error
ისლამური რადიკალური ორგანიზაციების იდეოლოგია და მოქმედებების სტრატეგია და ტაქტიკა ბეჭდვა
კვირა, 30 დეკემბერი 2012 09:57

 

ისლამური რადიკალური ორგანიზაციების  იდეოლოგია  და მოქმედებების სტრატეგია და ტაქტიკა
(„ალ – ქაიდა“)
ვაჰაბიზმის იდეოლოგია

XX  საუკუნის  ბოლოს და XXI  საუკუნის დასაწყისში, საერთაშორისო ისლამურ ტერორისტულ მოძრაობაში ახალი ეტაპი იწყება. 1990 – იანი წლებიდან, საერთაშორისო ისლამურ ფუნდამენტალურ მოძრაობაში ლიდერობა მოიპოვეს, ისლამის სუნიტური მიმართულების  ვაჰაბიზმის იდეოლოგიურ საფუძველზე შექმნილმა და მოქმედმა ტერორისტულმა ორგანიზაციებმა.

დღეს ვაჰაბიზმი საერთაშორისო ისლამური ტერორისტული ორგანიზაციების ქსელის იდეოლოგია, საკმაოდ პრობლემატურია მთელი მსოფლიოსათვის, მათ შორის საქართველოსთვის.

ვაჰაბიზმის, როგორც რელიგიური და საზოგადოებრივ – პოლიტიკური მიმდინარეობის წარმოშობა დაკავშირებულია, საუდის არაბეთის ტერიტორიაზე, XVIII საუკუნის პირველ ნახევარში მცხოვრებ მუჰამედ იბნ ალ – ვაჰაბის სახელთან. მის მიერ შექმნილი სუნიტური ისლამის ეს მიმდინარეობა, საუდის არაბეთში დღესაც გაბატონებულ რელიგიურ მიმართულებას წარმოადგენს. მისი მიმდევრები თავს „სალაფიტებს“ (სუფთა), „მუვაჰედუნი“ (ერთღმერთიანებს), ან მუსლიმანებს (მორწმუნე) უწოდებენ. ვაჰაბისტების აზრით, ისლამს საფუძვლად მხოლოდ ორი რამ: ყურანი და სუნა – მუჰამედის გამონათქვამები, ქცევა უდევს. მათი შეხედულებით წინასწარმეტყველი მუჰამედი იყო ჩვეულებრივი  ადამიანი. ამიტომ, არ უნდა მოხდეს მისი გაღმეთება. ისინი უარყოფენ ისლამს დამატებულ ადგილობრივ ტრადიციებს, წმინდანების კულტებს, ყოველგვარ წარმართულ

გადმონაშთებს, მაგიას, ჯადოქრობას. თვლიან რომ არ შეიძლება ადამიანების განსხვავება, წარმოშობის და ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით. ეს მოძღვრება არეგულირებს  ადამიანის საქციელს – აძლევს რჩევას, ფაქტიურად კი უწესებს დოგმად როგორ ჩაიცვას, მოიქცეს საზოგადოებაში. ვაჰაბიტებს ეკრძალებათ თამბაქოს, ჰაშიშის მოწევა, კრიალოსნის ხმარება, ხმამაღალი სიმღერა, ცეკვა და სხვა. ამ მოძღვრების მიხედვით ნებისმიერი ადამიანი, ვინც ლოგიკურად  აზროვნებს მივა „ერთღმერთიანობამდე“  და, თუ მიიღებს ვაჰაბიზმს, გახდება ჭეშმარიტი მორწმუნე მუსლიმანი.

 

ვაჰაბიზმმა წარმოშობისთანავე კარგი დასაყრდენი იპოვა არაბეთის ნახევარკუნძულის ოაზისებში. XIX საუკუნეში იგი ფართოდ გავრცელდა დღევანდელი პაკისტანის და ავღანეთის ტერიტორიებზე, იქ, სადაც ინგლისი ცდილობდა გაბატონებული მდგომარეობის მოპოვებას.  ვაჰაბიზმი გამოყენებულ იქნა, არაბეთის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ბედუინების ტომების გამაერთიანებელ იდეოლოგიად. ვაჰაბიზმის დროშის ქვეშ გაერთიანებული ბედუინების ძალები მიმართულ იქნენ ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ საბრძოლეველად.

ისტორიას თუ გადავხედავთ, ვაჰაბიზმთან თავისი არსით ახლოს მდგომი, სუნიტური ისლამური რელიგიური მიმართულებების გამოყენება, მუსლიმანი მმართველების მიერ დაპყრობითი  ომების წარმოებისას ადრეც ხდებოდა. XIV საუკუნეში მუსლიმანი ღვთისმეტყველების იბნ – ტაიმიის და იბნ ალ – კაიმიის შროემბი, ნააზრევი საფუძვლად დაედო ისლამის ერთ – ერთ მიმდინარეობას ჰანიფიზმს. ძირითადი არსი მდგომარეობდა მონოთეიზმში, ანუ ერთღმერთიანობის აღიარებაში. ეს მოძღვრებაც უარყოფდა შემდგომ პერიოდში, ისლამურ სარწმუნოებას მიმატებულ წმინდანების კულტს, წარმართულ გადმონაშთებს და სხვა დანამატებს.

ისტორიულად, ისლამის გავრცელება მსოფლიოში იარაღის ძალით, წარმოადგენდა ჭეშმარიტი მუსლიმანის რელიგიურ მოვალეობას. ომი ყოველთვის ითვლებოდა სამართლიანად თუ მიზანი, ხალხის „ჭეშმარიტ რწმენაში“ მოქცევა იყო. ვაჰაბიზმში, როგორც საერთაშორისო ისლამური ტერორიზმის იდეოლოგიაში, ორი მნიშვნელოვანი დებულება დევს – „ტაკფირზე“ და „ჯიხადზე“ ( საღვთო ომი). „ტაკფირი“ ნიშნავს, რომ ყველა ვინც არ ეთანხმება ვაჰაბისტებს, არ არის ჭეშმარიტი მუსლიმანი. მათი აზრით, ასეეთი მუსლიმანები არიან რჯულისაგან გადახვეულები და ამ გადახვევისათვის, შარიათის კანონებით სიკვდილით უნდა დაისაჯონ. „ჯიხადი“ – ბრძოლა ურწმუნოების წინააღმდეგ კი, თითოეული მუსლიმანის მოვალეობაა. ეს ორი დებულება აქცევს ვაჰაბიზმს იმ საშიშ ძალად, რაც მისი იდეოლოგიის საფუძველზე მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაციებს აყენებს, საერთაშორისო ისალმური ტერორისტული მოძრაობის სათავეში.

არსებობს, XXI საუკუნის მსოფლიო პოლიტიკაში ვაჰაბიზმის შეჭრის და საერთაშორისო ისლამური ტერორიზმის იდეოლოგად ქცევის რამოდენიმე ვერსია. პირველი ვერსიის მიხედვით, იგი დაკავშირებულია 1979 წელს საბჭოთა ჯარების მიერ ავღანეთს ოკუპაციასთან. ავღანეთში ფაქტობრივად მიმდინარეობდა სსრკ–ს და დასავლური  სამყაროს ფარული ომი. დასავლეთის სახელმწიფოების სპეცსამსახურების აზრით, ავღანეთში მცხოვრები ისალმის სახვადასხვა მიმართულების მაღიარებელი, უამრავი ეთნიკური ჯგუფები საჭიროებდნენ ისეთ იდეოლოგიას, რომელიც მათ გააერთიანებდა პროსაბჭოთა რეჟიმის და რუსული ჯარის წინააღმდეგ საბრძოლველად. ასეთ იდეოლოგიად მიჩნეულ იქნა ვაჰაბიზმი, რადგან იგი XIX საუკუნიდან, ფართოდ იყო გავრცელებული დღევანდელი პაკისტანის და ავღანეთის ცალკეულ ტერიტორიებზე მცხოვრებ, ადგილობრივ მოსახლეობაში. აღსანიშნავია, რომ როგორც ისტორიკოსების ნაწილი მიიჩნევს, ჯერ კიდევ XIX საუკუნეში, გარკვეული მოსაზრებების გამო, მის ფართოდ გავრცელებას ხელი ინგლისელმა დიპლომატებმა შეუწყვეს.

ამასთან ერთად, ავღანეთის ომში ამერიკამ და ინგლისმა დაინახეს სხვადასხვა სახის ბერკეტები, რომლითაც შეიძლებოდა სსრკ–ს დესტაბილიზაცია. ერთ – ერთ ასეთ ბერკეტად მიიჩნიეს, შუა აზიის საბჭოთა რესუბლიკებში რედიკალური ისლამის ამ მიმართულების გავრცელება. მას აღნიშნულ ტერიტორიებზე ისტორიულად კარგი დასყრდენი გააჩნდა. კერძოდ, კი XVII – XIX საუკუნეებში შუა აზიაში გავრცელდა და დამკვიდრდა, სუნიტური ისლამის ერთ – ერთი მიმართულება „მუდჟადდიდია“, რომელსაც ვაჰაბიზმთან ბევრი საერთო შეხების წერტილი ჰქონდა. შუა აზიის საბჭოთა რესპუბლიკებს, დასავლეთის ქვეყნების ანალიტიკოსები იმ პერიოდში თვლიდნენ სსრკ–ს „აქილევსის ქუსლად“. ტერიტორიად, სადაც შეიძლებოდა, ცალკეული ფაქტორების გამოყენებით დესტაბილიზაციის კერების შექმნა. ავღანეთის ომის დაწყებიდან მალევე, ერთ – ორ წელიწადში, შუა აზიაში გაჩნდა უამრავი მოხეტიალე რელიგიური მქადაგებელი. ისინი უკიდურესი, რადიკალური, ფუნდამენტალური ისლამური იდეების პროპაგანდას ეწეოდნენ. ამ ტერიტორიებზე, 1980–იანი წლების დასაწყისში რადიკალური სუნიტური ისლამური მოძრაობის მოულოდნელი გამოცოცხლება კგბ–მ საეჭვოდ მიიჩნია. საბჭოთა სპეცსამსახურები ძალიან „დაინტერესდნენ“ შუა აზიის სიტუაციით. იქ არსებული კორუმპირებული კლანების მოსპობის საბაბით, ხელისუფლებაში  დაიწყო „რუსული ელემენტის“ გაძლიერება, სხვადასხვა რანგის ადგილობრივი ჩინოვნიკების დაპატიმრებები, სპეცოპერაციები. 1980–იანი წლების შუა ხანებში შუა აზიაში, კავკასიაში რელიგიურ –  ეთნიკური დაპირისპირებები საკმაოდ სწრაფად გაძლიერდა და გადაიზარდა ლოკალურ ომებში. ეს მოვლენები იქცა, ერთ – ერთ მნიშვნელოვან კატალიზატორად დანარჩენი საბჭოთა რესპუბლიკებისათვის, რომ დაეწყოთ ბრძოლა სსრკ–ს შემადგენლობიდან გასვლისათვის.

ამ ვერსიის მომხრეები თვლიან, რომ „ცივ ომში“ სსრკ–ს დამარცხების და ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გასვლის შემდეგ, ვაჰაბიზმმა ყველაზე უფრო ფანატიკოსი მიმდევრების მეშვეობით, გააგრძელა დამოუკიდებელი არსებობა. იგი ავღანეთის ომში მებრძოლი არაბული და სხვა ქვეყნების მოხალისე მუსლიმანი ვეტერანების, ბენ ლადენის მსგავსი ლიდერობის უნარის მქონე ადამიანების მიერ, ნელ – ნელა იქცა საერთაშორისო ისლამური ტერორიზმის იდეოლოგიად. ამჟამად მისი მეთაურობით, როგორც მუსლიმანების გამაერთიანებელი იდეოლოგიის მეშვეობით, მიმდინარეობს ისლამური სამყაროს დაპირისპირება დასავლურ სამყაროსთან.

მეორე  ვერსიის თანახმად, მსოფლიო პოლიტიკაში ვაჰაბიზმის შეჭრა მომზადებული იყო 1970–იანი წლების ბოლოს, ინგლისის და საუდის არაბეთის სპეცსამსახურების მიერ. ინგლისმა და მასთან დაახლოებულმა, ნავთობით მდიდარმა არაბულმა ქვეყნებმა, ეს რელიგიური მიმართულება აირჩიეს, მსოფლიოში თავისი გავლენის გაძლიერების იარაღად. საქმე იმაშია, რომ თანამედროვე მსოფლიოში ნავთობი წარმოადგენს გეოსტრატეგიული პოლიტიკის უმთავრეს გასაღებს. დღეს უცილობელი ჭეშმარიტებაა – ვის ხელშიცაა ნავთობი, მის ხელშია მსოფლიოზე კონტროლი. ინგლისი 1980 წლისათვის კარგავს ირანს, სადაც ნავთობის მოპოვების უდიდესი წილი მისი კომპანიების ხელში იყო. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ირანის მმართველობიდან პროდასავლელი  შახის წასვლა შედიოდა, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ამერიკის ინტერესებში. ასეთი პოლიტიკით, ამერიკამ შეძლო მსოფლიოს ბატონობისთვის ბრძოლაში, ერთ – ერთი მეტოქის, ამჟამად მოკავშირის  ინგლისის ჩამოშორება.

მესამე და საკმაოდ საინტერესო ვერსიის მიხედვით, ვაჰაბიზმის გაძლიერება მსოფლიოში, რადიკალური შიიტური ისლამური მოძრაობის გაძლიერებასთან არის დაკავშირებული. ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ 1980 – იან წლებში ამერიკამ და დასავლეთის ქვეყნებმა სცადეს, ირანის მიერ შიიტური ისლამის იდეოლოგიით დაწყებული „ჯიხადის“ დაბალანსება, სუნიტური ისლამის რადიკალური მიმართულების ვაჰაბიზმის იდეოლოგიით მოქმედი, საერთაშორისო ისლამური ტერორისტული ორგანიზაციების გაძლიერებით. ამ ქვეყნების სპეცსამსახურების აზრით, სუნიტური ისლამის ეს მიმართულება, შემოიკრებდა ისლამურ ტერორისტულ ორგანიზაციებს, იარსებებდა სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშ და იქნებოდა მართვადი.

ვაჰაბიზმის თანამედროვე სახით ჩამოყალიბების, გავრცელების, აქტივობის, სხვადასხვა ძალის მიერ საკუთარი მიზნებისათვის გამოყენების შესახებ ვერსიები ბევრია. ფაქტი კი ისაა, რომ ამჟამად ვაჰაბიზმი მწყობრად ჩამოყალიბებული, მსოფლიოში გაბატონების მოსურვე რელიგიურ – პოლიტიკური მიმდინარეობაა, ხოლო „ალ – ქაედა“ – მისი პოლიტიკის ისნტრუმენტი, ტერორიტული ომის მეთოდებით. ტერორისტული ხერხებით მებრძოლი, საერთაშორისო ისლამური ტერორისტული ორგანიზაცია.

ტერორისტული ომის არსი

ანალიტიკოსების აზრით „დაბალი ინტესივობის“, „არარეგულარულმა“ ომებმა დაიკავეს ჩვეულებრივი ომების ადგილი. ასეთი ომების არსი, მშვიდობიანობის დროს მოწინააღმდეგე ქვეყნის წინააღმდეგ პერმანენტული ბრძოლაა. ადრე ჩვეულებრივი ომის დროს, მოწინააღმდეგის მორალურ – ფსიქოლოგიურ გამოფიტვას, დემორალიზაციას, დამარცხებას ახდენდნენ მისი ცოცხალი ძალის ფიზიკური განადგურებით, ინფრასტრუქტურის მოსპობით, ტერორიტული ომისას კი მოწინააღმდეგე არ ჩანს. ისინი თავდასხმებს ახორციელებენ იდეოლოგიური, ფსიქოლოგიური, ინფორმაციული შეტევების, ასევე ლოკალური, პარტიზანული ომების თვისებების გაერთიანებით, ტერორიზმის დამახასიათებელ მეთოდებთან და ხერხებთან.

ისლამური ტერორისტული ორგანიზაციების მიერ ბოლო წლებში განხორციელებული, ტერორისტული აქტების სიმრავლიდან და ზრდის ტენდეციიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქმე გვაქვს ომების წარმოების ახალ XXI საუკუნისთვის დამახასიათებელ ფორმასთან  – ტერორისტულ ომთან. ასეთი სახის ომი, მეცნიერული პროგრესის განვითარებასთან ერთად შეიძენს, უფრო ახალ, დახვეწილ და კაცობრიობის არსებობისათვის საშიშ ფორმებს. საჭიროა ტერორისტული ომის აშკარა თუ პოტენციური მსხვერპლი სახელმწიფოების სამხედრო დოქტრინებში ცვლილებების შეტანა. დასავლეთისა და ისლამური სახელმწიფოების ნაწილს ეს ცვლილებები უკვე შეტანილი აქვთ.

ბოლო ათწლეულებში მსოფლიოში არსებული პოლიტიკური სიტუაციის, სახელმწიფოთა შორის კონფლიქტების ანალიზიდან ჩანს, რომ ტერორისტული ომების წარმოების სტრატეგია წააგავს, ვირუსული  დაავადების მოქმედებას. როგორც ცნობილია, ვირუსული დაავადება განვითარების სამ ძირითად ფაზას გადის:

  1. პირველ ფაზაში ვირუსი ინერგება უჯრედში.
  2. მეორე ფაზაში ვირუსი მოქმედებს დნმ–ზე. უშვებს ტოქსინებს და ებმება უჯრედის მართვის პროცესში. გარეგნულად უჯრედი ამ ეტაპზე ისეთივეა, როგორიც იყო. მიდის ერთი შეხედვით ბუნებრივი ბიოლოგიური პროცესები. გარეშე თვალი ცვლილებებს ვერ ამჩნევს.
  3. მესამე ფაზაში უჯრედის მართვას უკვე ვირუსი იწყებს. ის განვითარების გარკვეულ ეტაპზე უჯრედს ან აგვარებს, ან სპობს.

თანამედროვე მსოფლიოში ტერორისტული ომების დროს იგივე სახის პროცესები ვითარდება. მოწინააღმდეგე პირველ ეტაპზე, ვირუსის ანალოგის მსგავსად, იწყებს მოწინააღმდეგე ქვეყნის საზოგადოებრივი განვითარების კანონზომიერ, ბუნებრივ პროცესებში ჩარევას. აღსანიშნავია, რომ მათ მიერ ჩარევისათვის საჭირო პირობები უმეტესად ხელოვნურად იქმნება. თავდაპირველად სხვადასხვა საშუალებების, მათ შორის ეკონომიური და იდეოლოგიური დივერსიების, ინფორმაციულ–ფსიქოლოგიური ომის კომპონენტების გამოყენებით ხდება, მიზანში ამოღებული ქვეყნის დასუსტება. შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური დახმარების საბაბით, სპეცსამსახურების, თუ სხვა დაინტერესებული ძალების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, ფონდები, ცალკეული მიმართულების რელიგიური და ჰუმანირატული მისიები, აღნიშნულ სახელმწიფოში აფუძნებენ თავის ფილიალებს.

მეორე ეტაპზე, საზოგადოებრივი  განვითარების ბუნებრივი პროცესების ზოგადი სახე, ამ ქვეყნებში შენარჩუნებულია. ისტორიის ობიექტური ანალიზიდან ცნობილია, რომ სახელმწიფოს შიგნით არსებული საზოგადოებრივ–პოლიტიკური ერთიერთობების რევოლუციურ მსხვრევას, სოციალურ–ეკონომიურ კრიზისს, ასევე თანამედროვე გლობალიზაციის პროცესს, თან სდევს ადამიანების სულიერი დეგრადაცია. ჩნდება მოთხოვნილება სულიერი შიმშილის დასაკმაყოფილებლად. სწორედ, ასეთი ცარიელი სივრცე ხელოვნურად ივსება, დაინტერესებული მხარის მიერ ათასგვარი რელიგიური და სხვა იდეოლოგიური დატვირთვის მქონე ლიტერატურით. მისი გავლენის ქვეშ მყოფი, რელიგიური თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი მიზანი, ხომ არა დახმარება, არამედ მოცემულ ქვეყანაში საზოგადოებრივი განვითარების ბუნებრივი პროცესების მიზანმიმართული შეცვლაა.

მოსახლეობაში ძველი სტერეოტიპების დასამსხვრევად და ახალი სტერეოტიპების დასამკვიდრებლად, ღირებულებათა ხელოვნური ცვლის პროცესის დასაჩქარებლად გამოიყენება, კარგად დამუშავებული პოლიტიკური მართვის ტექნოლოგიები. რევოლუციური სახის ცვლილებებს კი ანხორციელებენ, ადამიანის ცნობიერებაზე ზემოქმედების უდიდესი ხარისხის მქონე, ტერორისტული აქტების სერიების მეშვეობით. სხვადასხვა საბაბით პერმანენტულად ეწყობა და მიმდინარეობს დემონსტრაციები. ხდებ, ხელოვნურად ეგზალტირებული მოსახლეობის შეჯახაბების პროვოცირება, ხელისუფლების ძალისმიერ სტრუქტურებთან.

მესამე ეტაპზე, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის ცნობიერება უკვე დამუშავებულია. მომხდარია ძველი ტრადიციული ღირებულებების, მენტალიტეტის მსხვრევა. მოსახლეობის სხვდასხვა ფენებს შორის დამყარებულია იდეოლოგიური ერთობა, თუნდაც რელიგიური შეხედულებების სახით. ხელისუფლების მმართველი რგოლი კი დემორალიზებულია.

სწორედ ტერორიტული ომის დამახასიათებელი სტრატეგიით და ტაქტიკით ანხორციელებენ თავის საქმიანობას, საერთაშორისო ისლამური, ვაჰაბისტური მიმართულების იდეოლოგიური საფუძვლის მქონე ტერორისტული ორგანიზაციები, რომელთა შორის წამყვანი ადგილი „ალ–ქაედას“ უკავია.

„ ალ – ქაიდა“ მატერიალურ ტექნიკური საშუალებები და დაფინანსება

ანალიტიკოსების აზრით, დღეს „ალ – ქაედა“ ემყარება, როგორც სრტუქტურით, ასევე ტაქტიკით ომის წარმოების ახალ კონცეფციას. ამერიკელი ანალიტიკოსების კონცეფციებით ამ თანამედროვე – „კონცეპტუალური“, რუსების კი – „არარეგულარული“ ომების დროს იყენებენ ე.წ. „ასიმეტრიულ იარაღს“. „ასიმეტრიული იარაღის’ არსი უმაღლესი ტექნოლოგიების, მეცნიერულ – ტექნიკური პროგრესის მიღწევების მეშვეობით, მოწინააღმდეგე ქვეყნების მოსახლეობის ცნოებიერებაზე ზემოქმედებაში, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებაში მდგომარეობს. დღეს მეცნიერულ – ტექნიკური პროგრესის სწრაფი განვითარებიდან გამომდინარე, ომების ისტორიულად ცნობილი სახით წარმოება აღარ ხდება. კაცობრიობის არსებობის მთელ მანძილზე ომის დროს იყო მტერი და მოწინააღმდეგე. არსებობდა ზღვარი მშვიდობიან პერიოდს და ომს შორის. ახლა მტერს და მოკავშირეს, ომსა და მშვიდობას შორის გამყოფი ხაზი დაკარგულია. მოწინააღმდეგეები უცაბედად ჩნდებიან და ქრებიან, მოულოდნელად აყენებენ ერთმანეთს დარტყმებს. დარტყმები ხორციელდება იდეოლოგიური, ფსიქოლოგიური, საინფორმაციო, ლოკალური, პარტიზანული ომების თვისებების, ტერორიზმის დამახასიათებელ მეთოდებთან და ხერხებთან გაერთიანებით. აქედან გამომდინარე, ადგილი აქვს მეომრების ტრადიციული მომზადების ფრომების შეცვლასაც. მომავალში შეიძლება მეომრების შეძენა – რეკრუტირება, გაწვრთნა, იდეოლოგიური მომზადება მოხდეს არა მარტო საწვრთნელ ბაზებში, არამედ ინტერნეტის მეშვეობით. ინტერნეტის გამოყენებით ადვილია მსოფლიოს ცალკეულ რეგიონში შექმნილი ტერორიტული ორგანიზაციების, საბრძოლო უჯრედების ერთმანეთთან დაკავშირება, მათ შორის მუდმივი კავშირის უზრუნვეყოფა. ტერორისტული ოპერაციების ისე დაგეგმვა, რომ მიიღონ მაქსიმალური შედეგი. „ალ – ქაიდას“ ტერორისტს მიღებული აქვს არა მარტო უმაღლესი განათლება, არამედ კარგადაა დაუფლებული სამეცნიერო – ტექნიკური პროგრესის მიღწევებს, უმაღლეს ტექნოლოგიებს. დღეს, ფაქტობრივად განხორციელდა, „ალ – ქაიდას“ უსწრაფესი გადასვლა, იდუსტრიული ერიდან ინფორმაციულ ერაში.

დღევანდელი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, იქცნენ „ასიმეტრიული იარაღის“ შემადგენელ ნაწილად, რომლის მეშვეობით დაინტერესებული ძალები მიზანმიმართულად, იოლად ახერხებენ, გარკვეული სახის ინფორმაციის „ჩადებას“ ადამიანებსი ცნობიერებაში. „ალ – ქაიდამ“ მოახდინა „საერთაშორისო ისლამური საინფორმაციო ცენტრის“ ფორმირება. ცენტრს შექმნილი აქვს, ე. წ. „ისლამური საინფორმაციო ფრონტი“. ინტერნეტში ღიად ვრცელდება „ალ – ქაიდას“ მიმდევრების და ამ მოძრაობას მიკუთვნებული ტერორისტული ორგანიზაციების მოწოდებები. ასევე ღიად მიმდინარეობს ვაჰაბისტური იდეების პროპაგანდა, ახალი წევრების გადაბირება. აქ სპეციალურ საიტებზე მოთავსებულია დაახლოებით ათას გვერდიანი ენციკლოპედია „ჯიხადზე“. მისი გარკვეული თავები პირდაპირაა გადაწერილი XX საუკუნის სამოციანი წლების ამერიკულ სამხედრო  აკადემიებში გამოყენებული სასწავლო წიგნებიდან. საიტებზე მოთავსებულია ტერორისტული აქტების მოწყობის, მძევლების აყვანის ოპერაციების დასაგეგმი დაწვრილებითი  ინსტრუქციები. გამოქვეყნებულია კურსები: „ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადება“, „ავტომობილების დანაღმვა“, „ფსიქოლოგიური ჯიხადი“, „ელექტრონული ჯიხადი“ და სხვა. ხდება ასევე ტერორისტული ჯგუფების განცხადებების, მოწოდებების და სტრატეგიის გამოქვეყნება.

ისლამური ტერორიზმის მსოფლიოში ერთ – ერთი უდიდესი ექსპერტის, შოტლანდიის ქალაქ სენტ – ენდრიუსის უნივერსიტეტთან არსებული „ტერორიზმის და პოლიტიკური ძალადობის შესწავლის ცენტრის“ დირექტორის მ. რანსტორპის აზრით, საქმე უფრო ცუდადაა ვიდრე, წამყვანი სახელმწიფოების ანტიტერორისტული სპეცსამსახურების ექსპერტებს ჰგონიათ. იგი თავის გამოკვლევაში – „ალ – ქაიდა“ კიბერსივრცეში: „ ტერორიზმის გამოწვევა ინფორმაციულ ეპოქაში“, აანალიზებს ამ ორგანიზაციის მიერ თანამედროვე თანამგზავრული ტელეფონების, ინტერნეტის გამოყენების მასშტაბებს. მისი აზრით, ტერორისტები ინტერნეტს მხოლოდ ინფორმაციის გასაცვლელად, მითითებების გასაცემად, ან პრპაგანდისათვის არ იყენებენ. რანსტოპი თვლის, რომ ინტერნეტის მეშვეობით შესაძლებელია ტერაქტების ჩადენა, უფრო სწორედ, ტერაქტების შედეგების მიღწევა კომპიუტერების გამოყენებით. მაგალითად, დასავლეთის ქვეყნებში ინტერნეტის მეშვეობით, კომპიუტერულ მართვაზე აყვანილი წყალგაყვანილობის ქსელის, მდინარეების, წყალსაცავების ჯებირების მოშლა. ასევე დასაშვებია ნავთობსადენების, გაზსადენების, ატომური ელექტროსადგურების მწყობრიდან გამოყვანა და ეკოლოგიური კატასტროფების მოწყობა. მისი აზრით, ასევე დასაშვებია „ალ – ქაიდას“ რომელიმე ქვედანაყოფის მიერ ე. წ. „ბინძური“ ბირთვული ბომბის დამზადება. ასეთი ტიპის ბომბი იწვევს დიდი ტერიტორიის რადიაციით დაბინძურებას. ინგლისის სპეცსამსახურების ინფორმაციით „ალ – ქაიდას“ უკვე აქვს „ბინძური“ ბომბი.  ტერორისტებმა მასზე ადრევე დაიწყეს მუშაობა ავღანეთის ქალაქ გერტის ლაბორატორიაში, ამერიკელების მინაცემებით „ალ – ქაიდას“ კუთვნილ შენობაში აღმოჩენილია ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც „ბინძური“ ბომბის გაკეთებას სჭირდება.

სხვადასხვა სახის ინფორმაციებით, „ალ – ქაიდა“ დღესაც დაინტერებულია ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაქტიული იარაღის გამოყენებით ტერაქტების განხორციელებაში. ცდილობს რადიაქტიული ელემენტების შემცველი ნივთიერებების შეძენას. კონფიდენციაული ინფორმაციის თანახმად, ამ მოძრაობის ემისრები საქართველოში ცდილობდნენ ე. წ. „წითელი ვერცხლისწყლის“  შეძენას. დასახელებული ნივთიერება გამოიყენება „ბინძური“ ბირთვული ბომბის დასამზადებლად. 2004 წლის ნოემბერში ცსს–ს მიერ კონგრესში გაგზავნილ იქნა მოხსენება – „მომავალში ტერორისტული საშიშროების ზრდის შესახებ“. მის ოფიციალურ არასაიდუმლო ნაწილში აღნიშნულია, რომ ტერორისტული ჯგუფები დაიწყებენ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოაქტიური ნივთიერებების გამოყენებას ტერორისტული აქტის იარაღად. გახშირდება მცირემაშტაბიანი ტერორისტული აქტები თვითნაკეთი, სხვადასხვა ქიმიკატებიდან იოლად მიღებადი მომწავლელი ნივთიერებების მეშვეობით.

თანამდეროვე ისლამური ტერორიზმის ინგლისელი ექსპერტები თვლიან, რომ „ალ – ქაიდამ“  შესაძლოა განახორციელოს ახალი ტიპის და ხასიათის ტერორისტული აქტები. მაგალითად, თავდასხმა სავაჭრო ფლოტზე, ნავთობმზიდ ტანკერებზე. მოადინოს ერთგვარი „დიდი აფეთქება“, რომელიც მსოფლიო სახოგადოებრიობის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება. ნავთობის გადამტანი დიდი ტანკერების აფეთქებამ, შესაძლოა გამოიწვიოს ამ ტიპის ტრანსპორტის მუშაობის ნაწილობრივი პარალიზება და გააძნელოს ნედლეული ნავთობის ექპორტი აზიიდან ევროპაში, ამერიკაში. სავარაუდოდ ამ მიზნით გადიოდნენ წყალქვეშა წვრთნებს, „ალ – ქაიდას“ ტერორისტული ქსელის წევრები ჰოლანდიაში 2005 წელს. ასეთი მომზადების ტერორისტებს შეუძლიათ მოახდინონ წყალქვეშ გამავალი ნავთობსადენების, ან კომუნიკაციის საშუალებების აფეთქება. ამ უკანასკნელის დაზიანებით შეძლებენ ინფორმაციული მომსახურების სფეროს, მათ შორის ინტერნეტის ქსელის გლობალური მაშტაბით მწყობრიდან გამოყვანას. ზემოთდასახელებული სახის ტერორისტული დარტყმები, ფაქტიურად მსოფლიოს უამრავ ქვეყანაზე ერთდროული თავდასხმის ტოლფასი იქნება.

ამრიგად, დღეს „ალ – ქაიდას“ ადვილად შეუძლია სხვადასხვა სახის დღემდე უცნობი საშუალებითა და იარაღით მსხვილი ტერაქტის ორგანიზება.

დაფინანსება

საერთაშორისო ტერორისტული მოძრაობის არსებობა, მასში შემავალი ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობა შეუძლებელია საიმედო თავშესაფრის, სასწავლო ბანაკების, სამხედრო საქმის მცოდნე სპეციალისტების, კარგი შეიარაღების და დაფინანსების გარეშე.

1950 – 1990 – იან წლებში მოქმედ უფრო ორგანიზებულ, დისპლინირებულ მემარცხენე და მემარჯვენე იდეოლოგიის მქონე ტერორისტულ ორგანიზაციებს, დამნაშავეთა სამყარო კონკურენციას ვერ უწევდა. შესაბამისად, ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსების მთავარ წყაროდ იქცა ნარკობიზნესი, აზარტული თამაშები, რეკეტი, იარაღით, ძვრიფასი ქვებით ვაჭრობა და სხვა. 1970 – 1990 – იან წლებში აქტიურად მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციები კრიმინალური ბიზნესით ნაშოვნ ფულს, ხშირად ათეთრებდნენ ოფშორულ ზონებში, ან თავისი კონტროლის ქვეშ მყოფი ბანკების, ფირმების, საწარმოების მეშვეობით. „გათეთრება“ უმეტესად ხდებოდა მსოფლიოს იმ კრიზისულ რეგიონებში, სადაც შესუსტებული იყო სახელმწიფოს კონტროლი ბანკების საქმიანობაზე. მაგალითად, ასეთ ტერირტორიებად 1990 – იანი წლებიდან სსრკ – ს ყოფილი ტერიტორია, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი სოცილისტური ბანაკის ქვეყნები – იუგოსლავია, პოლონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და სხვები იქცნენ.

„ალ – ქაიდას“ დაფინანსების ძირითად წყაროდ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მოიაზრება ის სამას მილიონიანი მემკვიდრეობა, რომელიც მიიღო ბენ – ლადენმა. ექსპერტების უმეტესობა თანხმდება, რომ „ალ – ქაიდას“ დაარსების დღიდან, მისი დაფინანსების ძირითადი წყარო იყო და რჩება არაბეთის ნახევარკუნძულის ნავთობით მდიდარი სახელმწიფოები. უპირატესად საუდის არაბეთის მცხოვრები მდიდარი შეიხები. ვარაუდობენ, რომ „ალ – ქაიდას“ დაფინანსებაში დიდ როლს ასრულებენ ასევე, ამ ქვეყნების ოფიციალური სტრუქტურები. საერთოდ, საუდის არაბეთის მოსახლეობაში ფართოდაა გავრცელებული რადიკალური რელიგიური შეხედულებები. ქველმოქმედება კი ითვლება არაბული და კონკრეტულად საუდის არაბეთის კულტურის შემადგენელ ნაწილად. არ დაგვავიწყდეს, რომ ვაჰაბიზმი ამ სახელმწიფოს ოფიციალური რელიგია და იდეოლოგიაა. ვაჰაბიზმის დებულებეზეა აგებული სახელმწიფო სტრუქტურა, ადამიანთა ურთიერთობების სისტემა. არაბი შეიხების ზღაპრული სიმდიდრე სათავეს იღებს, ნავთობის გაყიდვიდან. ისინი ერთის მხრივ, დამიკიდებული არიან დასავლურ ქვეყნებზე, მეორეს მხრივ კი, საამაყოდ მიაჩნიათ „ურწმუნოების“ წინააღმდეგ ბრძოლაში თავისი წვლილის შეტანა. ამ მიზნით მდიდარი არაბები გასცემდნენ შეწირულობებს სხვადასხვა ისლამურ საერთაშორისო ფონდებში. ეს ფონდები თავის მხრივ აფინანსებდნენ, რადიკალურ, ექსტრემისტულ სუნიტურ  ორგანიზაციებს, მათ შორის „ალ – ქაიდას“.

ექსპერტების აზრით, ისლამურ ექსტრემისტულ დაჯგუფებებს გარკვეულწილად აფინანსებდნენ ორგანიზაცია „ისლამური კონფერენციის“ საბანკო სტრუქტურები, „განვითარების ისლამური ბანკი“, კერძო ისლამური ბანკი „დარ ალ – მალ ალ – ისლამი“, არაბული ნავთობის ექსპორტიორების „განვითარების ფონდი“, „აფრიკის განვითარების არაბული ბანკი“, „ეკონომიური და სოციალური განვითარების არაბული ბანკი“ და სხვები.

შეგახსენებთ არსებობს ვერსია, რომ ვაჰაბიზმის გავრცელება და მის საფუძველზე წარმოშობილი ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობა დაკავშირებულია, ნავთობით მდიდარი არაბული ქვეყნების სტრატეგიასთან. კერძოდ, მათ სურვილთან ტერორისტული ომის მეშვეობით შეინარჩუნონ და გაზარდონ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები. ამას გარკვეულწილად ადასტურებს, მსოფლიო ნავთობით მდიდარ რეგიონებში: ერაყი, ჩრდილოეთ კავკასია, აფრიკა, ინდონეზია და სხვაგან მიმდინარე პროცესები. კერძოდ, სამოქალაქო დაპირისპირება, ლოკალური ომები, გახშირებული ტერორისტული აქტები. დღეს, ერაში და საუდის არაბეთში ნავთობის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ ტერორისტულ დარტყმებს, შედეგად მოსდევს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდა. ნავთობის გაძვირებით ზემოგებებს იღებენ მისი ექსპორტიორი ქვეყნები. ანალიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ არაბული სახელმწიფოები, სწორედ ამ ზემოგების ნაწილს იყენებენ ისლამური ტერორისტული ორგანიზაციების, მათ შორის „ალ – ქაიდას“ დასაფინანსებლად.

„ალ – ქაიდას“ ორგანიზაციული სტრუქტურის განხილვისას, ავღნიშნეთ, მის მმართველ ცენტრალიზებულ სტრუქტურაში არსებობდა ორი ქვეკომიტეტისგან შემდგარი საფინანსო კომიტეტი. საფრანგეთის სპეცსამსახურების აზრით, ეს მეტყველებდა ფინანსური შეწირულობების დიდ მაშტაბებზე ამ ორგანიზაციაში. ანალიტიკოსების ნაწილი კი თვლის, რომ „ალ – ქაიდას“ არ ყოფნიდა შეწირულობები, რადგან სხვადასხვა დაფინანსების, იარაღის და ოპერატიული საქმიანობისთვის საჭირო აღჭურვილობის შეძენას, დიდი თანხები სჭირდებოდა. 1990 – იანი წლების დასაწყისში ბენ – ლადენი, დაფინანსების გაზრდის მიზნით ისლამურ ქვეყნებში და პირველ რიგში სუდანში, ლეგალურ ბიზნესში სდებდა დიდ ფულად თანხებს. მიღებულ მოგებას იგი „ალ – ქაიდას“ ახმარდა. მეტიც, ბენ – ლადენმა უზარმაზარი თანხები დააბანდა ამერიკის და სხვადასხვა დასავლური ქვეყნების ეკონომიკაში. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, დღეს ნაწილობრივ სწორედ დასავლური ქვეყნებიდან მიღებული შემოსავლებით ფინანსდება, ამავე სახელმწიფოების მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტები.

დღესაც, როცა “ალ – ქაიდა“ მოქმედებს დეცენტრალიზებული სტრუქტურით, კვლავ აქვს შემორჩენილი მომგებიანი კომერციული ორგანიზაციები. იგი იღებს თანხებს მისი „მფარველობის“ ქვეშ მყოფი საწარმოებიდანაც. მათგან შემოსავლის მიღება საკმაოდ მარტივია. ისლამურ, ან დასავლეთის ქვეყნებში მდებარე, წარმოშობით არაბების, მუსულმანების საწარმოებს, თუ უნდათ ნორმალურ რეჯიმში მუშაობა, არ გაანადგურონ მათი წარმოების ინფრასტრუქტურა, იძულებული არიან „კეთილ –  შობილური“ მიზნით გასცენ  „შეწირულობა“ „ალ – ქაიდასთვის“. ტექნიკურად ეს ასე ხორციელდება – მათ „შეწირული“ თანხა „ნებაყოფლობით“ შეაქვთ ეგვიპტეში, ინდოეთ – პაკისტანის საზღვარზე ან რომელიმე დასავლური ქვეყნის დიდ ქალაქში მდებარე, „ალ – ქაიდას“ იდეოლოგიური გავლენის ქვეშმოქცეულ მეჩეთებში. აქედან ფული ხვდება „ალ – ქაიდას“ ემისრებთან, მათგან კი „ალ – ქაიდას“ ანგარიშებზე.

ცენტრალიზებული სტრუქტურით საქმიანობის დროს, „ალ – ქაიდა“ ფულს ცენტრალიზებული წესით ანაწილებდა. ამ მიზნით გამოიყენებოდა ჩვეულებრივი ბანკებიც. ბანკებში იხსნებოდა კერძო პირების ანგარიშები. ადგილობრივი საბანკო სისტემის თუ ძალისმიერი სტრუქტურების მოქრთამული თანამშრომლების მეშვეობით ხდებოდა ფულის გატანა. გარკვეულ შემთხვევაში კი არსებობდა ფიქტიური ფირმები, რომლებიც ხსნიდნენ ანგარიშებს და ანხორციელებდნენ უსაქონლო ოპერაციებს. არსებობდნენ სპეციალური ემისრები, ვისაც ფული გადაჰქონდა რამოდენიმე ქვეყნის საზღვრების გავლით. გამოიყენებოდა ასეთი გზაც, სახელდობრ ყიდულობდნენ ისეთ საქონელს, რომელზეც მუდმივი მოთხოვნილებაა და ადვილად უკეთდება რეალიზაცია. მაგალითად, აფრიკაში იზენდნენ ალმასებს და შესაბამის ქვეყნებში ჩაჰქონდათ. ასეთი ხერხებით დიდი ფულადი სახსრების მოძრაობას არიდებდნენ ოფიციალურ საბანკო სტრუქტურებს. იყენებდნენ ასევე ფულის გადაადგილების ძველ არაბულ არაფორმალურ სისტემას – „ჰავალა“. მისი არსი მდგომარეობს ურთიერთნდობის საფუძველზე, სხვდასხვა ქვეყანაში მცხოვრები, ე. წ. „ჰავალდეგერების“ მიერ ნებისმიერი თანხების, ყოველგვარი დოკუმენტის გაფორმების გარეშე გადაცემაში.

აღსანიშნავია, რომ „ალ – ქაიდას“ ქსელთან რამდენადმე დამოკიდებული ისლამური ტერორიტული ორგანიზაციები, რომლის წევრებს გავლილი ჰქონდათ მომზადება „ალ – ქაიდას“ საწვრთნელ ბანაკებში, გამოირჩევიან დაფინანსების მეტ – ნაკლები სტაბილური წყაროებით. ამ ბანაკებში მოჯახედების გონებრივად განვითარებული ნაწილის მიერ, ბიზნესის წარმოების შესწავლამ საშუალება მისცა, ავტონომიურად მოქმედ ტერორიტულ ორგანიზაციებს იოლად მოახდინონ ფულადი სახსრების მობილიზება.

თანამდეროვე ისლამური ტერორიზმის ექსპერტების აზრით, დღეს „ალ – ქაიდას“სუნიტური მიმართულების ალჟირულ, ეგვიპტურ თუ ინდონეზიურ ორგანიზაციებს აფინანსებენ ცალკეული სახემწიფოებიც. მათ შორის არიან, არა მარტო არაბეთის ნახევარკუნძულის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები, არამედ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს შიიტური ირანი.

სუდანურ – ავღანური  განვითარებების ეტაპები

სსრკ – ს  საჯარისო ფორმირებების ავღანეთიდან გასვლის შემდეგ, „ალ – ქაიდამ“ თავის მიზნად გამოაცხადა, საერო რეჟიმების დამხობა არაბულ სახელმწიფოებში. ამ ქვეყნებში უნდა მომხდარიყო შარიათზე  – ისლამურ ნორმებზე და წესებზე აგებული ისლამური, სასულიერო მმართველობის დამყარება. ორგანიზაციამ მტრად გამოაცხადა ამერიკა, ისრაელი და დასავლეთის ის ქვეყნები, ვინც მათი აზრით უხეშად ერეოდნენ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებში. ამ ხანებში „ალ – ქაიდას“ შტაბ – ბინის ადგილმდებარეობაზე ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ იგი ავღანეთში, ან პაკისტანში მდებარეობდა.

ამავე პერიოდში „ალ – ქაიდა“ იწყებს, თავისი წევრების მსოფლიოს იმ ქვეყნებში გაგზავნას,  სადაც ძლიერდებოდა მუსლიმანების გამოსვლები. ავღანეთი, ალჟირი, ეგვიპტე, ერიტრეა, ბოსნია, კოსოვო, იემენი.

1991 წლიდან იწყება „ალ – ქაიდას“ განვითარების II ეტაპი. ბენ – ლადენი დასახლდა სუდანში. ეს ქვეყანა სირიასთან, ლიბანთან და რეგიონში მდებარე სხვა ისლამური ქვეყნების მსგავსად, დიდ მფარველობას უწევდა, განსხვავებული იდეოლოგიური საფუძვლის მქონე ტერორისტულ ორგანიზაციებს, ცალკეულ ტერორისტებს.

1995 წლის ნოემბერში და შემდეგ 1996 წლის ივლისში, საუდის არაბეთის ქალაქებში ელ – რიადში და დაჰრანში, „ალ – ქაიდას“ წევრებმა მოაწყეს ორი დიდი სიმძლავრის ტერაქტი, მიმართული ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ. ტერაქტები განახორციელეს დანაღმული სატვირთო ავტომობილების მეშვეობით, რომლებსაც მართავდნენ თვითმკვლელი ტერორისტები  – შაჰიდები. სწორედ, ამ დროიდან იწყება უშუალოდ „ალ – ქაიდას“ წარმომადგენლების მიერ, ტერაქტების განხორციელების სერიები ამერიკელების წინააღმდეგ. შაჰიდების გამოყენება ტერაქტებისას კი იქცა „ალ – ქაიდას“ ხელწერად. ამრიგად, 1991 – 1994 წლებში „ ალ – ქაიდა“ პრაქტიკაში ამოწმებდა, ხვეწდა წინამორბედი ტერორიტული ორგანიზაციების ტერორისტულ ტაქტიკას, მეთოდებს, ხერხებს. იკრებდა ძალებს და მოქმედებდა ცენტრალიზებული სტრუქტურებით. მისი ცენტრალიზებული სტრუქტურები არ იქცა ზეწოლის მექანიზმად, ტერორისტული ორგანიზაციის დაბალი რგოლებისათვის. „სუდანის პერიოდში“ „ ალ – ქაიდას“ ანალიტიკოსებმა ასევე შეისწავლეს, შეითვისეს წინამორბედი ტერორისტული ორგანიზაციების საბრძოლო გამოცდილება. მათ შორის მემარცხენე ტერორიტების, პალესტინური და შიიტური ტერორისტული ორგანიზაციების, მაროკოს, ეგვიპტური, ალჟირული და სხვა სუნიტური, ისლამური ექტრემისტული ორგანიზაციების მეთოდები და ხერხები. სწორედ, ამ უკანასკნელი ორგანიზაციების ტერორისტული გამოცდილებიდან აიღეს, შაჰიდების ფსიქოლოგიური მომზადების და ტერორისტული აქტებისას მათი გამოყენების ტაქტიკა. 1995 – 1996 წლებში, „ალ – ქაიდამ“ აქტიურად დაიწყო, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში სამხედრო – საწვრთნელი ბანაკების გახსნა. ამავე პერიოდში, გამოიკვეთა „შრომის განაწილება“ „ალ – ქაიდაში“ გაერთიანებულ სხვადასხვა ეროვნებების წარმომადგენლებს შორის. იდეოლოგიურ მუშაობას ძირითდად აწარმოებდნენ არაბები, პაკისტანელები და ავღანელები. ალჟირელებს იყენებდნენ ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად. ეგვიპტელებს კი სამხედრო – საწვრთნელ ბანაკებში სამხედრო ტექნიკის, სტრატეგიის და ტაქტიკის კურსების ჩასატარებლად. „ალ – ქაიდას“ წევრებმა „სუდანის პერიოდში“ დახვეწეს, სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი ტერორისტული ჯგუფების საქმიანობის კოორდინაციის სისტემა. დაამუშავეს ტერორისტული დარტყმების ერთიანი ტაქტიკა. შეძმნეს ადგილობრივ ტერორისტულ ორგანიზაციებს შორის ფულადი სახსრების ცენტრალიზებულად განაწილების, ფულადი გზავნილების საიმედო არხები.

დღევანდელი გადასახედიდან კარგად ჩანს, რომ ამ პერიოდიდან მთელ რიგ ქვეყნებში, „ალ – ქაიდამ“ მისდამი დაქვემდებარებულ ვაჰაბიტურ „ჯამაათებთან“ შექმნა, არა მარტო საბრძოლო უჯრედები, არამედ „დაკონსერვებული“ ჯგუფებიც. ასეთი ჯგუფების წევრები თუ ცალკეული ინდივიდები აქტიურად არ მოქმედებდნენ. მათი ნაწილის მოვალეობა იყო ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების, ძალისმიერი სტრუქტურების – პოლიციის, არმიის და სპეცსამსახურების რიგებში შეღწევა. მეორე ნაწილი კი, ოფიციალურ ბიზნეს – სტრუქტურებში ახდენდა ინტეგრირებას. ნაწილი საერთოდ არ აქტიურობდა. ეს უკანასკნელნი რამოდენიმე წლის შემდეგ ეტაპობრივად გახდნენ ადგილობრივი „ჯამაათების“, საბრძოლო უჯრედების წამყვანი წევრები და ლიდერები.

ავღანური პერიოდი

1996 წელს „ალ – ქაიდას“ შტაბ – ბინის გადასვლა ავღანეთში, მოასწავებდა ცვლილებებს მის სტრატეგიაში და ტაქტიკაში. სიმპტომატურია, რომ სწორედ ავღანეთში, 1996 წლის აგვისტოში გააკეთა ბენ – ლადენმა პირველი ოფიციალური განცხადება – გამოსცა „ფეტვა“, რომელიც მუსლიმანებს პირდაპირ მოუწოდებდა ნებისმიერ ქვეყანაში ამერიკელი ჯარიკაცების ფიზიკური განადგურებისაკენ. ამით „ალ – ქაიდამ“ ასე ვთქვათ, ოფიციალურად გამოაცხადა ომის დაწყების შესახებ, ამერიკის და საერთოდ დასავლური სამყაროს წინააღმდეგ. თვითონ „ალ – ქაიდისთვის“ ავღანეთში დამკვიდრება, მომგებიანი ტაქტიკური სვლა აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში ორგანიზაციამ შეძლო, დასავლური სამყაროს ყურადღების ნაწილობრივი გაფანტვა იმით, რომ გააქტიურა თავისი საქმიანობა უზბეკეთში, ტაჯიკეთში, ქაშმირში, ჩეჩნეთში, სებიაში, ბოსნიაში, კოსოვოში და სხვა კრიზისულ ტერიტორიებზე.

„ავღანეთის პერიოდი“ „ალ – ქაიდასთვის“ იქცა, საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციად ჩამოყალიბების მთავარ, გარდამტეხ ეტაპად. სწორედ ამ პერიოდში მიიღო საბოლოო სახე, სამხედრო – სასწავლო ბანაკების პროგრამების, დაფინანსების, მოჯახედების მომზადების სისტემამ. ავღანეთში, როგორც სუდანთან შედარებით უსაფრთხო ტერიტორიაზე, „ ალ – ქაიდას“ ანალიტიკოსებმა საკმაოდ მშვიდად, საფუძვლიანად შეძლეს ტერორის წარმოების სტრატეგიის და ტაქტიკის გადამუშავება, მეთოდების და ხერხების დახვეწა. ამასთან, თუ სუდანის ხელისუფლებაზე მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ამერიკის  და დასავლეთის ქვეყნებს შეეძლოთ, ადვილი ზემოქმედების მოხდენა, ავღანეთზე და იქ გაბატონებულ თალიბანის რეჟიმზე ვერ ახერხებდნენ. შესაბამისად „ალ – ქაიდას“ წევრები უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს. „ალ – ქაიდამ“ ავღანეთში თალიბანის რეჟიმის სახით მიიღო რა საიმედო თავშესაფარი, შეძლო დიდი რაოდენობის ახალი თაობის მოჯახედების მომზადება.

ავღანეთში დამკვიდრების შემდეგ, სწრაფად დაიწყო ზრდა ბენ – ლადენის ავტორიტეტმა. „ალ – ქაიდას“ სტრატეგია შეიძლება ორ ნაწილად: I – 1996 – 1998 და II – 1998 – 2001 წლების პერიოდებად დავყოთ.

1996 – 1998 წლებში, „ალ – ქაიდას“ მთავარ სტრატეგიულ მიმართულებად კვლავ დარჩა, მსოფლიოს ცალკეულ რეგიონებში ემისრების გაგზავნა და იქ, რადიკალურ ისლამური მოძრაობების გაძლიერება.

1998 – 2001 წლებში „ალ – ქაიდამ“ აიღო ახალი სტრატეგიული კურსი. იგი გამოიხატა მხდელობაში, მისი ხელმძღვენელობით მომხდარიყო მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი, ისლამის სუნიტური მიმართულების ტერორიტული ორგანიზაციების გაერთიანება, დასავლური სამყაროს წინააღმდეგ საბრძოლველად. მითითებულ პერიოდში, „ალ – ქაიდას“ ავტორიტეტი ისე ძალიან გაიზარდა, რომ ბენ – ლადენის მიერ გამოცხადებული „ფეტვები“ სუნიტებისთვის იღებდა კანონის სახეს. ამ დროისათვის „ ალ – ქაიდამ“ შეძლო, ცალკეულ ქვეყნებში მოქმედი, სუნიტური ისლამური დაჯგუფებების დიდი ნაწილის რადიკალიზაცია და თავისი გავლენის ქვეშ მოქცევა. 1998 წელს 28 მაისს ბენ – ლადენმა ოფიციალურად გამოაცხადა, „ალ – ქაიდასთან“ ერთად, სხვადასხვა ქვეყნაში მოქმედი ისლამური რადიკალური, ექსტრემისტული, ტერორისტული ორგანიზაციების, ჯგუფების გაერთიანება „საერთაშირისო ისლამურ ფრონტში ებრაელების და ჯვაროსნების წინააღმდეგ.“

„ საერთაშორისო ისლამურ ფრონტში“ გაერთიანებულმა ორგანიზაციებმა, 1998 წლის თებერვალში გააკეთეს ერთობლივი განცხადება. მასში მოუწოდებდნენ ამერიკის, მისი მოკავშირე სახელმწიფოების სამხედრო პირების და ჩვეულებრივი მოქალაქეების მკვლელობას ნებისმიერი საშუალებით, ნებისმიერ ქვეყანაში. საერთოდ, მოსახლეობის ცნობიერებაზე უფრო დიდ ზეგავლენას ახდენს სამოქალაქო პირების მკვლელობა, ვიდრე ჯარისკაცების. ამ პერიოდში, განსაკუთრებით 1998 წლიდან, შეიცვალა „ ალ – ქაიდას“ ტაქტიკა. თუ ადრე ტერაქტებს ძირითადად ანხორციელებდნენ „ალ – ქაიდას“ ცენტრალიზებული სტრუქტურები, ნელ – ნელა ასპარეზზე გამოვიდნენ ავღანეთში, „ალ – ქაიდას“ ბანაკებში ნასწავლი მოჯახედები. ისინი იწყებენ „ალ – ქაიდას“ სტრუქტურებისგან დამოუკიდებელ ტერორისტულ საქმიანობას. სიმპტომატურია, რომ „ალ – ქაიდა“ „ავღანეთის პერიოდში“, მის ბანაკებში წვრთნაგავლილ პირებს, არ აიძულებდა უშულოდ თავის ორგანიზაციულ სტრუქტურებში შესვლას. იგი მათ სრულ თავისუფლებას აძლევდა „ურწმუნოებთან“  ბრძოლაში.

1998 – 2001 წლებში ერთის მხრივ, საერთაშორისო მნიშვნელობის ტერაქტები, მეორეს მხრივ, მსოფლიოს ბევრ რეგიონში რადიკალური ისლამური მოძრაობების წარმომადგენლების მიერ, პარტიზანული ბრძოლების ერთდორულად გააქტიურება, ერთი მოვლენის, ერთი ჯაჭვის სხვადასხვა რგოლებს წარმოადგენდა. „ალ – ქაიდას“ ანალიტიკოსები მიხვდნენ, რომ ასეთი ტაქტიკა აძლევდათ საშუალებას, მოეხდინათ ტოტალური ზემოქმედება საერთაშორისო საზოგადოებრიობაზე. მსოფლიოს მიყრუებულ რეგიონებში მომხდარ ტერორისტულ აქტებს და პარტიზანულ თავდასხმებს, დასავლეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები საკმაოდ დაწვრილებით აშუქებენ. დასავლური ქვყნების უდიდესი ტელეკომპანიების და საერთოდ მას – მედიის ასეთი ქმედება, ალ – ქაიდასთვის“ ინფორმაციული ომის უფასოდ წარმოების ტოლფასი იყო და არის დღესაც.

ნელ – ნელა, ნაბიჯ – ნაბიჯ „ალ – ქაიდას“ ანალიტიკოსები მივიდნენ აზრამდე, რომ განეხორციელებინათ ისეთი ტერორისტული აქტები, რომელსაც მოყვებოდა საშუალო სიდიდის ომში გამარჯვებით მიღწეული შედეგები. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი სწორედ ასეთ მიზანს ემსახურებოდა. ამ ტერაქტმა მთლიანად შეცვალა, მსოფლიოს დამოკიდებულება საერთაშორისო ისლამური ტერორიზმისადმი.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ნ.ჩიქოვანი „რელიგია და კულტურა სამხრეთ კავკასიაში“ თბილისი 2006 წ.

თ.სიმაშვილი , გ.ღადალაშვილი „საერთაშორისო ისლამური ტერორიზმი და ალ – ქაიდა“ თბილისი 2007 წ.

აიბი ევრო – კავკასიური უნივერსიტეტის, საერთაშორისო უსაფრთხოების კვლევების მაგისტრანტი: ირაკლი საჯაია. (C)