error
თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრივი სისტემის ფორმირების ისტორიული პერიპეტიები ბეჭდვა
კვირა, 17 ოქტომბერი 2010 18:52
თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრივი სისტემის  ფორმირების
ისტორიული პერიპეტიები
ი. ბათიაშვილი
I 1990-91 წწ.
XX საუკუნის ოთხმოციან წლებში საქართველოში დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომლის მასშტაბები დღითიდღე იზრდებოდა და სულ უფრო და უფრო ორგანიზებულ და საყოველთაო-სახალხო ხასიათს იღებდა. ამ მოძრაობის საჯაროდ გაცხადებული მიზნები იყო ქვეყნის გამოხსნა საბჭოთა იმპერიის კოლონიალური მარწუხებიდან და სრული დამოუკიდებლობის მოპოვება; საბჭოური სოციალურ-პოლიტიკური სისტემის დემონტაჟი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა; ევროატლანტიკურ სამყაროში საქართველოს თანმიმდევრული ინტეგრირება.

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა წარმოადგენდა არა რაღაც მონოლითურ, ჰომოგენურ წარმონაქმნს, არამედ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების მზარდ ჭრელ სპექტრს, რაც თავისთავად სავსებით ნორმალური მოვლენაა. მაგრამ საგანგაშო ის იყო, რომ მის შიგნით იმთავითვე დაიწყო გაშმაგებული კონფრონტაცია სხვადასხვა ძალებს შორის, რაც დროთა განმავლობაში ღრმავდებოდა და სულ უფრო დესტრუქციულ ხასიათს იღებდა. აღნიშნული პროცესი განპირობებული იყო როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური ფაქტორებით, კერძოდ, როგორც მოძრაობის ლიდერების პიროვნული მოტივებით, ასევე საბჭოთა უშიშროების კომიტეტის ძირგამომთხრელი მუშაობით. ამ მომენტზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ შემდგომ იგი საბედისწერო მნიშვნელობის მქონე აღმოჩნდება საქართველოსთვის.

1990 წლის შემოდგომის უზენაესი საბჭოს არჩევნების წინ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა საბოლოოდ ჩამოყალიბდა ორ დაპირისპირებულ ბანაკად: მრგვალი მაგიდა - ზვიად გამსახურდიას ლიდერობით და საკოორდინაციო საბჭო. პირველი აცხადებდა, რომ აუცილებელია მონაწილეობა არჩევნებში, ხოლო მეორე გაერთიანებაში შემავალი წამყვანი პარტიები ბოიკოტს უცხადებდნენ მას მთელი რიგი ტაქტიკური და პოლიტიკური მოსაზრებების გამო. თუმცა, ზემოთ მითითებულ დაპირისპირებას უფრო სხვა მიზეზები ჰქონდა, უპირველეს ყოვლისა, ზვიად გამსახურდიას ერთპიროვნული ლიდერობისადმი მკვეთრად განსხვავებული დამოკიდებულებანი.

1990 წლის არჩევნების შედეგად მრგვალი მაგიდა დიდი უმრავლესობით მოვიდა ხელისუფლებაში, ხოლო მოგვიანებით ზვიად გამსახურდია არჩეულ იქნა ქვეყნის პრეზიდენტად. ამ პერიოდში განხორციელდა ორი ისტორიულად მნიშვნელოვანი აქტი: 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი, სადაც საქართველოს მოსახლეობის თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას და 1991 წლის ცხრა აპრილის დამოუკიდებლობის დეკლარაცია. სამწუხაროდ, მეორე მხრივ,  მრგვალი მაგიდის ხელისუფლების მიერ დაშვებულ იქნა უმძიმესი შეცდომები, რის შედეგადაც ქვეყანა ჩაეფლო ე.წ. სამხრეთ ოსეთში სისხლისმღვრელი შეიარაღებული დაპირისპირების ჭაობში და დაკარგა კონტროლი ამ რეგიონის უმეტეს ნაწილზე. ამასთან ერთად, ირგვლივ დამკვიდრდა ნაციონალისტური სულისკვეთებით გაჟღენთილი ავტორიტარიზმი, ე.წ. “ზვიადიზმი”, რაც, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატებოდა ზვიად გამსახურდიას პიროვნების ფსიქოზურ განკერპებაში მოსახლეობის სოლიდური ნაწილის მიერ და სახელმწიფოს “მართვის” დილეტანტურ-ავტორიტარულ სტილში. გაჩდნენ პოლიტპატიმრები, თითქმის მთლიანად შეიზღუდა სიტყვის თავისუფლება ელექტრონულ მედიაში.

რაც მთავარია, მიუხედავად სუვერენიტეტის და დემოკრატიის პრინციპების ხმამაღალი დეკლარირებისა, არ ხორციელდებოდა ძირეული ცვლილებები. ყველაფერი მაინც მიდიოდა ძველი საბჭოური მემკვიდრეობის ინერციით, ვინაიდან არ შენდებოდა დემოკრატიული სუვერენული სახელმწიფოსთვის საკუთრივი ინსტიტუტები. ამ მოკლე პერიოდში ქვეყანა “იმართებოდა” ღვაწლმოსილი ლიდერის მოწოდებებითა და ნება-სურვილით და არა ახალი ინსტიტუტებით. სოციალისტური წარმოების წესი და საკუთრება კვლავაც ძალაში რჩებოდა, ასევე საბჭოთა ფულის ერთეული _ რუბლი,  ძირითადად უცვლელი იყო საკანონმდებლო ბაზა. ქვეყანა იზოლირებული აღმოჩნდა მსოფლიოსგან. ყველაფერი იყო ძველი: შსს, უშიშროების კომიტეტი, სასამართლო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეროვნული ბანკი, ეკონომიკური პოლიტიკის განმახორციელებელი ინსტიტუტები. არსებით სიახლეს წარმოადგენდა მხოლოდ უზენაესი საბჭო, პრეზიდენტის ინსტიტუტი, ცვლილებები კონსტიტუციაში, სიმბოლიკა და გვარდია. რაც შეეხება ადგილობრივი მმართველობის ისეთ ორგანოს, როგორც იყო პრეფექტურა, მან, უბრალოდ, ჩაანაცვლა რაიკომი, თორემ შინაარსობრივად და ფუნქციურად არაფრით განსხვავდებოდა ამ უკანასკნელისგან.

სწორედ დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტების არარსებობამ და ე.წ. „ზვიადისტურმა“ ავტორიტარულმა პოლიტიკამ, ისევე როგორც ოპოზიციის უმძიმესმა შეცდომებმა და, რა თქმა უნდა, რუსეთის სპეცსამსახურების აქტიურმა ძირგამომთხრელმა მუშაობამ, ქვეყანა მიიყვანა 1991-1992 წლების სამოქალაქო შეიარაღებული დაპირისპირების ტრაგედიამდე, თავისი შემდგომი საბედისწერო შედეგებით, რაზეც ახლა აქ არ შევჩერდებით. მოცემულ შემთხვევაში ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ის დამღუპველი ინერცია, რომელიც განაპირობა დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტების არარსებობამ და საბჭოურმა მემკვიდრეობამ.

II. 1992-95 წწ.
ედუარდ შევარდნაძის ჩამოსვლას საქართველოში მოსახლეობის სოლიდური ნაწილი დიდი მოლოდინით შეხვდა. სახელმწიფო სტრუქტურებში გამეფებული ანარქიის, სამოქალაქო დაპირისპირების (რომლის ცენტრმაც დასავლეთ საქართველოში გადაინაცვლა), შეიარაღებული ფორმირებების და კრიმინალური დაჯგუფებების თარეშის პირობებში ბევრმა იმედის თვალი აღაპყრო “ყოვლისშემძლე ბაბუსკენ” და მასში დაინახა ხალხის პატრონიც და გადამრჩენიც. ცხადია, საზოგადოებაში ასეთი ფსიქოლოგიის დასადგურებამ ისევ ავტორიტარიზმის ახალი ფორმის დამკვიდრებას შეუწყო ხელი.

ქვეყანაში არსებულ სირთულეებს ახალი უზარმაზარი პრობლემა დაემატა _ ომი აფხაზეთში, რაც სხვა მიზეზებთან ერთად ახალი ხელისუფლების უმძიმესი შეცდომებითაც იყო გამოწვეული. უმნიშვნელოვანეს და ზოგჯერ საბედისწერო გადაწყვეტილებებს ღებულობდნენ პიროვნებები _ ვთქვათ, შევარდნაძე, კიტოვანი, იოსელიანი _ მხოლოდ თავისი პირადი შეხედულებების, ამბიციების, პოზიციების, შეფასებების საფუძველზე. არ არსებობდა გადაწყვეტილებათა შემუშავებისა და მიღების ინსტიტუციონალური მექანიზმი. ქვეყანა კვლავაც საშინელ ვაკუუმში აღმოჩნდა სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის თვალსაზრისით. ადგილი ჰქონდა დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმირების სიმულაციას: შეიქმნა შეიარაღებული ძალები, რომელიც სინამდვილეში შეიარაღებულ ფორმირებათა ნაკრები აღმოჩნდა; დაიწყო გადასვლა ახალ ეკონომიკურ სისტემაზე, სახელდობრ, კერძო მეწარმეობის და კერძო საკუთრების წახალისებაზე _ სინამდვილეში ქვეყანაში არ აღმოჩნდა არავითარი ეკონომიკური პოლიტიკა, არც გეგმით და, მით უფრო, არც გააზრებული სტრატეგიით. ამ მხრივ  სრული განუკითხაობა და სტიქიურობა სუფევდა; ვითომ დაიწყო საერთაშორისო იზოლაციის დაძლევა და რეალური საგარეო პოლიტიკის წარმოება _ სინამდვილეში ამ მხრივაც არანაირი ინსტიტუციონალური მექანიზმი არ მუშაობდა და ყველაფერი ერთი კაცის, კერძოდ, შევარდნაძის კონტაქტებითა და ნება-სურვილით წყდებოდა; ვითომ შემუშავდა ახალი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა _ სინამდვილეში ეს იყო სრული ყაჩაღობა და თავგასულობა, რამაც, საბოლოო ჯამში, მთელი საბანკო სისტემის ნგრევამდე და არნახულ ინფლაციამდე მიგვიყვანა. ამ ფონზე გამოირჩეოდა მხოლოდ რამდენიმე “კუნძული”, ვთქვათ, საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახური, სადაც სტრუქტურულ-ფუნქციონალური მექანიზმის გამართვა გარკვეულწილად ეფექტურად მიმდინარეობდა.

ამავე პერიოდში ერთადერთ პოლიტიკურ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს 1992 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელმაც, მიუხედავად სერიოზული გაყალბებებისა, მოიტანა ნამდვილად მრავალპარტიული საკანონმდებლო ორგანო, სადაც პოლიტიკური სპექტრი ძალზედ ფართოდ იყო წარმოდგენილი და რომელმაც თავისი მუშაობა დაასრულა ახალი კონსტიტუციის შექმნით.

სხვა მხრივ სახელმწიფოში ქაოსი და ანარქია მძვინვარებდა: ქვეყანა გადარჩენა-არგადარჩენის ზღვარზე აღმოჩნდა.

III. 1996-2003 წწ.
1995 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში დაიწყო ერთგვარი სტაბილიზაციის ხანა: შედარებით გაუმჯობესდა საზოგადოებრივი წესრიგი, გამოცოცხლდა ბიზნესი. შეიმჩნეოდა თანდათანობითი ეკონომიკური ზრდა. დაშლილი ბიუჯეტის ადგილზე რაღაც სახით მაინც ამოქმედდა გეგმაზომიერი საბიუჯეტო პოლიტიკა, მეტ-ნაკლებად მოწესრიგდა ეროვნული საბანკო სისტემა.

ამ პერიოდის პოზიტიურ ტენდენციებად უნდა ჩაითვალოს:
•    საქართველოს მიერ მსოფლიო არენაზე გარკვეული ფუნქციის შეძენა, სახელდობრ, ენერგეტიკული და სატრანსპორტო დერეფნისა, რისი გამოხატულებაც იყო ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის დაწყება და ბაქო-არზრუმის გაზსადენის შეთანხმება,
•    ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს თანამშრომლობა Yთავდაცვის სფეროში, კერძოდ, წვრთნის და აღჭურვის პროგრამა,
•    ნატოსთან თანამშრომლობის დაწყება და გაღრმავება, რის შედეგადაც საქართველომ მიიღო ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო პროგრამა,
•    მეტ-ნაკლებად ლიბერალური ატმოსფეროს დამკვიდრება: მედიის თავისუფლება და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების გამრავლება.

აღნიშნულ წლებში სახელმწიფოებრივი სტაბილიზაცია გამოიხატებოდა თითქოსდა მდგრადი სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმირებაში, რასაც ხელს უწყობდა მზარდი საერთაშორისო დახმარებები სხვადასხვა მიმართულებით. პროგრესი განსაკუთრებით შესამჩნევი იყო შეიარაღებულ ძალებსა და საზღვრის დაცვაში. მაგრამ ამ ე.წ. სტაბილურ სახელმწიფო ინსტიტუტებში ძალზედ სწრაფად და მასშტაბურად გავრცელდა კორუფციის სენი (გამორჩეულად კი შსს-ში). მისი მასშტაბები სულ უფრო და უფრო იზრდებოდა და მალე სერიოზულ საფრთხედ იქცა მთლიანად სახელმწიფოსთვის: საბიუჯეტო პოლიტიკა მუდმივ ჩავარდნას განიცდიდა, შეჩერდა ეკონომიკური ზრდა, სახელმწიფო სტრუქტურები ფინანსური და მატერიალური უზრუნველყოფის მხრივ სავალალო მდგომარეობაში ჩავარდნენ; ხელფასები და პენსიები სამარცხვინოდ მცირე რიგდებოდა, ხოლო გაუმჯობესების ტენდენცია არ შეიმჩნეოდა; ქვეყნის მასშტაბით მძიმე ვითარება შეიქმნა ელექტროენერგიით მომარაგების კუთხით; ქვეყანას თანდათანობით დაუმკვიდრდა კორუმპირებული ქვეყნის იმიჯი.

მართალია, ერთი შეხედვით, პარლამენტმა ამ პერიოდში გაცილებით სოლიდური იერი შეიძინა და საკანონმდებლო ბაზა საგრძნობლად გაიზარდა და გადახალისდა ამ ორგანოს ფუნქციონირების შედეგად, მაგრამ სწორედ ეს პარლამენტი იქცა ქვეყანაში ერთპარტიული სისტემას რეანიმაციის საფუძვლად. არჩევნებში ხალხის სუვერენული ნების გამოვლინების ნიშან-წყალი გაქრა: ყველაფერი წინასწარ იყო დადგენილი და გადაწყვეტილი, კერძოდ - ვის რამდენი ხმა უნდა მიეღო. მყარად დაინერგა ნებისმიერი არჩევნების _ საპრეზიდენტო, საპარლამენტო, ადგილობრივი _ გაყალბების მანკიერი პრაქტიკა. შემუშავებულ იქნა ამ გაყალბების უაღრესად გამართული მექანიზმი. შედეგად მივიღეთ შევარდნაძისეული ავტორიტარიზმი თავისი მოქალაქეთა კავშირის ერთპარტიული სისტემით.

გამოდის, რომ  მოხდა თავისებური რეინკარნაცია XX საუკუნის სამოცდაათიანი წლების საბჭოური ეპოქისა. ქვეყანა სულ უფრო და უფრო ეფლობოდა სტანგაციის ჭაობში.

IV. 2003-2008 წწ.
ხალხი, რომელსაც მოძულებული და მობეზრებული ჰქონდა შევარდნაძისეული ხანა, იმედებითა და აღფრთოვანებით შეხვდა “ვარდების რევოლუციას”. ეს ეხება ჩვენი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას, რაც გამოჩნდა კიდეც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად არჩევის პროცენტულ მონაცემებში. ახალი და ახალგაზრდა ხელისუფლება მოსახლეობას დაპირდა სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება-გაჯანსაღებას და რეალურ დემოკრატიას, კორუპციის დაძლევას, ტერიტორიალური მთლიანობის აღდგენას, ევროატლანტიკურ სამყაროში დაჩქარებულ ინტეგრაციას და კიდევ სხვა მრავალ სასიკეთო ცვლილებას.

სააკაშვილმა, თითქოსდა, მართლაც წამოიწყო სახელმწიფო ინსტიტუტების რეორგანიზაცია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბევრი რამ გაკეთდა არა საქმისთვის, არამედ სანახაობრივი ეფექტის მისაღებად: გამრავლდა პიარ-კამპანიური და თეატრალურ ხასიათის აქციები; თვალშისაცემი გახდა არაკომპეტენტური კადრები, კონცეპტუალური ბაზის არარსებობა, ავტორიტარული იმპულსური მართვის მეთოდი. ყოველივე ამან, საბოლოო ჯამში, გამოიწვია მთელი რიგი სახელმწიფო ინსტიტუტების სრული გადაგვარება, დეგრადაცია და პროფანაცია: სადღეისოდ,  უმძიმესი ვითარებაა შექმნილი შეიარაღებულ ძალებში; უკვე ლეგენდები დადის სასჯელ-აღსრულებით უწყებაში პატიმართა რაოდენობისა და იქ გამეფებული საზარელი მდგომარეობის შესახებ; მმართველი ელიტის ხელში სასამართლო კიდევ უფრო  მორჩილ ინსტრუმენტად იქცა; საგარეო უწყებაში სრული დილეტანტიზმი გამეფდა; ქვეყანაში ვერ დაიდო ეკონომიკური პოლიტიკის მონახაზი; კატასტრიფული სიტუაციაა შექმნილი გარე და შიდა ინვესტიციების მოდინების და ეკონომიკური კოლაპსის თვალსაზრისით; საკანონმდებლო ორგანომ სრული დაკნინება განიცადა და გადაიქცა პრეზიდენტის ქვემდებარე ერთ-ერთ “დეაპრტამენტად”; უშიშროება, როგორც სპეცსამსახური, ფაქტობრივად გაუქმდა, ვინაიდან აითქვიფა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში, რომელიც ჩამოყალიბდა XXI საუკუნის ქართულ НКВД-დ და მოგვევლინა განუკითხავი პოლიტიკური დევნის ორგანოდ. აი, ასეთი პროფანაცია განიცადა თანდათანობით ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფმა სახელმწიფო ინსტიტუტებმა სწორედ ვარდების რევოლუციის შემდგომ.

მორიგი ბლეფი და დიდი შოუ აღმოჩნდა კორუპციასთან ბრძოლა. სინამდვილეში ამ პიარკამპანიის ტელესერიალები ემსახურებოდა შემდეგ მიზნებს: მოსახლეობის მოტყუება-დაშინებას, ქონების გადანაწილებას და მთელი კორუპციული რესურსების კონცენტრაციას ვიწრო მმართველი ელიტის ხელში.

გამოდის რომ, თუ კი შევარდნაძის პერიოდში იპარავდა დიდიც და პატარაც ანუ კორუპცია ჰორიზონტალურად განფენილ ხასიათს ატარებდა, ახლა მან მკაცრად ვერტიკალური სახე მიიღო: დღეს იპარავენ მხოლოდ “დიდები” და თანაც ძალიან ბევრს.

სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე უფრო არსებით ატრიბუტად იქცა ტყუილი. პოლიტტექნოლოგიებისა და საკუთარი ტელევიზიების მეშვეობით ხელისუფლება ცდილობს საზოგადოება მოაქციოს ვირტუალურ რეალობაში.

სამწუხაროდ, სადღეისოდ სახელმწიფო უფრო შორს აღმოჩნდა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის მარშრუტისგან, ვიდრე ოდესმე. სააკაშვილის ხელისუფლება იმთავითვე მოურიდებლად შეუდგა დემოკრატიის პრინციპების ხელყოფას და ძალადობაზე დამყარებული პოლიტიკის გატარებას: მიიტანა მასირებული იერიში ტელემედიაზე _ ზოგი დაარბია და დახურა, ზოგიც, მიითვისა და სრული კონტროლის ქვეშ მოაქცია (ამის მაგალითებია “იბერიის”, “202”-ის, “იმედის” დახურვა, ხოლო “რუსთავი 2”, “საზოგადოებრივი მაუწყებელი”, “მზე”, შემდგომ “იმედი”-ც თავიდან ბოლომდე კონტროლდება ხელისუფლების მიერ); დაიწყო და კვლავაც მეთოდურად გრძელდება პოლიტიკური რეპრესიები (პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივმა წარმომადგენლობამ ასამდე პოლიტიკური პატიმარი დათვალა საქართველოში); ციხე-კოლონიებში არაადამიანური მოპყრობა პატიმრებისადმი ჩვეულებრივ მოვლენად იქცა; რეგულარული ხასიათი მიიღო ოპოზიციის აქტივისტების გატაცებამ, ცემამ, დაშინებამ; შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწესებულია საზოგადოების მასიური სატელეფონო მოსმენები, რაც ყველა მოქალაქემ იცის; არჩევნების გაყალბების ტექნოლოგიამ უმაღლეს დონეს მიაღწია _ ამის მაგალითია 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო და 2008 წლის გაზაფხულის საპარლამენტო არჩევნები. ასეთია დემოკრატიის პროფილი XXI საუკუნის საქართველოში.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა დამანგრეველი ზეგავლენა იქონია ისედაც რთულ ვითარებაში მყოფ ქართულ სახელმწიფოზე. ეს იყო კიდევ ერთი ცხადი მაგალითი იმისა, რომ ქვეყანაში არ არსებობს გადაწყვეტილებათა მიღების ინსტიტუციონალური მექანიზმი, ყველაფერი ვოლუნტარისტულად და იმპულსურად წყდება; სრული დილეტანტიზმი, არაპროფესიონალიზმი და ინფატილიზმია გამეფებული სახელმწიფო სტრუქტურებში.

საშინელ მარცხს აღნიშნულ ომში მოჰყვა საბედისწერო და უმძიმესი შედეგების მთელი კასკადი საქართველოსთვის:

ა)    აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სრული ოკუპაცია, ფაქტობრივი ანექსია და მათი დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთის მიერ, რომელმაც აღნიშნულ ტერიტორიებზე თავისი მსხვილი სამხედრო ბაზების განლაგება დაიწყო; ამ ოკუპირებულ ზონებს მიემატა კოდორის ხეობა, ახალგორის რაიონი, ფრონეს ხეობა, ლიახვის ხეობა და პერევი;
ბ)    შეირაღებული ძალების სრული რბევა და დემორალიზაცია;
ც)    მწვავე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი;                    
დ)    ფსიქოლოგიური შოკი და დეპრესია საზოგადოებაში;
ე)    ხელისუფლების შემდგომი კიდევ უფრო არაადექვატური მოქმედებები, რაც გამოიხატება ოპოზიციის დევნის გაძლიერებაში და სამხედროების მიმართ მიზანმიმართულ რეპრესიებში;
ფ)    ჩვენი ქვეყნის იმიჯის შელახვა საერთაშორისო მასშტაბით, ქვეყნის მარგინალიზაციის საშიშროება;

საბოლოო ჯამში, ყველა ამ უბედურების თავი და თავი არის ის ინსტიტუციონალური ვაკუუმი, რომელშიც კვლავაც ვიმყოფებით და რომელმაც კიდევ უფრო სახიფათო მასშტაბები მიიღო წინა პერიოდებთან შედარებით. რეალურად არ არსებობს არც დემოკრატია და არც მისი რელევანტური სახელმწიფო ინსტიტუტები, არამედ მხოლოდ მათი  ვირტუალური იმიტაცია სხვადასხვა ტექნოლოგიების მეშვეობით; სახეზეა და მოქმედებს ავტორიტარული ნება, რომელიც დამღუპველი ინერციით მიაქანებს ქვეყქნას სრული კატასტროფისკენ.

V დასკვნა

XX საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც საქართველომ თავი დააღწია საბჭოთა იმპერიის მარწუხებს, ქვეყანა მოექცა ერთგვარ მოჯადოებულ წრეში, საიდანაც დღემდე ვერ გამოუღწევია. სახელდობრ, ქვეყნის დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების ყველა “ეტაპზე” ვერ მოხერხდა იმ ფუნდამენტის დაგება, რაზედაც თანმიმდევრულად უნდა დაშენებულიყო დემოკრატიული სახელმწიფოებრივი სისტემა.

მრგვალი მაგიდის “ეპოქაც”, შევარდნაძის “ეპოქაც” და სააკაშვილის “ეპოქაც” აღბეჭდილია განსხვავებული სტილის და ხასიათის მქონე ავტორიტარული რეჟიმებით: არცერთ აღნიშნულ ეტაპზე არ განხორციელდა დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმირება, რამაც ქვეყანას კატასტროფული შედეგები მოუტანა.

დღევანდელი რეჟიმის მიერ წარმართულმა პოლიტიკამ ექსისტენციალურ ზღვართან მიიყვანა სახელმწიფოებრივი აზროვნება. ამ ზღვარს იქით იწყება სრული სახელმწიფოებრივი დეზინტეგრაცია, საერთაშორისო იზოლაცია და სამოქალაქო საზოგადოების სიკვდილი.

ისტორიული გაკვეთილი მასალაა დაკვირვებული ექსპერტული ანალიზის გასაგრძელებლად, რასაც უნდა დაემატოს შიდა სტაბილურობა და რეალური დემოკრატიული გარდაქმნა.
ავტორის შესახებ
ბათიაშვილი ირაკლი – 48 წლის, დამთავრებული აქვს თსუ ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში. XX ს-ის 70-იანი წლებიდან ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრია. 1992-1993წლებში საქართველოს საინფორმაციო-აანლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის წევრი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე (2004 წლამდე). ამჟამად ეწევა ფართო საზოგადოებრივ და პედაგოგიურ საქმიანობას. აქვს მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, არის აიბი ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.