასიფიკაციის გამოყენება შეგვიძლია, მაგრამ პრობლემა სწორედ ისაა, რომ პირველის გარეშე მეორის სუბიექტად იდენტიფიკაცია, მისი წარმოშობა, აღმოჩენა შეუძლებელია. სხვა სიტყვებით, თუ ობიექტის განხილული ძირითადი (პირველი) სუბიექტი, რომელიმე კომპონენტის არარსებობის გამო, რეალურ საფრთხედ არ აღიქმება და ის ნაკლებად ალბათურად ფასდება, ერთი შეხედვით, სხვა მონაწილეების ძებნის აუცილებლობა არც არის.
კომპონენტ `შესაძლებლობას~ შეგვიძლია დავუმატოთ `მოკავშირეები~, `თანამოაზრეები~, `პროვოცირებულნი~ და ა.შ. სხვათა შორის, ცნებები სუბიექტი და ობიექტიც არ არის ერთმნიშვნელოვანი, ისინი შეიძლება ტრანსფორმირდნენ, ერთმანეთში `გადაიზილონ~, მათ, ზემოთჩამოთვლილებთან ერთად, შეიძლება დაემატოს `დაინტერესებული~, `ჭეშმარიტი~ და სხვა მონაწილეები. ბოლოს და ბოლოს, ელემენტთა, კომპონენტთა მთელი ეს მასა შეიძლება გავშალოთ დროში, განვიხილოთ მათი ურთიერთკავშირი ფორმირების, საფრთხის აქტუალიზაციის სხვადასხვა ეტაპებსა და სტადიებზე.
თუმცა, ამ ყველაფრით, ჩვენ საფრთხისა და მუქარის აღქმას ნათელს ვერ მოვფენთ, პირიქით, გავართულებთ მას. ამიტომ კვლევის ინტერესებისთვის ზიანის მიყენების გარეშე ვისარგებლებთ მ. გაცკოს შემოთავაზებული კლასიფიკაციით და მუქარას წარმოვადგენთ, როგორც საფრთხის განსაზღვრულ სტადიას, რომელსაც, როგორც მის სხვა სტადიებს, საკუთარი განმასხვავებელი შტრიხები აქვს.
საფრთხე – ესაა `პოტენციალი~, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენება შეუძლია, ეს ისაა, რაც ობიექტს რისკის წინაშე აყენებს.
უსაფრთხოების თეორია საფრთხეების კლასიფიკაციას შემდეგი კრიტერიუმებით ახდენს:  
- ობიექტის, სუბიექტის, ზიანის, ობიექტისადმი დამიკიდებულების, წარმოშობის ალბათობის, ზემოქმედების ხასიათის, წარმოშობის მიზეზების მიხედვით.
ბევრ კონცეფციაში ჩამოთვლილია ეროვნული უსაფრთხოების მუქარები სხვადასხვა სფეროში, ამასთან, ყოველი მათგანი მუქარის როლში თვითმკმარია. თითოეული მათგანის ასი პროცენტით რეალიზებამ ეროვნულ უსაფრთხოებას გამოუსწორებელი ზიანი შეიძლება მიაყენოს. მაგრამ არ არსებობს განმარტება, თუ რას წარმოადგენს რეალიზაციის დაბალი დონის მქონე მუქარათა ერთობლიობა, მათი როგორი კომბინაცია და შეხამება შეიძლება გახდეს კრიტიკული ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით.  
ამ პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ეროვნული უსაფრთხოებისთვის მუქარების დროული გამოვლენა და იდენტიფიკაცია იძენს, რის ერთ-ერთ მეთოდადაც საინფორმაციო ველის მონიტორინგს განვიხილავთ. 


საინფორმაციო ველის მონიტორინგი

Untitled-1


1. მონიტორინგი, როგორც სოციალური შემეცნების მეთოდი
ეროვნული უსაფრთხოების შესწავლისას ანალიტიკური მუშაობის მეთოდებსა და ხერხებს გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება.
ამ კვლევებში ძირითადი ეროვნული უსაფრთხოების მუქარათა (რისკების, გამოწვევების, საფრთხეების) განსაზღვრა, მათი აღმოფხვრის, ლოკალიზაციის და შედეგების მინიმიზაციის მეთოდებია.
დასმულ კითხვებზე პასუხის მიღების შემდეგ, განსაკუთრებული პრაქტიკული მნიშვნელობა, არსებული მუქარების მდგომარეობისა და განვითარების, ახლების ფორმირების, მათი იდენტიფიკაციის, მათ შორის, ალბათობის, ვადებისა და რეალიზაციის შესაძლო ფორმების, ინტენსიურობის, შედეგების ხასიათისა და სხვ. თვალყურის დევნებისაკენ მიმართულ ღონისძიებებს ენიჭება.   
მართალია, ბევრი რამ, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, პრაქტიკულად, ყველა ტიპისა და ხასიათის, როგორც გარე, ისე შიდა მუქარასთან მიმართებაში მართებულია, გადმოცემის გაიოლებისთვის მაგალითის სახით განვიხილავთ მუქარას, როგორც შესაძლო აგრესიას, ხოლო მონაწილეთა როლში, პოლიტიკის სუბიექტებს: აგრესიის ქვეყანა-სუბიექტებს და ქვეყანა-ობიექტებს.
შემთხვევათა უმრავლესობაში თვალყურის დევნება საინფორმაციო ველის მონიტორინგის დროს შეიძლება განხორციელდეს. ამისათვის აუცილებელია მონიტორინგის მიზანი, საგანი, გარემო და ინდიკატორები (რას, სად და როდის უნდა დავაკვირდეთ) ზუსტად ან ალბათობის მაღალი დონით განისაზღვროს.  
ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მონიტორინგის სისტემის ფორმირება მისი ძირითადი სახეობების (სფეროების) შესაბამისად უნდა მოხდეს, რაც, მთლიანობაში, საზოგადოების ცხოველქმედების მხარეთა საყოველთაოდ მიღებულ კლასიფიკაციას ემთხვევა – ეკონომიკური, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სამხედრო, სოციალური, სამართლებრივი, კულტურულ-სულიერი და ა.შ. სფეროები. მონიტორინგი, როგორც სოციალური შემეცნებისა და პროგნოზირების მეთოდი, წარმოადგენს ანალიტიკური მეთოდებისა და პროცედურათა ერთიანობას, რომლებიც უზრუნველყოფენ მაჩვენებელთა (მოდელები) მკაცრად შეზღუდულ სტანდარტულ ნაკრებზე რეგულარულ დაკვირვებას, დაფიქსირებას და კვლევას, შემდგომში საყოველთაოდ მიღებული მაჩვენებლებითა და ნორმატივებით მათ ანალიზთან და შეფასებასთან ერთად. (ლ. ვ. პევენი. `რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მონიტორინგის პრობლემები~).
მონიტორინგული კვლევების გამოყენება ყველაზე აქტუალურია ისეთი ობიექტების შესწავლისას, რომლებიც მასში მოქმედ ელემენტებს შორის კავშირებისა და ურთიერთობების რთულ სისტემას წარმოადგენენ. ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა სწორედ ასეთი რთული სისტემაა, რადგან მასში ადამიანის ცხოველქმედების პროცესების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს მდგომარეობის განმპირობებელი ფაქტორების ურთიერთქმედების შედეგები ვლინდება. მოცემული მონიტორინგი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრაქტიკულ მიზნებზე, მის მიმდინარე, შუალედურ და პერსპექტიულ პროგნოზირებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რათა დროულად მოხდეს ეროვნული უსაფრთხოების მუქარების განვითარების თავიდან აცილება და მათი პარირების გზების შემუშავება. (ლ.ვ. პევენი. `რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მონიტორინგის პრობლემები~).


2. კონტენტ-მონიტორინგი
მონიტორინგული კვლევების ძირითადი მეთოდი კონტენტ-ანალიზია. როგორც დასახელებიდან ჩანს, ესაა ტექსტის შინაარსის, ასევე ინფორმაციის წარმოდგენის ფორმების ანალიზი. კონტენტ-ანალიზს ორი განსხვავებული პოზიციიდან შეგვიძლია მივუდგეთ: მიმდინარე ანალიზისა და მისი რეალიზაციის ეტაპების კუთხით. პირველ მიდგომაში გამოიყოფა ორი სახეობა: რაოდენობრივი და ხარისხობრივი კონტენტ-ანალიზი. მეორე მიდგომაში კი რიგი ეტაპებია: მასალების შერჩევა, ანალიზის ერთეულის შერჩევა (რისი დათვლა უნდა მოხდეს), ერთეულთა დაანგარიშება და ბოლოს, შედეგების ინტერპრეტაცია. (ვ.ს. ჟიგულინი. `ინფორმაციის მონიტორინგი, საინფორმაციო მომსახურება და მისი რეალიზაციის მეთოდები~).
მონიტორინგთან კონტენტ-ანალიზის ამ კავშირს ექსპერტები კონტენტ-მონიტორინგს უწოდებენ, რომლის წარმოშობაც, პირველ რიგში, მუდმივად განახლებად საინფორმაციო გარემოში ტენდენციებსა და პროცესებზე სისტემური დაკვირვების ამოცანასთანაა დაკავშირებული.
კონტენტ-მონიტორინგი – ესაა საინფორმაციო ნაკადების შინაარსობრივი ანალიზი აუცილებელი ხარისხობრივი და რაოდენობრივი ჭრილების მისაღებად, რომლებიც დროის წინასწარ განუსაზღვრელი მონაკვეთის განმავლობაში მუდმივად იქმნება... კონტენტ-მონიტორინგის უმარტივესი სახით ფორმულირება შეიძლება, როგორც უწყვეტი საინფორმაციო ნაკადების მკაცრად შემოსაზღვრული ამოცანების მქონე კონტენტ-ანალიზის მუდმივი, დროში კვლავწარმოებითი განხორციელება. ხაზს ვუსვამთ, რომ კონტენტ-მონიტორინგის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი სწორედ შემავალი მონაცემების უწყვეტი, დროში კვლავწარმოებითი დამუშავების პროცესია. თავად კონტენტ-ანალიზი აქ მეთოდოლოგიური შემადგენლის როლს ასრულებს (დიმიტრი ლენდე, ანდრეი ლიტვინი. `თანამედროვე საინფორმაციო ნაკადების ფენომენი~, საინფორმაციო ცენტრი `ელვისტი~).
მონიტორინგი გულისხმობს აზომვის პარამეტრების განსაზღვრას, როგორც უშუალოდ მონიტორინგის ჩატარების, ისე ინფორმაციის ინტერპრეტაციისა და ანალიზის ყველა მეთოდის გამოყენებას. ეროვნული უსაფრთხოების მუქარების იდენტიფიკაციისათვის, საინფორმაციო ველების მონიტორინგის განხორციელებისას, აუცილებელია არა მხოლოდ აზომვების ჩატარება, არამედ სიტუაციის თუნდაც უმნიშვნელო ცვლილებების აღნიშვნა, მათი გამომწვევი ფაქტორების განსაზღვრა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დადგენა, ხომ არ არიან ისინი კონკრეტული მუქარის აქტუალიზაციით გამოწვეულნი. ერთი შეხედვით, ბოლო ორი თეზისი ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება, თუმცა, სინამდვილეში ეს ასე არაა. ერთი შეხედვით, ინფორმაცია მუქარას შეიძლება არც შეიცავდეს, მაგრამ მისი მუქარის კუთხით გაანალიზებისას, ინფორმაცია შესაძლოა მასთან თანაფარდობაში აღმოჩნდეს.

3. თანამედროვე საინფორმაციო ველების სპეციფიკა და ფენომენი
საინფორმაციო ველის მონიტორინგის მაგალითად განვიხილოთ ინფორმაციის ღია წყაროები, პირველ რიგში, მასმედია, ინტერნეტი.
ვ.ვ. დემიდოვს თავის წიგნში, ვ.ა. კირპიჩენკოს ინტერვიუზე (გამოქვეყნდა 2002 წლის 25 ოქტომბერს `წითელ ვარსკვლავში~) დაყრდნობით, შემდეგი ტექსტი მოჰყავს: `ამტკიცებენ, რომ მსოფლიოს სერიოზული დაზვერვის სამსახურები, რომლებიც რუსეთის თემაზე მუშაობენ, დილას `წითელი ვარსკვლავით~ იწყებენ, რომელიც სპეცსამსახურებსა და სამხედრო უწყებებში დღესაც ყველაზე ფართოდ კითხვად გაზეთად რჩება~ (ვ.ვ. დემიდოვი, `საინფორმაციო-ანალიტიკური საქმიანობა საერთაშორისო ურთიერთობებში~, ნოვოსიბირსკი, 2004 წ.).
იქვე ვკითხულობთ, `საბჭოთა დაზვერვის სისტემის ერთ-ერთი მკვლევარი რ. ჰილსმენი ამტკიცებდა კიდეც, რომ კრემლი აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის `ვერბოვკასა~ და `ნიუ-იორკ ტაიმსის~ ერთწლიანი ხელმოწერის არჩევნის წინაშე რომ დაეყენებინათ, ის გაზეთს აირჩევდა~.  
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ინტერნეტის ქსელში დღის განმავლობაში გამოქვეყნებული ახალი ამბის შემცველი ცნობების რიცხვი მილიონს აღწევს. ახალი ამბების უმსხვილესი ქსელური ინტეგრატორები, ყოველდღიურად ათობით ათას ცნობას ამუშავებენ. ინფორმაციის წარმოების ტემპის მკვეთრმა ზრდამ რიგი პრობლემები წარმოშვა:
-    `საინფორმაციო ხმაურის~ არაპროპორციული ზრდა ინფორმაციის დაბალი სტრუქტურირებულობის ფონზე;
-    პარაზიტული ინფორმაციების გაჩენა (არამოთხოვნადი, არასანქცირებული `დანართების~ სახით მიღებული ცნობები);
-    ფორმალურად რელევანტური (საქმესთან დაკავშირებული, თავისდროული) ინფორმაციის შეუსაბამობა არსებულ მოთხოვნილებებთან;
-    ინფორმაციის მრავალჯერადი დუბლირება (ტიპური მაგალითი – სხვადასხვა გამოცემებში გამოქვეყნებული ერთი და იგივე ცნობა) (დიმიტრი ლენდე, ანდრეი ლიტვინი. `თანამედროვე საინფორმაციო ნაკადების ფენომენი~, საინფორმაციო ცენტრი `ელვისტი~).
ძალიან ხშირად სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემები მრავალჯერადად დუბლირდება. ამიტომაც დამუშავებული წყაროების უბრალოდ რაოდენობრივი ზრდა მხოლოდ ანალიტიკოსის გადატვირთვას გამოიწვევს, მუშაობის ხარისხობრივი შედეგების გაუმჯობესების გარეშე. დამუშავებულ საინფორმაციო მასივებში ინფორმაციული ხმაურის სიჭარბესთან დაკავშირებული სიტუაცია, საინფორმაციო შიმშილზე გაცილებით სახიფათოა. მაგალითად, სპეციალიზებული ორგანიზაციები ერთ პრობლემასთან დაკავშირებული ყოველდღიური, შეფასებითი თვალსაზრისით ერთგვერდიანი მოცულობის ცნობის შექმნისთვის, დაახლოებით 7 მლნ სიტყვის მოცულობის საინფორმაციო მასივს ამუშავებენ (ა.ი. დორონინი, `ბიზნეს-დაზვერვა~).  
მუქარათა მონიტორინგის ჩატარება აუცილებელია მუდმივად და ტოტალურად ყველა მიმართულებით და შეძლებისდაგვარად, ყველა საინფორმაციო ველის მაქსიმალური მოცვით. ეს მეთოდი გარკვეულ შედეგებს უდავოდ მოგვცემს. მაგრამ დამუშავებას, ანალიზსა და მონიტორინგს დაქვემდებარებული ინფორმაციის კოლოსალური მოცულობის გათვალისწინებით, მუქარის აქტუალიზაციის სუფთა სახით და დროულად გამოვლენა, მაინც ძალზე გართულებულია. სახეზეა მთელი ინფორმაციის ხარისხიანად დამუშავების მცირედსავარაუდო, თუ არა უტოპიური დონე. დროის ყოველ ერთეულში კვლავწარმოვდება გაცილებით მეტი ინფორმაცია, ვიდრე რეალურად დამუშავება, ანუ ერთიანი ხმაურიდან, ნაგვიდან გამორიცხვა, ინტერპრეტირება და გაანალიზებაა შესაძლებელი. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყოველი ანალიზი ესეც ახალი ინფორმაციაა, ახალი დოკუმენტი, რომელიც, თავის მხრივ, უკვე დროის მომდევნო ერთეულში შემოსულ ინფორმაციასთან ერთად გაანალიზებას ან თუნდაც ხელახლა გააზრებას ექვემდებარება. ეს ერთგვარი ჯაჭვური რეაქციაა.
ამასთან, შეუძლებელია ამ პრობლემის მხოლოდ მექანიკური გზით გადაწყვეტა, მაგალითად, ანალიტიკოსთა (ოპერატორთა) რიცხვის გაზრდით.
ყოველდღიურად 15-20 ათასი დოკუმენტისგან შემდგარი საინფორმაციო ნაკადიდან ანალიტიკოსს დღეში მხოლოდ 300-500 დოკუმენტის დამუშავება შეუძლია (მ. მაკსტენეკი, `საინფორმაციო ველის ანალიზის, დაკვირვებისა და პროგნოზირების ინსტრუმენტული სისტემა~, ჟურნალი `4P~, 02/2006, წწწ.4პ.რუ; სიმართლე რომ ითქვას, ავტორს ეს ციფრიც საეჭვოდ ეჩვენება; ანალიზზე რომ აღარაფერი ითქვას, მისი პრაქტიკიდან გამომდინარე, დოკუმენტთა ამ რაოდენობაზე უბრალოდ თვალის გადავლებაც კი შეუძლებელია, რა ტიპის დოკუმენტებთანაც უნდა გვქონდეს საქმე).
შეიძლება ოპერატორებს შორის მთელი საინფორმაციო ველის ცალკეული ნიშნებით დანაწილება, რომელთაგანაც თითოეული საკუთარ `ანალიზს~ მოამზადებს, მაგრამ აქ უკვე ამ ცალკეული, დისკრეტული, ფრაგმენტული და ერთმანეთთან დაუკავშირებელი ანალიზების პრობლემა იქმნება. ანალიზის საგანი, გვინდა თუ არა ეს, დანაწევრდება, რისი ალბათობაც ასეთი დაყოფის შედეგად მაღალია (თუ სამუშაოს მთელი მოცულობის ისე დანაწილების შესაძლებლობა გვექნებოდა, რომ ანალიზის მთელი საგანი, პირობითად, ერთ ოპერატორთან აღმოჩენილიყო, ასეთი პრობლემა არც იარსებებდა). ყოველი ანალიტიკოსი იძულებული გახდება მასთან მოხვედრილი ფრაგმენტის დეტალები გააანალიზოს, ამასთან, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, იგი ვერ შეძლებს პრიორიტეტის თვალსაზრისით უმნიშვნელო, სუსტად დაკავშირებულ ან პრობლემასთან საერთოდ კავშირის არმქონე დანარჩენ დეტალებთან მის იდენტიფიცირებას. ამასთან ერთად, ყველა არსებითი, ძლიერი და პირველ რიგში, მნიშვნელოვანი კავშირები `ოპერატორებს შორის~ დაიკარგება. როგორია ალბათობა იმისა, რომ ანალიტიკოსთან `თვითნებურად~ მოხვედრილი დეტალების მთელი სიმრავლიდან, იგი სწორედ ამ ფრაგმენტის შემადგენელ ნაწილებს ამოარჩევს? როგორც წესი, ანალიტიკოსი, რომლის ამოცანაც მის ხელთ არსებული მთელი ინფორმაციისა და მათი ურთიერთკავშირის ანალიზია, დეტალებიდან `ერთიან სურათს~ ადგენს. ამიტომაც, ალბათ, ეს არა (ანალიტიკოსთა) რაოდენობის, არამედ დროის პრობლემაა.
დღეისათვის არსებული ინფორმაციული ტექნოლოგიები პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას, ჯერჯერობით, ვერ გვაძლევს, თუმცა, ერთი მხრივ, მას მნიშვნელოვნად ამსუბუქებს, მეორე მხრივ კი, ანალიტიკოსებს სხვა სახის პრობლემებს უქმნის. ციფრებით, ალგორითმებით, უნიფიცირებული მეთოდებით და ა.შ. ოპერირებისას ოპერატორის ხელთ აღმოჩნდება შავ-თეთრი მასალა, სიცოცხლეს მოკლებული, სტატისტიკასთან (დიდი მიახლოებით) გათანაბრებული მონაცემები. `ტექნოლოგიას~ ნაკლებად შეუძლია გაიგოს, ერთ დღეს წარმატებული მუშაობისათვის დაჯილდოვებული სახელმწიფო მოხელე, როგორ შეიძლება, მეორე დღეს დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლონ; ერთი სიცოცხლის გადასარჩენად როგორ შეიძლება სამის გაწირვა; როგორ აღმოიფხვრება კონფლიქტი მისი პროვოცირების შემდეგ; დაზავებამ როგორ შეიძლება გამოიწვიოს ესკალაცია; კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილე როგორ შეიძლება გამოდიოდეს მისი მოგვარების დროს შუამავლის როლში და ა.შ. რასაკვირველია, შეიძლება `მანქანის~ მომარაგება პრეცედენტთა ნაკრებით, ქცევის მოდელებით, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში გადაწყვეტილებებს ადამიანები იღებენ და როგორც ცნობილია, ისინი სხვის შეცდომებზე ძალზე იშვიათად სწავლობენ. (ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მოსაზრება ავტორის სუბიექტური აზრია და შესაძლოა, არც მთლად კორექტული).
ინფორმაცია, კომპიუტერული დამუშავებისა და შენახვის თავისებურებების კუთხით, შეგვიძლია პირობითად ანალოგურად და დისკრეტულად (`ანალიტიკოსის იარაღები~) დავყოთ. ანალოგური ინფორმაციის მაგალითებია გეოგრაფიული რუკები, ნაბეჭდი ტექსტის ნიმუშები, ფოტოგრაფიები, ნახაზები, ვიდეოხაზები, ხმები და მათი შეხამებები. დისკრეტულ ინფორმაციას მიეკუთვნება ტექსტები და ციფრული მონაცემები. ტექსტებისგან განსხვავებით, ციფრები ერთმნიშვნელოვანი, მანიპულირებისა და შენახვისათვის მოსახერხებელი მონაცემებია. ტექსტებთან დაკავშირებით კი სიტუაცია გაცილებით რთულია. არაერთმნიშვნელოვანია უკვე სიტყვა (ტერმინი), ტექსტზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მისი აღქმა არაზუსტი ამოცანაა, რომელიც მხოლოდ ადამიანს ხელეწიფება. ტექსტიდან აზრის ავტომატურად გამოყოფა (ე.წ. სემანტიკური ანალიზი) თეორიულად გადაუჭრელი ამოცანაა... ჩამოთვლილთაგან, ტექსტი ყველაზე ხშირად გამოყენებული (მთელი შემოსული დისკრეტული ინფორმაციის 95%-ზე მეტი), შინაარსობრივად ტევადი და კომპიუტერული დამუშავების თვალსაზრისით ყველაზე რთულია.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ტოტალური ანალიზი შესაძლებელია და ნაყოფიერიც. აქ ინფორმაციული ველების სკანირებაზე საუბარი გაცილებით მიზანშეწონილი იქნება, ამასთან, ინდიკატორებად ალბათ უკვე აშკარად გამოხატული მუქარა ან მისი აქტუალიზაციის პროცესი უნდა გამოვიყენოთ. უფრო ადრეული ეტაპებისთვის დამახასიათებელი მომენტია, რომ ეროვნული უსაფრთხოებისთვის მეტისმეტად მნიშვნელოვან საკითხებში, დროის მუდმივი დეფიციტის პირობებში, დეტალები ანალიტიკოსების თვალსაწიერში შეიძლება არ მოხვდეს ან ფაქტობრივი მასალის უკმარისობის, რეალური მუქარის შეგრძნების გამო, შესაძლოა არასწორად იქნას იდენტიფიცირებული.
ამ ნაშრომში ავტორის მოყვანილი ღონისძიებები, მეთოდები, შტრიხები არ არის სრული, დასრულებული ჩამონათვალი მკაცრი იერარქიით, ესაა მონიტორინგის ორგანიზაციის საკითხებისადმი მიდგომის მაგალითები. შესაძლო მუქარის, გამოწვევების, საინფორმაციო ველში მათი გამოჩენის ხასიათის მრავალფეროვნების გამო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ანალიტიკოსის ამოცანა, სიტუაციისა და მისი განვითარების გარემოებათა ცოდნის გათვალისწინებით, მოცემული შემთხვევისათვის ანალიზის ინსტრუმენტების მაქსიმალურად ეფექტურად შერჩევა, შესაძლოა, სხვადასხვაგვარი იყოს.

პრაქტიკული ხერხები და პროცედურები, რომლებიც მონიტორინგისა და ანალიზის პროდუქტიულობის ამაღლების საშუალებას იძლევა
ზემოთჩამოთვლილი პრობლემების მოგვარების ან მათი ზემოქმედების შედეგების შესამსუბუქებლად, ავტორის აზრით, შემდეგი ზომები უნდა გავატაროთ:  
1.    საინფორმაციო ველის `შეკვეცა~
2.    ინდიკატორების სისტემის შექმნა
3.    მუქარის განხორციელების სცენარი
4.    მეორადი და ირიბი ნიშნების სისტემის შემუშავება
5.    ინტერპრეტაცია და პროგნოზები
6.    ანალიზის `ორმხრივად~ მიმართვა
7.    ანალიზის `დანაწევრება~
8.    საინფორმაციო ველში `დეზინფორმაციის~ გამოვლენა და მისი ანალიზი
9.    საინფორმაციო ველში საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ზემოქმედების განხორციელების ნიშნების გამოვლენა.


1. საინფორმაციო ველის `შეკვეცა~
აუცილებელია ვცადოთ საინფორმაციო ველის `შეკვეცა~, მისი პრობლემის სათანადოდ `სტრუქტურირება~, შესაბამისი `ფილტრების, საზღვრების~ დადგენა, რომლებიც კვლევის ობიექტთან კავშირის არმქონე ინფორმაციის იგნორირებისა და წინასწარი ანალიზის განხორციელებისთვის გამოსადეგ მონაცემებზე კონცენტრირების საშუალებას მოგვცემს (აუცილებლობის შემთხვევაში, ზოგიერთ `უკუგდებულ~ ინფორმაციას შეიძლება დავუბრუნდეთ კიდეც. წინასწარი ანალიზის შედეგებისა და აგებული ჰიპოთეზების პრიზმაში ეს, შესაძლოა, სასარგებლოც იყოს).
მთავარია გვახსოვდეს, რომ ინფორმაციის მოცულობამ მისი ანალიზის შესაძლებლობა უნდა მოგვცეს და არა ხელი შეგვიშალოს.
საინფორმაციო ველების დიაგნოსტიკა, გამოსაკვლევი ამოცანების კუთხით, საშუალებას მოგვცემს შევამციროთ ის, შევკვეცოთ, უფრო მოსახერხებელი გავხადოთ მონიტორინგის განხორციელებისათვის, რითიც შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა მოგვეცემა:
1.1.    ინფორმაციის რა ნაკადები ახდენენ ველის ფორმირებასა და ჩამოყალიბებას.
1.2.    რა, როგორ და რა დონით არის მასში ორგანიზებული.
1.3.    რას ან ვის შეუძლია ველის შიდა, მათ შორის, დროებით ორგანიზებაზე გავლენის მოხდენა.
1.4.    როგორ არის ორგანიზებული ველი ელემენტებს შორის ურთიერთკავშირის კუთხით.
1.5.    რომელ წყაროებს აქვთ ველის სისტემური წარმოქმნის, ფორმირების უნარი, რომელი მათგანი ფლობს დიდ კუთრ `ავტორიტეტულ~ წონას.
1.6.    ნაკადების ინფორმაციული დატვირთულობა.
1.7.    როგორ არის ფორმირებული ველი კონკრეტულ აუდიტორიებზე (მონაწილე ქვეყნებზე, სხვადასხვა პოლიტიკურ, სოციალურ ჯგუფებზე...) ზემოქმედების თვალსაზრისით.
1.8.    რა ინფორმაციული ნაკადები და მათი რომელი სეგმენტები შეიძლება გამოიყენოს კონკრეტულმა სუბიექტებმა მასთვის მომგებიანი ინფორმაციის კონკრეტულ ობიექტებამდე მისატანად (ამ დამოუკიდებელი, `ინდივიდუალური~ კომუნიკაციის წყაროს, ადრესატის, ცნობათა ხასიათის გათვალისწინებით).
1.9.    რომელი წყაროები და კომუნიკაციები შეიძლება გამოიყენოს აგრესიის სუბიექტმა.  
1.10.    რომელ ნაკადებში შეიძლება აისახოს საკვლევი სფეროები, პრობლემები, თემები.
1.11.    რა ნიშნებითა და პარამეტრებით ხასიათდება საინფორმაციო ველი `მშვიდ~ (წონასწორობის) მდგომარეობაში. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ საინფორმაციო ველი მუდმივად ითვალისწინებს ამა თუ იმ მუქარის გამოვლინებას, საინფორმაციო ომებს და ა.შ., ამიტომ წონასწორობის მდგომარეობა მეტად პირობითი ცნებაა. ამ ინტერესის გათვალისწინებით, ველის დაძაბულობის აფეთქებებიც იქნება ნაჩვენები. რომელი მუქარების აქტუალიზაცია როგორ მოქმედებს იმ ველის მდგომარეობაზე, სადაც ისინი წარმოიშობა.
1.12.    რა მუქარები შეიძლება გენერირდეს და წარმოიშვას თავად ველის მიერ, როგორ შეიძლება მათი იდენტიფიკაცია, როგორ იმოქმედებს ეს მონაწილეებზე და შესაძლებელია თუ არა მუქარების აქტუალიზაციის პროვოცირება (როგორ აისახება კომუნიკაციის `აღგზნება~ კომუნიკაციის ობიექტებზე).
1.13.    როგორია ინფორმაციისა და ხმაურის პროცენტული თანაფარდობა ყოველი მიმართულებით, ინტერესების სფეროში, თემატიკასა და პრობლემაში.
1.14.    რომელ წყაროსა და კომუნიკაციას ანიჭებენ უპირატესობას აგრესიის სუბიექტები.
1.15.    საინფორმაციო ველში სუბიექტების ქცევის თავისებურებები, დამუშავებული სქემები, ტრადიციები, ალგორითმები.
1.16.    როგორ რეაგირებს ველი ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებული ახალი მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემოტანაზე, რა არხებით, სიჩქარით და მიმართულებებით მიმდინარეობს გავრცელება, რომელი წყაროებია ამუშავებული, როგორი ფონი და რეზონანსი იქმნება, ხორციელდება თუ არა დუბლირება, რითი და როგორ იზრდება ინფორმაცია და ა.შ. (საცდელი ბურთები).
1.17.    რეზონატორის რა მახასიათებლები აქვს ველს, როგორი საინფორმაციო ექო იქმნება მასში, როგორ გავარჩიოთ ინფორმაცია ექოსგან და ექოს მიხედვით როგორ აღვადგინოთ ინფორმაცია.
1.18.    მონაწილეთა უნარი არსებითი გავლენა მოახდინონ ველის პარამეტრებზე, მახასიათებლებსა და მის შინაარსზე; რა პარამეტრებზე და რა საშუალებებით.
1.19.    ველის უნარი, გავლენა მოახდინოს მონაწილეებზე, და რითი შეიძლება ამ გავლენის გამოხატვა.
1.20.    თავად ველსა და მასში მონაწილეებს შორის პრიორიტეტებისა და იერარქიის დადგენა.
1.21.    მასივებისა და სეგმენტების, ასევე აშკარა ნაგვისა და ხმაურის გამოვლენა და განსაზღვრა, წინასწარი ანალიზის ჩატარებამდე მათი გამოხშირვა და შემდეგ, აუცილებლობის შემთხვევაში, მათთან ანალიზის შედეგების პოზიციიდან დაბრუნება.
1.22.    როგორ ხდება მონაწილეთა ჩართვა საინფორმაციო ველში, ნაკადებში, რისი მეშვეობით, რა მონაკვეთებში, იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი ველის ფორმირებაში არ მონაწილეობენ.
და ა.შ.


2. ინდიკატორების სისტემის შექმნა
აქ იგულისხმება კვლევისა და ანალიზის ინსტრუმენტების, ასევე პროგნოზების, სცენარების, სიტუაციის განვითარების კანონზომიერების გათვალისწინებით ინდიკატორების შერჩევა და დალაგება. ამ ეტაპზე ჩვენ სცენარი არა მხოლოდ სიტუაციის განვითარების წინასწარ განსაზღვრისთვის გვაინტერესებს, არამედ, პირველ რიგში, იმისათვის, რომ ჩამოვაყალიბოთ, მისი განვითარების შემთხვევაში, სად ვეძებოთ ამის ნიშნები, მათ შორის, მეორადი და ირიბი.
ინდიკატორების სისტემის ფორმირებისთვის აუცილებელია თითოეული მუქარის სხვადასხვა კუთხით განხილვა:
2.1. როგორ, რისი მეშვეობით, სად შეიძლება გამოვლინდეს მუქარის (ჩვენი ვარაუდით) ჩასახვა, ფორმირება, აქტუალიზაცია და რეალიზაცია;
2.2. რა ღონისძიებები შეიძლება გაატაროს აგრესორმა, ყველა შესაძლო ეტაპზე, მუქარის შენიღბვისა და მიჩქმალვისათვის, მისგან ყურადღების გადასატანად ან პირიქით, დემონსტრაციისათვის; რაში შეიძლება ეს გამოვლინდეს და როგორი შეიძლება იყოს ნიღბის ჩამოცლის ნიშნები;
2.3. მუქარის რეალიზაციის დაწყებისათვის რა ღონისძიებები და რა მიმართულებით უნდა გაატაროს აგრესორმა.
2.4. ქვეყანა-აგრესორის შიდა და საგარეო პოლიტიკაში, ეკონომიკაში, სამხედრო, სოციალურ და ფინანსურ სფეროებში რა გარემოებები შეიძლება ახლდეს თან მუქარის განხორციელების პროცესს.
2.5. მუქარის აქტუალიზაციის პროცესში აგრესორის ხელისუფლების რომელი ორგანოების ჩართვაა აუცილებელი, შესაძლო ან სავარაუდო.
2.6. აგრესორის საქმიანობის რა სფეროებზე და როგორ შეიძლება აისახოს მუქარის აქტუალიზაცია.
2.7. ქვეყანა-აგრესორის ეროვნული უსაფრთხოების რისკები, საფრთხეები, როგორც გარე, ისე შიდა ხასიათის, პოტენციური კრიზისები (მათი სფეროები და მასშტაბები), რომლებიც მათგან ყურადღების გადატანის მიზნით, შესაძლოა ჩვენი საკვლევი მუქარების აქტუალიზაციის მიზეზად, წამაქეზებელ მოტივად იქცეს. (ხელისუფლების ინიციატივა, `მუქარა~, როგორც საკუთარი პრობლემების გადაწყვეტის ოპცია).
2.8. ქვეყანა-აგრესორის რომელმა შიდა ან მის საზღვრებს გარე პროცესებმა შეიძლება მოახდინოს მუქარის აქტუალიზაციის პროვოცირება. (ხელისუფლების პროვოკაცია).
2.9. ქვეყანა-ობიექტში მიმდინარე რა პროცესებმა შეიძლება მოახდინოს პროვოცირება ან შეიძლება გამოყენებულ იქნან აგრესორის მიერ მუქარის აქტუალიზაციის საბაბად.
2.10. რა არის მუქარის ჭეშმარიტი, ასევე დეკლარირებული მიზეზი. დაპირისპირებათა ხასიათი, მიზეზები, მასშტაბები, მნიშვნელობა.
2.11. დგამს თუ არა აგრესორი დაპირისპირების მოგვარების მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს, აქვს თუ არა მას მათი გადაწყვეტის რეალური შესაძლებლობა და სურვილი.
2.12.  როგორია ქვეყანა-აგრესორში პოლიტიკური პროცესების მონაწილეთა პოზიცია მუქარის შესაძლო რეალიზაციასთან დაკავშირებით, ამ პროცესებზე ზემოქმედების დონე და სად და როგორ შეიძლება ის გამოვლინდეს.
2.13. დასაშვებია თუ არა მუქარის რეალიზაციით დაინტერესებული მესამე მხარის არსებობა.
2.14. როგორი შეიძლება იყოს მონაწილეთა მომხრეების განლაგება. (ხშირად აუცილებელი ინფორმაციის მიღება არა აგრესიის სუბიექტის, არამედ მისი მომხრეებისგანაა შესაძლებელი, რადგან ისინი ნაკლებ `სიფხიზლეს~ იჩენენ).
2.15. მესამე მხარის (ქვეყნის, ბლოკის, კავშირის, საერთაშორისო, რეგიონული ორგანიზაციების, ხელშეკრულებების და ა.შ.) წინაშე აღებულმა რა ვალდებულებამ შეიძლება უბიძგოს, აიძულოს აგრესორი მოახდინოს მუქარის აქტუალიზაცია.
და ა.შ.


3. მუქარის განხორციელების სცენარი
მუქარების კვლევა, როგორც წესი, მხოლოდ მათი გამოვლენით, განსაზღვრით, მათი ხასიათის დადგენით შემოიფარგლება, ხოლო მისი რეალიზაციის შესაძლო ფორმებსა და მეთოდებს ნაკლები ყურადღება ეთმობა. ამ დროს კი, სწორედ ასეთი ალბათური სცენარების ჩამოყალიბება და გააზრება იძლევა საინფორმაციო ველის სათანადოდ `შეკვეცისა~ და ინდიკატორების განსაზღვრის საშუალებას.
მუქარის განსაზღვრის შემდეგ, ანალიტიკოსები, რიგი, მათ შორის ობიექტური მიზეზების გამო, მათი რეალიზაციის შესაძლო გზებზე თავიანთი ვარაუდების გამოთქმას ხშირად გაურბიან ან ყველა შესაძლო აზრიან თუ უაზრო ვარაუდს ასახელებენ, რაც, საბოლოო ჯამში, დუმილის ტოლფასია. საუკეთესო შემთხვევაში, მათი ჩამონათვალი ყოველგვარი გრადაციის, ალბათობის შეფასების გარეშე კეთდება – მუქარა რეალიზდება აშკარა აგრესიის, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ზეწოლის, ქვეყანა-ობიექტში შიდაპოლიტიკური სიტუაციის დაძაბვის თუ რაიმე სხვა საშუალებით. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც წესი, მუქარის რეალიზაცია სხვადასხვა ასპექტებსა და მათ კომბინაციებს მოიცავს, სწორედ შესაძლო სცენარები უნდა გვაძლევდეს მათი ალბათობის შეფასებას, მიგვითითებდეს ამა თუ იმ ასპექტის ჩართვის ეტაპს, მათ მიმდევრობას, შეხამებას, გამოვლენის თავისებურებებსა და ა.შ. თუ მუქარა ვითარდება სცენარით, რომელიც ქვეყნის შიგნით სოციალური ბაზის მომზადებას, შემდეგ კი გარე მონაწილის ჩართვას გულისხმობს, მონიტორინგის ჩატარების დროსაც ყურადღება, პირველ რიგში, შიდა პრობლემის გამოვლენასა და მომავალ გარე აქციებთან მათ შესაძლო კავშირზე უნდა გამახვილდეს (უზარმაზარ საინფორმაციო ველში აგრესორის მხრიდან მუქარის პირდაპირი დადასტურების ძებნა აზრს მოკლებულია, თუ ამ ეტაპზე ეს მუქარის რეალიზაციის გეგმით გათვალისწინებული არ არის).  მით უფრო, რომ ხშირად რესურსების არასწორად გადანაწილება თავად აგრესორის მიერ შეიძლება იყოს პროვოცირებული. ეს საკმაოდ ხშირი და წარმატებული მეთოდია, როდესაც ობიექტი, აგრესორის მიზნების არასწორად გაგების გამო, თავისი რესურსების კონცენტრირებას ე.წ. `ცრუ~ ან არააქტუალურ მიზნებსა და მიმართულებებზე ახდენს.


4. მეორადი და ირიბი ნიშნების სისტემის შემუშავება
ესაა სცენარის შესაბამისად, მუქარის რეალიზაციის სფეროებისა და მიმართულებების ცოდნის პირობებში, სისტემის და მისი შესაძლო გამოვლინებების ჩამონათვალის შემუშავება.
აგრესორის მიერ აშკარად დეკლარირებული მუქარის ანალიზი ნამდვილი სამუშაოს საგანი არ არის, თუმცა, მისთვისაც იგივე მეთოდები და ინსტრუმენტები გამოიყენება. მაგრამ მისი კვლევის გვერდზე გადადებამდე, აუცილებელია დავრწმუნდეთ, რეალურია თუ არა ეს მუქარა ან აგრესორი, მისი დემონსტრირებით, ობიექტის ყურადღების სხვა მუქარისგან ჩამოცილებას ხომ არ ცდილობს.
აგრესორი, ჩვეულებრივ, გარკვეულ დრომდე თავისი ჭეშმარიტი ზრახვების შენიღბვას, მათგან ყურადღების გადატანას ცდილობს. ხშირად რეალური მუქარა `აშკარად არარეალური~ მუქარის ნაწილად გვევლინება. ამ მეთოდს, პირობითად, `მოქცევის ტალღის~ ტაქტიკა შეგვიძლია დავარქვათ – როდესაც ტალღა ნაპირს ურტყამს, შემდეგ უკან იხევს და ისევ ურტყამს, თუმცა, უკვე სხვა ადგილას და გარკვეულ `ტერიტორიაზე~ თავის კვალს ტოვებს. პრაქტიკაში, რეალური პრობლემა ხელოვნურად იბერება აბსურდულობამდე, მოხერხებულად ინიღბება ამ აბსურდში და გარკვეულ დრომდე, ყურადღებას არ იქცევს.
მუქარის არსებობის ან მისი აქტუალიზაციის შესაძლო დამადასტურებელი ინფორმაციის ანალიზის გარდა, აუცილებლად უნდა ჩატარდეს დამატებითი ინფორმაციის მოძიება და შეკრება, არა მხოლოდ მოცემულ საინფორმაციო ველში, არამედ მის საზღვრებს გარეთ ახალი წყაროების მოძიების ხარჯზეც. საინფორმაციო ველში საინტერესო საკითხებზე პირდაპირი პასუხების არარსებობა პრობლემის არარსებობას არ ნიშნავს.
მოცემულ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ანალიტიკოსის უნარს სწორად ჩამოაყალიბოს საკითხი – დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა. ისეთი კითხვების დასმა, რომლებზეც, მისი აზრით, კონკრეტულ წყაროს კონკრეტული პასუხი უნდა ჰქონდეს და რომლის მიღების დიდი ალბათობაც არსებობს. ანალიტიკოსის აზრით მნიშვნელოვან, პირდაპირ ან პირიქით, ზოგად, ბუნდოვან კითხვაზე, როგორც წესი, პირდაპირი პასუხი საერთოდ არ მოდის, ან მოდის შესაბამისად ზოგადი, ბუნდოვანი პასუხი, რომელიც სიტუაციის გარკვევის ნაცვლად, პირიქით, ართულებს მას. ასევე აუცილებელია წყაროს პოზიციის გათვალისწინება, რომელმაც, თუნდაც პასუხი იცოდეს, შესაძლოა ან მზად არ იყოს ან არ ისურვოს მისი გაზიარება. ასეთ შემთხვევაში, მიზანშეწონილია საკითხის ან თემის დაყოფა ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნაწილებად, რომლებსაც განმარტებას ერთმნიშვნელოვნად დაქვემდებარებული პასუხები აქვს და მათი განაწილება რამდენიმე წყაროს შორის, რომლებიც, სხვადასხვა მიზეზების გამო, პასუხისგან თავის არიდებას ვერ მოახერხებენ. ასეთი `უმნიშვნელო~ პასუხების ერთობლიობა ანალიტიკოსს მისთვის საინტერესო სიტუაციაში გარკვევის შესაძლებლობას აძლევს.
დამატებითი ინფორმაცია შეიძლება: ადასტურებდეს ან უარყოფდეს ადრე მიღებულს, ავსებდეს, აზუსტებდეს, განმარტავდეს ან არ შეესაბამებოდეს მას.
შესაბამისობასთან დაკავშირებით უნდა გავითვალისწინოთ, რომ რიგ შემთხვევებში, ის, პირველი შეხედვით, აშკარად არ ფიქსირდება და კავშირი ინფორმაციებს შორის არ დასტურდება. ასეთ შემთხვევებში, მიზანშეწონილია ინფორმაციის მაქსიმალურად დანაწევრება და ცალკეულ ელემენტებს შორის არსებული კავშირის დაჭერა იქნებ ამის შემდეგ გახდეს შესაძლებელი.  



5. ინტერპრეტაცია და პროგნოზები
ამ თეზისის ბანალურობის მიუხედავად, ანალიტიკოსები ხშირად ცდილობენ თავიდან აირიდონ პასუხისმგებლობა და, პრაქტიკულად, მხოლოდ ფაქტის, საუკეთესო შემთხვევაში, მათი ერთობლიობის კონსტატაციით შემოიფარგლებიან. მდგომარეობის არასწორად შეფასების ბრალდების შიშით, ისინი ნებისმიერი შეფასების გაკეთებას გაურბიან. მოვლენების ფაქტობრივი რეტრანსლაციით იფარგლებიან და დასკვნებს, პროგნოზებს, შეფასებებს, ინტერპრეტაციებს არ წარმოადგენენ (არ არსებობს მოვლენის არსის ამხსნელი ასპექტები და კომენტარები, ასევე, ამა თუ იმ ფაქტისა და მოვლენისთვის აუცილებელი `დეშიფრირება~). `ფაქტის მნიშვნელობის მითითებით, ჩვენ მის სარგებლიანობას ბევრად ვზრდით. ფაქტები საკუთარ თავზე იშვიათად ლაპარაკობენ~ (ვ. პლეტტი, `სტრატეგიული დაზვერვა~).
პრეცედენტების, ამა თუ იმ სიტუაციაში აგრესორის ქცევის ხასიათის, ქცევის ურყევი მოდელების შესწავლას საკმარისი ყურადღება არ ეთმობა.
ინტერპრეტაციაში მნიშვნელოვანია:
- ანალიტიკოსის წარსული პრაქტიკული გამოცდილება ინფორმაციისა და კონკრეტული ფაქტების ინტერპრეტაციაში;
- მონაწილეთა, ინფორმაციის წყაროთა, ქვეწყაროთა და რეზონატორთა; ალგორითმების, ამა თუ იმ სიტუაციაში ქცევის ურყევი მოდელების, პრეცედენტების, სტერეოტიპების; აღქმაზე, სინამდვილის შეფასებასა და რეაქციაზე მოქმედი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური და სხვა ფაქტორების კარგი ცოდნა;
- კონკრეტული მონაწილეების, გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ფსიქოლოგიური თავისებურებების, ფსიქიკური წყობის და დროის კონკრეტულ მომენტში მათი მდგომარეობის ცოდნა, მამოძრავებელი მოტივების აღქმა, განზრახვებისა და გეგმების, ასევე, დასახული მიზნების ამოცნობა;
- ამა თუ იმ სუბიექტის პირადული თვისებების, პოზიციების, სურვილებისა და განზრახვების საზღვრებს გარეთ არსებული უფლებებისა და ვალდებულებების მიერ დაჩნეული კვალი;
- კონკრეტული მოვლენებისა და ცალკეული მონაწილეების ქცევის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გაგება და გააზრება;
- გარკვეული ქმედებების მაპროვოცირებელი და წამაქეზებელი გარემოებების აღქმა, გამოყოფა და აღრიცხვა, მათზე დამოკიდებულების დონე და მათზე დაქვემდებარების ალბათობა;
- კონკრეტულ ცნობაში გადმოცემული ინფორმაციის ინტერპრეტაცია მხოლოდ ცნობის გაშიფრვით არ შემოიფარგლება, არამედ მის ფარგლებს გარეთ, მისი გაჩენის გარემოებებშია საძებნი; თავად ცნობის `ნიშნების~ ინტერპრეტაციამ იშვიათად შეიძლება ფასეულ შედეგამდე მიგვიყვანოს. გაცილებით მნიშვნელოვანი ისაა, რაც მის უკან დგას, რასაც თავად ცნობა და არა კონკრეტული ტექსტი ნიშნავს; ანალიტიკოსის საქმიანობის არეალი ცნობის უბრალო შინაარსს ბევრად სცდება;
- სწორად გაგება იმისა, თუ კონკრეტული ინფორმაცია, ცნობა რა თანაფარდობაშია მუქარის აქტუალიზაციასთან დაკავშირებულ ან მის დამამტკიცებელ მოვლენებთან;
- საინფორმაციო ველის თავისებურებათა გათვალისწინებით, შემთხვევათა უმრავლესობაში ანალიტიკოსი მოვლენის ექოს, მის აკუსტიკურ ეფექტს აწყდება. ამ სიტუაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველადი წყაროს განსაზღვრა და დადგენა, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება რეალურ ინტერპრეტაციასთან რაიმე მიახლოებაზე საუბარი;
- ინტერპრეტაციის მიმდინარეობისას ვერსიების, თუნდაც ერთი შეხედვით აბსურდული ვარაუდების რაც შეიძლება დიდი ოდენობით წამოყენება და მათი დამადასტურებელი ფაქტების ძიება; მათგან ყველაზე მეტი ალბათობის მქონეზე კონცენტრირება, დანარჩენთა მხედველობის არეში დატოვების პირობით (ფაქტებისა და მტკიცებულებების შემოსვლის მიმდევრობა რეალური ვერსიის შესაბამისი, შესაძლოა, სრულიადაც არ იყოს);
- სხვადასხვა ანალიტიკოსის მიერ ერთსა და იმავე ფაქტზე გაკეთებული კომენტარები, შესაძლოა, განსხვავებული იყოს, კეთდებოდეს სხვადასხვა კუთხით და აქ საქმე კონკრეტული ანალიტიკოსის გამჭრიახობასა და დანარჩენების სიმცდარეში სულაც არ არის, არამედ აქ ადგილი აქვს კონკრეტული გარემოებების დადგომის პროგნოზსა და ანალიტიკოსის ინფორმირებულობას დროის კონკრეტული მომენტისათვის;
- და ა.შ.
პროგნოზირება ყოველთვის არსებული (მოცემული მომენტისთვის ხელმისაწვდომი) მასალის ინტერპრეტაციას ემყარება. შეიძლება გაგვიმართლოს და 100%-იანი პროგნოზი გაკეთდეს, მაგრამ ანალიტიკოსის პროფესიონალიზმი სწორედ იმაშია, რომ თავის ცოდნაზე დაყრდნობითა და არცოდნის გათვალისწინებით, ცალკეული მოვლენის დადგომის ალბათობა განსაზღვროს.


6. ანალიზის `ორმხრივად~ მიმართვა
მუქარის განსაზღვრის, გამოკვლევის, სხვადასხვა კონცეფციებში ასახვის შემდეგ, ანალიტიკოსს საინფორმაციო ველში მათი არსებობის მტკიცებულებების მუდმივ ძებნაზე კონცერტრირების აუცილებლობა აღარ აქვს. ანალიზი არ უნდა გადაიქცეს ანალიტიკოსის სიმართლისა და გამჭრიახობის დაუსრულებელ მტკიცებად, როგორც ეს პრაქტიკაში ხშირად ხდება. კონკრეტულ ინფორმაციაში არა მხოლოდ არსებული მუქარის დადასტურების ძებნაა აუცილებელი, არამედ განსაზღვრა, რამდენად შეესაბამება ყოველი კონკრეტული ინფორმაცია მას (ინფორმაციაში არა მხოლოდ მუქარის ძიება, არამედ როგორ შეიძლება ინფორმაცია მუქარას ეხებოდეს).
ანალიტიკოსი ინფორმაციის ანალიზისას, პირველ რიგში, განსაზღვრავს არის თუ არა მასში რაიმე მუქარის აქტუალიზაციის პირდაპირი დადასტურება, შემდეგ კი გამოთქვამს ვარაუდებს, რას შეიძლება კონკრეტული ინფორმაცია და მასში გადმოცემული ფაქტები ნიშნავდეს. სასურველია, ამით არ შემოვიფაგლოთ და უკუმიმართულებითაც ვიმოძრაოთ. ანუ როდესაც ანალიტიკოსი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ კონკრეტული ფაქტი შეიძლება `შემდგომს~ ნიშნავდეს, ვუპასუხოთ კითხვას – შეიძლება თუ არა ეს `შემდგომი~ მუქარის აქტუალიზაციის ფაქტზე მიუთითებდეს?


7. ანალიზის `დანაწევრება~ (`დიდი რაოდენობის ანალიზი + ანალიზების დიდი რაოდენობა~)
ანალიზზე პასუხისმგებელი პირები, პრაქტიკაში, ანალიზის საგანსა და ობიექტს ხშირად ფორმალურად უდგებიან და ინფორმაციის ნაკადიდან დასმულ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გამოყოფას ცდილობენ. ასეთ მიდგომას, როგორც წესი, ტოტალური ანალიზის (სიტუაციის მთლიანი ანალიზი) ჩატარების მცდელობამდე მივყავართ. ტოტალურ ანალიზს, თავისთავად შეუძლია მოიტანოს და მოაქვს კიდეც არსებითი შედეგები, მაგრამ ზოგიერთ ფაქტორს მისი განხორციელების მნიშვნელოვნად გართულება და შედეგებზე გავლენის მოხდენა, მათი დამახინჯებაც კი შეუძლია. აქ მაგალითად შეიძლება დავასახელოთ ინფორმაციის დამუშავებას დაუქვემდებარებელი მოცულობა, ასევე სიტუაციის განვითარების დინამიზმი და მასთან დაკავშირებული დროის ფაქტორი. პრაქტიკულად, სიტუაციის ანალიზი მის განვითარებას ვეღარ ეწევა. ასეთ მდგომარეობაში მიზანშეწონილია ანალიზის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებების მიხედვით შემადგენელ ნაწილებად `დაშლა~. ანალიზის პროცესის დანაწევრება შეიძლება დროის, ასევე ანალიზის საგნისა და ობიექტის მიხედვით. მაგალითად, თუ საკითხი ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება, შეიძლება თვალყური ვადევნოთ მის სისტემის წარმომქნელ სფეროებს, ელემენტებს, ცალკეულ თემებსა და ა.შ. ამრიგად, დინამიური და ხშირად ერთმანეთის საწინააღმდეგო შინაარსის მქონე ინფორმაციის დიდი მოცულობების ანალიზისას, მიზანშეწონილია ანალიზის ჩატარება ფორმულით `დიდი რაოდენობის ანალიზი + ანალიზების დიდი რაოდენობა~.


8. საინფორმაციო ველში `დეზინფორმაციის~ გამოვლენა და მისი ანალიზი
ანალიტიკოსები ხშირად ცხრილავენ იმთავითვე მცდარ, დამახინჯებულ ინფორმაციას მათი უხარისხობის, არასერიოზულობის, არასარწმუნოობისა და სხვ. მიზეზებით. სინამდვილეში, ასეთი ინფორმაცია აგრესორის კარგად მოფიქრებული და დაგეგმილი ინფორმაციული, ფსიქოლოგიური აქციის ნაწილი შეიძლება იყოს. ასეთ შემთხვევაში, მსგავსი `დეზინფორმაცია~, მათი წარმოშობის ჭეშმარიტი მიზეზების დასადგენად და ავტორებისა და გამავრცელებლების დასახული მიზნების გამოსავლენად, გულდასმით ანალიზსა და დამუშავებას უნდა დაექვემდებაროს.
   ჩვენს შემთხვევაში, ტერმინი `დეზინფორმაცია~ გამოტანილია თეზისიდან მისი გაგების კუთხით ლაკონურობისა და ერთმნიშვნელოვნობის გამო, სინამდვილეში კი, საუბარია გაცილებით ფართო ცნებაზე – მიზანმიმართულ ინფორმაციაზე.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, ამ სიტყვის ფართო გაგებით, მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს. ამიტომ ანალიტიკოსმა უნდა გააცნობიეროს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რა მიმართულება აქვს ინფორმაციას და ცალკეული ანალიზის დროს გამოარჩიოს ის ინფორმაციები, რომლებიც ინფორმაციულ-ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას შეიძლება ეხებოდეს.
დეზინფორმაცია, თავისი არსით, იგივე ინფორმაციაა, მით უფრო, როდესაც ცნობილია მისი მიზანმიმართული ხასიათის შესახებ. კარგად მომზადებული დეზინფორმაცია, როგორც წესი, სარწმუნო ინფორმაციას ეყრდნობა და შეიცავს. ამრიგად, ის საინტერესოა ორი თვალსაზრისით: მისგან `ჭეშმარიტი~ ინფორმაციის გამოხშირვა და `ცრუ ინფორმაციის~ ინტერპრეტაცია. დეზინფორმაცია შეიძლება იყოს წინასწარგანზრახული და უნებლიე. მოცემულ შემთხვევაში, ჩვენ წინასწარგანზრახული დეზინფორმაცია გვაინტერესებს.
დეზინფორმაციას, ჩვეულებრივ, შემდეგი მიზნით იყენებენ:
-    ადრესატის შეცდომაში შეყვანა.
-    ინფორმაციის არაადეკვატური შეფასების საფუძველზე ადრესატის არაადეკვატური ქმედებებისაკენ წაქეზება.
-    ობიექტის წაქეზება, იმოქმედოს სუბიექტის გეგმების შესაბამისად.
-    ობიექტის წაქეზება, დროზე ადრე გამოამჟღავნოს თავისი გეგმები, განზრახვები და შესაძლო ქმედებები.
-    სუბიექტის ჭეშმარიტი გეგმებისა და განზრახვების შენიღბვა.
-    ადრესატის ყურადღების გადატანა რეალური პრობლემებისა და მუქარებისგან.
-    ობიექტის რესურსების, სახსრების, ძალების ამოწურვა, მოცდენა.
-    ობიექტის დისკრედიტირება, კომპრომეტირება.
-    დროის მოგება და ა.შ.
დეზინფორმაციასთან მუშაობისას დიდი მნიშვნელობა აქვს წყაროს ზუსტ იდენტიფიკაციასა და მის შესწავლას. ხშირად დეზინფორმაცია საინფორმაციო ველში ხვდება ან ადრესატამდე აღწევს არა თავად სუბიექტისგან, არამედ შუამავლის მეშვეობით, ამასთან, წყარომ, მისი ნამდვილი დანიშნულების შესახებ, შეიძლება არც იცოდეს.
ინფორმაციის ანალიზისას აუცილებელია შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემა:
-    შეიძლება თუ არა ინფორმაციას, ჩვენთვის საინტერესო კუთხით, მიზანმიმართული ხასიათი ჰქონდეს.
-    ვისთვის შეიძლება მომგებიანი იყოს `დეზინფორმაცია~.
-    რითია გამოწვეული დეზინფორმაციის გაჩენა სწორედ მოცემული ფორმით, კონკრეტულ დროსა და ადგილზე და ა.შ.
-    რა მიზანს შეიძლება ისახავდეს აგრესორი ამგვარი ინფორმაციის მეშვეობით.
-    საკუთარი მიზნების მისაღწევად საშუალებათა რა არსენალს შეიძლება ფლობდეს აგრესორი და რატომ მიანიჭა ამ კონკრეტულ არჩევანს უპირატესობა.
-    რომელი აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი ინფორმაცია (შიდა, გარე მომხმარებელი, საკუთარი აუდიტორია თუ ობიექტის ან მესამე მხარის აუდიტორია და ა.შ.), ვისზე და რა ძალით ზემოქმედების მოხდენას ცდილობს აგრესორი.
-    რა მოქმედებებისკენ უბიძგებს აგრესორი ობიექტს, კონკრეტულ პირებს, გადაწყვეტილების მიმღებებს და ა.შ.
-    აგრესორის მოცემულ აქციაზე, ობიექტის შესაძლო რეაქციების რა ვარიანტები არსებობს და მათ შორის არჩევანის გაკეთებისას რა პრინციპებით და მექანიზმებით ისარგებლებს ობიექტი (აგრესორი აქციების დაგეგმვისას ამ ცოდნას ეყრდნობა).
-    როგორი იქნება აგრესორის მომდევნო ნაბიჯები.
-    გეგმების რეალიზაციისას, რა ზემოქმედების მოხდენას შეეცდება აგრესორი თავისივე ქვეყნის (მოკავშირეების, ოპონენტების და ა.შ.) აუდიტორიაზე, თავის მოკავშირეებზე, ობიექტის მოკავშირეებზე, `ნეიტრალურ~ მხარეზე; რა მეთოდებსა და სახსრებს გამოიყენებს ის ამ მიზნის განხორციელებისათვის.
-    და ა.შ.
საინფორმაციო ველში საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ზემოქმედების განხორციელების ნიშნების გამოვლენა: მიუხედავად იმისა, რომ წინა თეზისი დეზინფორმაციის ანალიზის შესახებ, ფაქტობრივად, ამ თეზისის შემადგენელი ნაწილია, მისი მნიშვნელოვნებისა და ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური ზემოქმედების სხვა ნიშნებში დაუდევრობისა ან მისი მნიშვნელობის დამცრობის თავიდან არიდების მიზნით, ის სპეციალურად ცალკეა გამოტანილი. პრაქტიკული თვალსაზრისით, დეზინფორმაციის ასეთი `დამოუკიდებელი~ ანალიზი თავისთავადაა სასარგებლო. ფაქტობრივად, საუბარია ასეთი ზემოქმედების ერთი კონკრეტული ნიშნის ანალიზზე. მოცემული თეზისი კი გულისხმობს საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ზემოქმედების განხორციელების ყველა შესაძლო ნიშანს, მათ შორის, ერთი შეხედვით, ამ მომენტთან დაუკავშირებულ ინფორმაციებსაც. მაგალითად, ასეთი ნიშანი შეიძლება იყოს ქვეყანა-აგრესორში საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურის ორგანიზება, მაშინ როცა, დეზინფორმაცია ამ უკანასკნელის საქმიანობის მხოლოდ ერთი კონკრეტული პროდუქტი შეიძლება იყოს.
როგორც წესი, აგრესიის სუბიექტი ღონისძიებათა მთელ კომპლექსს, ინფორმაციული და ფსიქოლოგიური ზემოქმედების ოპერაციებს მუქარის აქტუალიზაციამდე დიდი ხნით ადრე ახორციელებს. ამასთან, ზემოქმედება ხორციელდება, როგორც აგრესიის სუბიექტის აუდიტორიაზე, ისე საკუთარ და სხვა მონაწილეთა აუდიტორიებზე. ყოველი აუდიტორია კიდევ მრავალ შემადგენელ ნაწილად იყოფა. მაგალითად: გადაწყვეტილების მიმღები პირები, ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენლები, ოპოზიციური წრეები, პოლიტიკური პარტიები, საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლები, პროფესიული, სოციალური, რელიგიური, ეთნიკური და სხვა გაერთიანებები, საზოგადოების თვალში პოპულარული, ავტორიტეტული ჯგუფები, რომელთა პოზიციამ და მოსაზრებამაც `საზოგადოებრივი~ აზრის ფორმირებაზე, შესაძლოა, არსებითი გავლენა მოახდინოს და ა.შ. ამის გათვალისწინებით, აგრესორი იყენებს ზემოქმედების სხვადასხვა ხერხებსა და მეთოდებს და ეს ყველაფერი აისახება საინფორმაციო ველში, რომელიც ზემოქმედების გამტარის როლს ასრულებს.
მიღებულია მოსაზრება, რომ ინფორმაციული ომი რეალურ კონფლიქტამდე ბევრად ადრე იწყება, `მსხვილი~ პოლიტიკური მოთამაშეები კი ტოტალურ საინფორმაციო ომებს მუდმივად აწარმოებენ, ამიტომაც `მშვიდობიან~ დროში მუქარის იდენტიფიკაციის თვალსაზირსით საინფორმაციო ველში მათი გამოჩენა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. პირველხარისხოვანია ის, რომ საინფორმაციო ბრძოლა, აპრიორი, საინფორმაციო ველზე მიმდინარეობს, ისაა ბრძოლის ველი ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით. დროის ყოველ კონკრეტულ მომენტში სახეზეა ბატალური სცენები და თუნდაც ველზე თავად ბრძოლის მომენტი არ დაფიქსირდეს, მასში `კანონადა~ აუცილებლად აისახება.
აუცილებელია საინფორმაციო ველის მონიტორინგის განხორციელება კონკრეტული მიზნით: საინფორმაციო-ფსიქოლოგიური აქციის ობიექტის წინააღმდეგ მიმდინარე მოქმედებების ნიშნების გამოსავლენად, ფართო მასშტაბით კი, საინფორმაციო ომის მიმდინარეობაზე დაკვირვებისთვის. ერთი შეხედვით, ობიექტთან დაუკავშირებელი, `სხვისი~ საინფორმაციო ომი, შეიძლება, მისთვისაც რეალურ მუქარად იქცეს. სწორედ ამ მოსაზრებით ჩატარებული სკურპულოზური ანალიზი გვაძლევს საშუალებას, მისი მონაწილეები, მათი მიზნები, გამოყენებული მეთოდები და ხერხები, ასევე გეგმები და განზრახვები გამოვავლინოთ; განვსაზღვროთ, რა საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენა უნდა სუბიექტს ობიექტზე და მისი რა მიმართუებით წაქეზებას ცდილობს? სუბიექტის გენერალური, სტრატეგიული მიზნების გამოვლენა, ყველაზე მეტი ალბათობით, სწორედ ასეთი ანალიზის პროცესშია შესაძლებელი, ვიდრე კონკრეტული, რეალური მუქარის ანალიზისას. კონკრეტული მუქარების რეალიზაციისას, როგორც წესი, უფრო მაღალი რანგის მიზნებს ისახავენ.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, ტოტალურ ანალიზთან ერთად, შემთხვევაზე და შემთხვევით წარმატებაზე დამოკიდებულების შესამცირებლად, მიზანშეწონილი იქნება მუქარის აქტუალიზაციის მეორადი ნიშნების მონიტორინგის ჩატარება. წინასწარ განსაზღვრული ნაკადების სპეციალურად განსაზღვრული პარამეტრებით, სწორად ორგანიზებულმა მონიტორინგმა, შეიძლება, გარკვეული დადებითი შედეგები მოიტანოს. ამის არსი ისაა, რომ სპეციალურად გამოყოფილი, შექმნილი და საინფორმაციო ველში შესაბამისი წესით `განთავსებული~ ინდიკატორების მონიტორინგი განხორციელდეს.
ამრიგად, უნდა დაპროექტდეს უშუალო მონიტორინგისა და ანალიზის ჩატარების მრავალდონიანი, მრავალფაქტორიანი, \
ასევე ინდიკატორების, სენსორების, როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური ურთიერთკავშირების, მუქარის გამოვლენისა და აქტუალიზაციის მეორად ნიშნებზე ორიენტირებული და ფოკუსირებული, ერთგვარი დეტექტორების ქსელური სისტემა.  
საინფორმაციო ველის მონიტორინგის დასაწყისში, პირველ რიგში, აუცილებელია თავად ველის, მისი წარმომქმნელი ელემენტებისა და ა.შ. გაანალიზება. ასეთი წინასწარი ანალიზის გარეშე მონიტორინგის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია. ხშირად, საინფორმაციო-ანალიტიკურ მუშაობას იმის გარკვევის გარეშე იწყებენ, რა მასალასთან აქვთ საქმე, როგორია მისი თავისებურებები, რა ინსტრუმენტებს ფლობს და რომელია მათში ყველაზე ეფექტური.
ბოლო ხანებში, ინფორმაცია სულ უფრო ხშირად ასოცირდება თითქმის ყველაზე `ძლიერ~ და ეფექტურ იარაღთან, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მასთან მიდგომის შესაბამისი `ინსტრუქცია~ უნდა არსებობდეს. რატომღაც მიიჩნევა, რომ ინფორმაციის შეგროვებითა და ანალიზით დასაქმებული პირებისა და ასევე, მისი მომხმარებლებისათვის, მათ შორის, გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის, კითხვის ცოდნა სავსებით საკმარისია.