ჩვენს შესახებ
payday loans

საავტორო უფლებები

საიტზე გამოქვეყნებული მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებლად მიუთითეთ ვებ მისამართი და ნაშრომის ავტორი.

პარტნიორები

geeu

khoperia

military300

coordinate41

heroes

ალყა PDF ბეჭდვა ელფოსტა
პარასკევი, 01 ივლისი 2011 14:33
ალყა
(ვახტანგ კაპანაძე)

FORTES FORTUNA ADJUVANT (ლათ. ბედი მამაცთ სწყალობთ) ანუ ალყაში ბრძოლა და ალყის გარღვევა
“მებრძოლს შეტაკებაში გადაარჩენს ძალა, მაგრამ გამარჯვებას მოუტანს ძლიერი სული”
ჩინური სამხედრო ტრაქტატი “სიმა ფა”    
IV ს. ჩვ.წ. აღ-მდე

      ამჟამად ვისაუბროთ ისეთ ურთულეს პირობებში წარმოებულ საომარი მოქმედებების შესახებ, როგორიცაა – ალყაში ბრძოლა და ალყის გარღვევა. მსოფლიო ომების ისტორიაში მრავლად მოიპოვება მაგალითი, როდესაც ალყაში ბრძოლისათვის მოუმზადებელი ძალები განიცდიდნენ სრულ კატასტროფას, ხოლო მათ, ვისაც გააჩნდათ უნარი, ნებისყოფა და გამბედაობა აღნიშნული ქმედებების ჩასატარებლად, წარმატებით განახორციელეს ალყაში თავდაცვითი მოქმედებები და ალყის გარღვევა, მიაყენეს მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი მატერიალური და მორალური ზარალი.

საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მომხდარ სამხედრო კონფლიქტებში მრავლად მოიპოვება ამ ტიპის როგორც წარმატებული, ასევე წარუმატებელი სამხედრო ოპერაციების მაგალითები,  თუმცა უპრიანი იქნება ამ მაგალითების პროფესიულ გარჩევას ცალკე დაეთმოს ადგილი ჟურნალში.  სტატიის შეზღუდული მოცულობის გამო ამჯერად განვიხილავთ ორ წარმატებულ მაგალითს: ერთი მათგანი განხორციელდა ბრძოლებში გამოწრთობილი რეგულარული ოპერატიული გაერთიანების მიერ ტაქტიკის წესების სრული დაცვით, ბრწყინვალე სტილში, ხოლო მეორე – ირეგულარული, მაგრამ გაბედული, აგრესიული, მოტივირებული და მოხერხებული მებრძოლებით დაკომპლექტებული რაზმის მიერ.

დღევანდელი მოცემულობით, საბჭოთა სამხედრო წესდებები აღარაა ხმარებაში, ქართულის შემუშავება არ დასრულებულა, ხოლო ამერიკულიFსაველე წესდებებში (მაგ. FM 3-90) საკმარისად დეტალურად არ განიხილება ალყის პირობებში მოქმედება.  ამავე დროს, საქართველოს მთა-გორიანი ომის თეატრში, როდესაც ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე თავისი საბრძოლო კონცეფციებიდან გამომდინარე შეეცდება მასირებული ჯ/სატანკო ძალების კონცენტრირებული დარტყმებით გაარღვიოს ჩვენი თავდაცვა, დაარტყას ფლანგებს, გავიდეს ზურგში, მოაქციოს ალყაში წინააღმდეგობის დარჩენილი კერები და მეორე ეშელონებით გაანადგუროს ისინი,  უაღრესად აქტუალური ხდება ჯარებისა და შტაბების აღნიშნული საომარი პირობებისთვის მომზადება.  შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მკითხველს გავუზიაროთ ალყაში ბრძოლის და ალყის გარღვევის ზოგადი ტაქტიკური ხერხები და ის მეთოდები, რომლებიც საჯარისო წესდებებში ხშირად არ გვხვდება.

დავიწყოთ მაგალითით.  1944 წლის იანვარში გერმანელთა არმიის ჯგუფ სამხრეთის ექვსი დივიზია აღმოჩნდა ალყაში გენერლების ვატუტინისა და კონევის უკრაინის პირველი და მეორე ფრონტების მოულოდნელი დარტყმის შედეგად, სოფელ კორსუნის მახლობლად.  გერმანელები კიდევ ერთხელ დადგნენ მეორე სტალინგრადის საფრთხის წინაშე.  ამ პერიოდში საარმიო ჯგუფს სარდლობდა ერიჰ ფონ მანშტეინი, რომელმაც სასწრაფოდ გადააჯგუფა საარმიო ჯგუფი ალყაში მოხვედრილების დასახმარებლად.  ალყაში მომარაგება და დაჭრილთა გამოყვანა ხორციელდებოდა მხოლოდ ჰაერიდან, რაც მალე ამინდისა და საბჭოთა ავიაციის ბატონობის გამო შეუძლებელი გახდა.  დარჩა ერთი გამოსავალი – ალყის გარღვევა.  ჰიტლერის ბრძანების მიუხედვად, რომლის თანახმადაც ყველას უნდა ეომა ბოლო ჯარისკაცამდე, მანშტეინმა მიიღო გადაწყვეტილება და 16 თებერვალს ღამით ალყაში მყოფთაგან ყველაზე ძლიერი შენაერთის ესეს “ვიკინგის” მოწინავეობით გერმანელებმა შეძლეს საბჭოელთა ალყის გარღვევა და გარედან მათ დასახმარებლად მებრძოლი სატანკო დივიზიებთან შეერთება.




vik

დივიზია “ვიკინგის” მებრძოლები ალყაში



მეორე მაგალითზე მოგვიანებით შევჩერდებით.


ალყაში ბრძოლა  


ბრიგადის (ბატალიონის) ალყაში მოქცევა ყველაზე ხშირად ხდება თავდაცვითი ოპერაციების ან უკან დახევითი ქმედებების დროს მოწინააღმდეგის ჭარბი ძალების მოგერიების პროცესში.  საქართველოსთვის მსგავსი გარემოებები განსაკუთრებით ხშირი შესაძლებელი იქნება არსებული მოწინააღმდეგის რესურსების და ოპერაციის მთა-გორიანი თეატრის პირობებში, როდესაც თავდაცვას ხშირ შემთხვევაში კერული ხასიათი ექნება.  ასევე მაშინ, როდესაც უკან დახევისას დევნის ტემპები უფრო მაღალია, ვიდრე უკან დახევის, ამასთან ალყაში შესაძლებელია მოხვდეს როგორც არიერგარდი, ასევე ძირითადი ძალებიც. ცალკეულ შემთხვევაში, ალყაში შეიძლება მოხვდეს შეტევაში მყოფიც, თუკი მოწყდება ძირითად ძალებს.  არსებული მთავარი მოწინააღმდეგის წესდებებისა და საბრძოლო კონცეფციების გათვალისწინებით, ალყის საბოლოო შეკვრის მიზნით, დიდი ალბათობით განხორციელდება საჰაერო და საზღვაო დესანტების გადმოსხმა, საჰაერო-საიერიშო ძალების გამოყენება, გარემოს დისტანციური დანაღმვა.

ალყის თავიდან აცილების მიზნით მეთაურმა უნდა:
•    გააძლიეროს დაზვერვა, ფლანგების, ზურგის და მიჯნების უზრუნველყოფა;
•    გადააჯგუფოს ძალები და საშუალებები ტანკ-საშიშ მიმართულებებზე, შექმნას რეზერვი;
•    განახორციელოს მნიშვნელოვანი მისასვლელების დანაღმვა და საინჟინრო წინაღობების მოწყობა;
•    საცეცხლე საშუალებების აქტიური ზემოქმედებითა და კ/შეტევებით აღკვეთოს შემოვლის მცდელობა;
•    შეინარჩუნოს კავშირი მეზობლებთან და ზემდგომ მეთაურთან.

ალყაში ბრძოლა, ფაქტიურად წარმოადგენს თავდაცვით ქმედებებს პირობებში, როდესაც მოწინააღმდეგე იმყოფება ერთდროულად ფრონტზე, ფლანგებსა და ზურგში.

ბრიგადა (ბატალიონი) იცავს რაიონს, რომელიც დაახლოებით შეესაბამება ან ოდნავ მცირეა მისი თავდაცვის მონაკვეთის ზომების, ანუ ბრიგადისათვის 10-15 კმ ფრონტითა და 10-12 კმ სიღრმით, ბატალიონისთვის – 5 კმ-მდე ფრონტი და 2-3 კმ-მდე სიღრმე.

ალყაში წარმატების მიღწევისთვის აუცილებელია:
•    წრიული თავდაცვის მოწყობა;
•    დამატებითი დაზვერვის ორგანიზება;
•    ძლიერი მობილური რეზერვების შექმნა ან აღდგენა, მათი რამოდენიმე რაიონში განლაგება;
•    ტანკ-საშიში მიმართულებების გაძლიერება ტ/საწინააღმდეგო სისტემებით;
•    თავდაცვის პირველი ეშელონების ფლანგების ცეცხლითა და საინჟინრო წინაღობებით დამატებითი გაძლიერება;
•    მართვის პუნქტებისა და ზურგის საიმედო დაცვის ორგანიზება;
•    აქტიური და აგრესიული კ/იერიშებით მოწინააღმდეგის შემოჭრილი “სოლების” და გადმოსხმული დესანტების განადგურება.

თავდაცვის წრიული ფრონტის დიდი გადაჭიმულობა და რამოდენიმე საშიში მიმართულების არსებობის – ერთის მხრივ, ძალებისა და საშუალებების სიმცირის პირობებში მანევრისთვის ხელშემწყობი შიდა საოპერაციო ხაზების არსებობის – მეორეს მხრივ,  თავდაცვის ძალები იმგვარად უნდა იქნას ორგანიზებული, რომ შეძლოს უმოკლეს ვადებში ნებისმიერი მიმართულების გაძლიერება.  ამ პირობებს კარგად აკმაყოფილებს ბრიგადის მოწყობა ერთ ეშელონად, ძლიერი რეზერვების გამოყოფით.

ბატალიონი, რომელიც ახორციელებს თავდაცვას ბრიგადის (ბრიგადის ტაქტიკური ჯგუფის) შემადგენლობაში, მთავარ მიმართულებებზე თავდაცვას ორ ეშელონად აწყობს, სხვა მიმართულებებზე – ერთ ეშელონად.  ბატალიონი, რომელიც ალყაში იბრძვის დამოუკიდებლად, ეწყობა ერთ ეშელონად, ძლიერი რეზერვის გამოყოფით (არა ნაკლებ ორი ოცეულის შემადგენლობით).

ალყაში მოხვერდილი ძალების მთელი არტილერიის უდიდესი ნაწილი მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნას ცენტრალიზებულად.  ბრიგადაში აუცილებელია ჩამოყალიბდეს ორი, ხოლო ბატალიონში ერთი ტ/საწინააღმდეგო რეზერვი და მოძრავი გადამღობი ჯგუფი.

მოქმედებების კოორდინირებისა და ერთობლივი ძალისხმევის ორგანიზების მიზნით, ალყაში მყოფი და ალყის გარეთ დარჩენილ ძალებს შორის კავშირი მუდმივად უნდა ფუნქციონირებდეს.

ალყაში მოხვედრილი ძალების მომარაგება წარმოებს ადგილობრივი მარაგებით და ჰაერით.



ლოგისტიკის ქვედანაყოფები და ძალები ერთიანდებიან ტაქტიკურ ჯგუფებად და ასევე მონაწილეობენ საერთო თავდაცვით მოქმედებებში.  მათი განლაგების რაიონები ეწყობა საერთო თავდაცვის სისტემაში შემავალ საყრდენ პუნქტებად.

საბრძოლო მარაგების დაზოგვის მიზნით უპირატესობა ენიჭება პირდაპირი დამიზნებით ცეცხლის წარმოებას, როგორც უფრო ეკონომიურს და შედეგიანს.

იმ შემთხვევაში, თუკი მოწინააღმდეგე მოახერხებს წრიული თავდაცვის სიღრმეში შეჭრას და დაცვაში მყოფი ძალების დაცალკევებას, ალყაში მყოფმა მეთაურმა ყველა არსებული ძალებით უნდა ეცადოს გაანადგუროს შემოჭრილი მოწინააღმდეგე და აღადგინოს დაცვის სისტემის ერთიანობა.


ალყის გარღვევა


გარემოებიდან გამომდინარე ალყის გარღვევა და გამოსვლა შესაძლებელია მთელი ძალებით, ან მცირერიცხოვანი ჯგუფების ექსფილტრაციით.  ეს უკანასკნელი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამოწურულია ალყაში მყოფთა გარედან დახმარების ყველა შესაძლებლობა, ხოლო ალყაში მყოფებთ აღარ ძალუძთ ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევა.

ალყის გარღვევა, როგორც წესი ხორციელდება ზემდგომი მეთაურის ბრძანების შესაბამისად.  იმ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც კავშირი დაკარგულია ალყაში მოქცეულ და მის გარეთ მყოფ ძალებს შორის, ალყის გარღვევის გადაწყვეტილებას იღებს ალყაში მყოფი უშუალო მეთაური.  ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი ამის საშუალება არსებობს, დაუშვებელია გარღვევის ხელშემწყობი მომენტის ხელიდან გაშვება.

ალყიდან გამოსვლის ვექტორი ყოველთვის არ ემთხვევა საკუთარი მთავარი ძალების განლაგებამდე უმოკლეს მანძილს.  ხშირად, ამ მიმართულების პერპენდიკულარულ გარღვევას, მოულოდნელობის გამო, წარმატების უფრო მეტი შანსი აქვს.  ამასთან, მოულოდნელობა და ყარადღების გადამტანი მოქმედებები უმეტეს შემთხვევაში უფრო დიდი მნიშვნელობისაა, ვიდრე მოწინააღმდეგის რიცხობრივი უპირატესობა, ადგილმდებარეობა ან საკუთარი მთავარი ძალების სიახლოვე.

გარღვევის დროისა და ადგილის სწორი განსაზღვრისთვის მეთაურმა უნდა განსაზღვროს, თუ რა დრო სჭირდება გარღვევის მოსამზადებლად, როდის უნდა დაიწყოს შეტევა, დღე-ღამის რა დრო და დარტყმის რა მიმართულებაა შესარჩევი, სად შეიძლება ელოდოს მოწინააღმდეგისგან მედგარ წინააღმდეგობას და სად არის მისი დაცვის უსუსტესი მონაკვეთი, რა ძალები შეიყვანოს ავანგარდში, რა ძალები არიერგარდში.

გარღვევა უნდა განხორციელდს გეგმაზომიერად.  ამისთვის, ალყაში მოხვედრის პირველი წუთებიდანვე, მეთაური და შტაბი უნდა ზრუნავდეს გარღვევისთვის საჭირო საბრძოლო მასალისა და საწვავის საგანგებო მარაგების შექმნისთვის.  გამომდინარე მის ხელთ არსებული ძალებიდან, გარე ფრონტზე მოქმედ საკუთარ ძალებამდე არსებული მანძილიდან და მოწინააღმდეგის შესაძლებლობებიდან, მარაგები უნდა შეესაბამებოდეს გადასაწყვეტ ამოცანას.  მეთაურის გადაწყვეტილებით ნადგურდება ის ტექნიკა და საბრძოლო მასალა, რომელიც არ ექვემდბარება ევაკუაციას.

იმ შემთხვევაში, თუკი სატრანსპორტო ტექნიკა გამოსულია მწყობრიდან, იქმნება დაჭრილების გადამყვანი ქვედანაყოფები, ძირითადად არასაბრძოლო შემადგენლობიდან.

გარღვევის მომზადებაზე პასუხისმგებელი ოფიცერთა ჯგუფი ატარებს ყველა ზომას, რათა საიდუმლოდ იქნას დაცული ალყის გარღვევის გეგმა.  ნაწილებისა და ქვედანაყოფების არსებული ბრძანებები და საიდუმლო დოკუმენტები მოწმდება და ნადგურდება.

გარღვევის წინა დღეს, უზრუნველყოფის ყველა საშუალება ნაწილდება ქვედანაყოფებში რათა დანიშნულ დროს მათ შეძლონ ბრძოლის წარმოება შევსების გარეშე.

ალყის გარღვევას წინ უნდა უსწრებდეს მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანისკენ მიმართული ქმედებები საპირისპირო მიმართულებებზე, ცრუ მანევრები ან ადგილობრივი ცრუ შეტევები. ამასვე ემსახურება ცრუ რადიო გადაცემები და “რადიო თამაშები”.

გარღვევაში მიმავალი ძალების საბრძოლო წყობა არსებული რესურსებისა და მოწინააღმდეგის ძალებიდან გამომდინარე, შეიძლება შედგებოდეს დამრტყმელი დაჯგუფებიდან (გარღვევის რაზმი, წარმატების განვითარების ქვედანაყოფები, მთავარი ძალები და რეზერვი), არასაბრძოლო ქვედანაყოფებიდან და დაფარვის ძალებად (მათ შორის დემონსტრირების და მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანის ჯგუფები).

დამრტყმელ დაჯგუფებაში შედიან ყველაზე ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფები და ნაწილები.  შესაძლებლობის მიხედვით ის შერეული ხასიათისაა. მის მეთაურად ინიშნება ყველაზე გაბედული და საზრიანი ოფიცერი.  გამნაღმელები ასევე აუცილებლად უნდა შედიოდნენ მოწინავე ქვედანაყოფებში.  ალყაში მოქცეული ბრიგადიდან ამ მიზნის შესასრულებლად გამოიყოფა გაძლიერებული საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი, ხოლო ბატალიონიდან – გაძლიერებული ასეული.

არასაბრძოლო ქვედანაყოფებში შედიან დაჭრილები, კ/გაბმულობის და ლოგისტიკის ქვედანაყოფები, ასევე შტაბები (საბრძოლო ქვედანაყოფების გარდა). აღნიშნული დაჯგუფება შესაძლებელია გადაადგილდებოდეს მთავარ ძალებთან ერთად, ან რეზერვსა და მთავარ ძალებს შორის.

არიერგარდი (დაფარვის ძალები) შეადგენენ შერეულ ქვედანაყოფებს, გაძლიერებულს ტ/საწინააღმდეგო საშუალებებით, მესანგრეებით (დანაღმვის საშუალებებით), მობილურობისთვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებებით.  ზოგადად, არიერგარდის საბრძოლო მოქმედებები თითქმის იდენტურია უკან დახევის შეკავების მეთოდის (რაზედაც ვრცლად ვისაუბრეთ ჟურნალ “არსენალის” 2010 წლის #1-ში).

მეთაური, როგორც წესი, იმყოფება ისეთ პოზიციებზე, საიდანაც შეძლებს არასაბრძოლო ქვედანაყოფების გამოსვლისა და არიერგარდის საბრძოლო მოქმედებების მართვას.  პრაქტიკული მოსაზრებების გარდა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ არიერგარდულ ბრძოლებში ჩაბმულმა მებრძოლებმა არ იგრძნონ თავი მიტოვებულად.

ალყიდან ღამით გამოსვლისას, სასურველია არ განხორციელდს საარტილერიო მომზადება.  დღისით პირიქით – მას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

ალყიდან ექსფილტრაცია მცირე ჯგუფებით ხორციელდება უკიდურეს შემთხვევაში, მხოლოდ მაშინ, როდესაც მთელი ძალებით გარღვევა ვერ მოხერხდა და მისი განმეორებისთვის რესურსები არასაკმარისია. Aამ შემთხვევაში მეთაური იძლევა ბრძანებას, რათა ჩამოყალიბდეს 10-11 კაცამდე ჯგუფები და ალყიდან დამოუკიდებლად განახორციელონ გასვლა.  ჯგუფები თავის მხრივ იყოფიან 3-5 კაციან ქვეჯგუფად, რომლებიც ხილვადობის ცუდი პირობებისა და რელიეფის გამოყენებით ცდილობენ მოწინააღმდეგის ბლოკ - განლაგებებს შორის გაჟონვას.  მთელი ძალებით გარღვევისგან განსხვავებით, ექსფილტრაცია ხორციელდება ექსცენტრული მიმართულებებით, რითაც ხდება მოწინააღმდეგის ძალისხმევის დაქსაქსვა.  ყოველ ამ ჯგუფზე ნაწილდება ხელთ არსებული რუკები, საჭიროების შემთხვევაში მზადდება ადგილმდებარეობის სქემები თავმოყრის რამოდენიმე წერტილის მინიშნებით.  დაჭრილებს, რომელთაც არ შეუძლიათ გადაადგილება, ურიგდებათ სურსათ-სანოვაგი და ხდება მათი სამალავებში შეფარება.  შესაძლებლობის ფარგლებში, სასურველია მათი გადაცემა ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ალყის გარღვევას მნიშვნელოვანწილად აიოლებს ალყის გარეთ დარჩენილი ძალების მიერ დებლოკირების ოპერაციები, რაც თავისთავად საკმაოდ რთულ ქმედებებს განეკუთვნება, მოითხოვს უმკაცრეს კოორდინირებას და მომზადებას.  ამ ტიპის საბრძოლო მოქმედებები შესაძლებელია ცალკე იქნას განხილული ჟურნალის მომდევნო ნომრებში.

კვლავ დავუბრუნდეთ საბრძოლო მაგალითებს და ვნახოთ, რომ უკიდურესად უიმედო მდგომარეობიდანაც კი შესაძლებელია წარმატებით გამოსვლა:  

1995 წლის 9 იანვრის ყიზლარის სამხედრო აეროდრომსა და რუსეთის შინაგანი ჯარების ბატალიონის სამხედრო ქალაქზე განხორციელებული წარმატებული რეიდის შემდეგ ჩეჩენი საველე მეთაურის რადუევის 350 კაციანი რაზმი ასამდე მძევალთან და ტყვეებთან ერთად გამაგრდა დაღესტანში, დასახლებულ პუნქტ პერვომაისკიში, რომელშიც წინასწარ იყო ჩატარებული საინჟინრო სამუშაოები.

ფედერალურმა ძალებმა სამმაგი ალყა შემოარტყეს დასახლებულ პუნქტს.  მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღით და ნაალაფარი 82 მმ ნაღმტყორცნებით შეიარაღებულ რაზმელებს დაუპირისპირდა დაჯგუფება, სადაც შედიოდა 2 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, 32 საარტილერიო დანადგარი და ნაღმ-ტყორცნი, 16 ცეცხლ-მტყორცნი, 10 დაზგის ყუმბარმტყორცნი, 3 “გრადის” დანადგარი, 54 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 22 ჯ/ტრანსპორტიორი, 4 ჯ/სადაზვერვო მანქანა, რამოდენიმე ტანკი და საბრძოლო ვერტმფრენი.   

15 იანვრიდან დაწყებული 17 იანვრამდე საარტილერიო მომზადებებისა და საჰაერო დარტყმების შემდეგ ფედერალების სპეცდანიშნულების ნაწილებმა “ვიტიაზმა”, სობრმა, გრუ-ს სპეცნაზმმა რამდენიმე შეტევა განახორციელეს, მაგრამ დიდი დანაკლისის ფასად თავდაცვის ორი ხაზიდან მხოლოდ პირველის დაკავება შეძლეს.

2

პერვომაისკის მოიერიშეთა პირველ
ეშელონში იმყოფებოდნენ რუსეთის სპეცდანიშნულების    
ელიტარული რაზმები “ვიტიაზი”, “რუსი” და სხვ.


ალყაში მყოფებს გამოელიათ საბრძოლო მასალა და 17 იანვარს ღამით ალყის გარეთ მყოფი ბოევიკებთან კოორდინაციით განახორციელეს ალყის გარღვევა რამოდენიმე მონაკვეთზე.  გამოიყენეს რა რთული მეტეო პირობები, მებრძოლებმა ფარული მიახლოების მიზნით ფეხზეც კი გაიხადეს და ისე აღმოჩნდნენ ფედერალების ბლოკ-საგუშაგოებთან 15-20 მ მანძილზე, რის შემდეგადაც გახსნეს ინტენსიური ცეცხლი და გაბედული იერიშით შეძლეს ალყის გარღვევა, ნაწილმა ნავებით, ნაწილმა ფეხით ნავთობის მილის გავლით გადაკვეთეს მდ.თერგი და გავიდნენ სამშვიდობოს, თან 15 მძევალიც გაიყოლეს!  ფედერალების ზარალი 30-მდე დაღუპულს 95 დაჭრილს და თავისიანებისვე დახოცილ 11 მძევალს შეადგენდა.  ამ შეტაკებებში დაიღუპა 58-ე არმიის დაზვერვის უფროსიც.

ოპერატიული ხელოვნება და ტაქტიკა გვერდზე რომ გადავდოთ, მთავარი, რაც ამ ორ მაგალითს აერთიანებს არის ის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! საუკეთესო შემთხვევაში - მტერს ჩაბარებულის ტელე-კამერების წინ მუხლებზე დამდგარის აბუჩად აგდებას, პირუტყვივით მოპყრობას, საპყრობილეში მუცლის ტიფითა ან ჭლექით ყოველ დღე სიკვდილის მოლოდინს, წლობით “წითელი ჯვრის” გაზულუქებული ჩინოვნიკის იმედად ყოფნას, ხოლო უარეს შემთხვევაში – შენივე გათხრილი ორმოს პირზე დახვრეტას, ნამდვილად სჯობია 200-300 ნაბიჯის იარაღით ხელში იერიშით გადარბენა.  გადარჩენის შანსიც არანაკლებია ვიდრე პირველ შემთხვევაში!  რა თქმა უნდა ყველას აქვს საკუთარი აზრის ქონის უფლება, შესაბამისად, ის ვინც განსხვავებულად ფიქრობს, მებრძოლის პროფესიას არ უნდა ირჩევდეს – ყოველ შემთხვევაში, მე ესე მწამს...


ვახტანგ კაპანაძე
ბრიგადის გენერალი

 

 

facebook

facebook_pic-624x234

რეკლამა

sareklamo_parti

sareklamo_parti


© strate.ge 2010, developed by David Elbakidze-Machavariani

ჰოსტინგი Serv.Ge

free counters