ჩვენს შესახებ
payday loans

საავტორო უფლებები

საიტზე გამოქვეყნებული მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებლად მიუთითეთ ვებ მისამართი და ნაშრომის ავტორი.

პარტნიორები

geeu

khoperia

military300

coordinate41

heroes

ტანკები ბრძოლის ველზე PDF ბეჭდვა ელფოსტა
ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018 12:37
ტანკები ბრძოლის ველზე

“ისინი იქცნენ მოუწყვლად მხეცებად და მათი (ერაყელების) ღამის კოშმარად”
აშშ საზღვაო ქვეითთა ტაქტიკური საბრძოლო ჯგუფ ”ტარავას” მეთაური

პირველ რიგში მათთვის, ვინც ვეღარ ხედავს ტანკების მომავალს, განსაკუთრებით რთული რელიეფის პირობებში, მინდა განვაცხადო - ტანკები წარმატებით ართმევენ თავს ამოცანას ავღანეთში!  მოკავშირეთა ოპერაციის ფარგლებში თავდაპირველად ტანკები გამოყენებულ იქნა კანადელებისა და დანიელების მიერ 2006 წლიდან.  მათმა ”ლეოპარდებმა” აქტიურად მიიღეს მონაწილეობა აშშ და ავღანეთის სამთავრობო ჯარების მთავარ შეტევაში პენჯაბის რაიონში, ხოლო მდინარე ზარის ნაპირებზე ორგანული 120 მმ-იანი ქვემეხით ეფექტურად ახორციელებდნენ აშშ-ს 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის მებრძოლების მხარდაჭერას. ავიაციასთან, არტილერიასა და ინჟინრებთან მჭიდრო ურთიერთქმედებით ტანკებმა გადამწყვეტი სიტყვა თქვეს მოწინააღმდეგის განადგურებაში ჰოუზ-ე-მედანთან, ნალგამთან და სანგსართან.   საცეცხლე და დარტყმითი შესაძლებლობების გამოყენებასთან ერთად, ტანკები ეფექტურად ასრულებენ ქვეითებისთვის დანაღმულ ველებზე გასასვლელების მომზადებისა და იმპროვიზირებული ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან დაცვის ფუნქციებს.

საომარი მოქმედების ამ რთულ თეატრში ტანკების ეფექტურობამ ამერიკელებს 2010 წლის ნოემბერში, 9 წლიანი პერიოდის განმავლობაში პირველად მიაღებინა გადაწყვეტილება ”აბრამსების” გადასროლაზე.  აშშ-ს გაერთიანებული შტაბების ავღანეთ-პაკისტანის კოორდინირების ცენტრის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ფრედერიკ ჰიჯესმა განცხადა: ” მე არა მგონია ახლო წარსულში თუ ვინმე ხედავდა ტანკების საჭიროებას ავღანეთში, თუმცა ეხლა ჩვენ ერთხმად ვაცნობიერებთ მათ მნიშვნელობას”.  Pპირველი 16 ტანკი განთავსდება ჰელმანდის ჩრდილოეთში, სადაც მონაწილეობას მიიღებს საზღვაო ქვეითებთან ერთობლივ მოქმედებებში, ასევე, დიდი ალბათობით, მოხდება მათი გამოყენება ამ პროვინციაში დისლოცირებული ქართული კონტიგენტის მხარდაჭერისთვისაც.

მაგალითი, ოღონდ უკვე განსხვავებული ომისა და საბრძოლო მოქმედებების თეატრიდან:  ერაყში საომარი მოქმედებების წარმოების პერიოდში აშშ-ს მე-15 საზღვაო ქვეითთა საექსპედიციო დანაყოფმა მიიღო დავალება დაეკავებინა ბაასის პარტიის შტაბი ქალაქ უმ ქასრში.  მიუხედავად ძველი ქალაქისთვის დამახასიათებელი ვიწრო ქუჩებისა და ქაოსური დაგეგამარებისა, მოიერიშე რაზმის დამრტყმელ ელემენტად სატანკო ოცეული იქნა გამოყოფილი.  სადაზვერვო მზირში მოქმედ ქვეითთა საბრძოლო მანქანების (ქსმ) -ზე მიყოლით ტანკები მიუახლოვდნენ ობიექტს, გაიშალნენ საბრძოლო წყობაში და ქვემეხების ცეცხლით შენობის კედელში შექმნეს ორი მოზრდილი ხვრელი, ტყვისფრქვევების ცეცხლით დაიფარეს ქსმ-დან ქვეითების გადმოსხმა და მათ მიერ პოზიციების დაკავება.  აღნიშნულის შემდეგ, 4 ტანკი გარშემო მყოფი ნაგებობების საფრად გამოყენებით გადანაწილდა საცეცხლე პოზიციებზე და ჩაკეტა მიზანთან მისასვლელი ყველა მიმართულება.  კედლებში შექმნილი ხვრელების და ბლოკირებული მისასვლელების გამოყენებით ქვეითთა მოიერიშე ჯგუფი დაუბრკოლებლად შევიდა მოწინააღმდეგის შტაბში და გაანადგურა იქ დარჩენილი წინააღმდეგობის კერები.  

ერაყში საბრძოლო მოქმედებებმა ნათლად აჩვენა ტანკების ქალაქში მოქმედების ადაპტირების კარგი მაგალითი.  ამის მიღწევა შესაძლებელი იქნა გროზნოს მიდამოებში წარმოებული ბრძოლების დეტალური შესწავლის, განზოგადებისა და ქვანტიკოში განლაგებული აშშ საზღვაო ქვეითთა საბრძოლო ლაბორატორიის ექსპერტთა რამოდენიმეწლიანი დაძაბული კვლევების შედეგად. აღნიშნულ მოღვაწეობას მოჰყვა ქვითთა და ტანკების ურთიერთქმედების გაუმჯობესებისკენ მიმართული ინტენსიური წვრთნები.  როგორც საბრძოლო ლაბორატორიის ექსპერტმა კაპიტანმა კარლოს გომესმა განაცხადა: ”ტანკი დღესაც წარმოადგენს ძალზედ ეფექტურ იარაღს, მაგრამ სწორი გამოყენების შემთხვევაში”.  მისივე სიტყვებით: ”ქვეითები უნდა იცავდნენ ტანკებს,  თუმცა შესაბამისი წვრთნის გარეშე მათი მოქმედება არაეფექტური იქნება”.  ერაყში ტანკები მოწინააღმდეგეში ისეთ პანიკას იწვევდნენ, რომ მოკავშირეთა ფსიქოლოგიური ოპერაციების ქვედანაყოფები მძლავრი გამაძლიერებლებით უწყვეტად გადასცემდნენ ტანკების გადაადგილების ჩაწერილ ხმაურს, რითაც მორალურად ანადგურებდნენ ერაყელ დამცველებს.  Kკარგად მომზადებულმა დანაყოფებმა ურთულეს პირობებში თავიდან აიცილა ”შავი ქორის ვარდნის” (1993 წლის მაგადიშოს) სცენარის გამეორება.

საქართველოში ტანკების გამოყენების შუქ-ჩრდილების მაგალითები მკითხველმა ფართოდ შეუძლია მოიძიოს ”არსენალში” გამოქვეყნებულ ბ-ნ თ. ჩაჩანიძის სტატიებში.  ჩემი მხრიდან მხოლოდ დავუმატებდი, რომ აღნიშნული თემა შემდგომ გავრცობას და დეტალიზებას მოითხოვს, რათა მოხდეს გამოცდილების (მათ შორის უარყოფითი) განზოგადება, სასწავლო მითითებებსა და კურსებში ასახვა და მომავალი გამოწვევებისადმი ჩვენი ჯ/სატანკო დანაყოფების მებრძოლების მომზადება.  ხოლო თუ რა შეუძლია ტანკის მომზადებულ და გამოცდილ მეთაურს, შეიძლება ნათლად დავინახოთ კიდევ ერთ მაგალითზე:  1944 წლის 13 ივნისს ვილერ-ბოკაჟთან გერმანელთა 1 სატანკო კორპუსის 101 სატანკო ბატალიონის სს-ის ჰაუპტშტურმ-ფიურერმა მიხაელ ვიტმანმა, ზედმეტსახელად ”შავი ბარონი”, ერთადერთი მძიმე ტანკიდან შეძლო მარშზე მყოფი ბრიტანელთა მე-7 სატანკო დივიზიის კოლონაზე განეხორციელებინა ჩასაფრება.  შედეგად დღის განმავლობაში გაანადგურა 4 ”კრომველის”, 3 ”შერმანის” ტიპის ტანკი, 3 ჯ/ავტომობილი და 1 მუხლუხიანი ტრანსპორტირი, რამოდენიმე სატვირთო მანქანა.  ვიტმანმა თავისი უკანასკნელი ბრძოლის დროს, დაღუპვამდე, გაანადგურა კანადელთა 5 ტანკი.  თავის საბრძოლო ნადავლში ”სატანკო ასი” პირად ანგარიშზე ითვლიდა მოწინააღმდეგის 138 განადგურებულ ტანკს და 132 ქვემეხს.

დავუბრუნდეთ თემას და განვიხილოთ საქართველოს საომარი მოქმედებების თეატრის დამახასიათებელ პირობებში ტანკების გამოყენების თავისებურებებზე.  თუ როგორ უნდა იმოქმედონ ტანკებმა ბრძოლის ველზე და რა შეუძლიათ მათ,  აღწერილია უამრავ სამხედრო წესდებაში, მითითებასა და დარიგებაში.  ამჯერად შევჩერდეთ თუ რა არ შეუძლიათ და არ უნდა აკეთონ ტანკებმა:

•    ტანკები არ უნდა მიიწევდნენ წინ უწყვეტი და გულდასმითი დაზვერვის გარეშე – მხოლოდ ფრთხილ დაზვერვას შეუძლია დაიცვას ეკიპაჟი მოულოდნელობიდან.  დაცულ უნდა იყოს ფლანგები, ისევე როგორც ფრონტი.  გახსოვდეთ, ტანკები თავისი მოქმედების დროის უმეტეს ნაწილს უნდა ხარჯავდნენ საფარის ძიებაში, რათა უფრო ეფექტურად გამოიყენონ მძლავრი საცეცხლე საშუალებები.  სასურველია სადაზვერვო მზირში ტანკის მეთაურები თავად მონაწილეობდნენ, რათა შემდგომში ადვილად მოახდინონ გასავლელი მარშრუტის ”ვიზუალიზება”.  ყველა მეთაურის ამოცანაა 360 გრადუსით თვალთვალის ორგანიზება.  რკინისებული რადიო-დისციპლინა კარგი ხელმძღვანელობის აუცილებელი პირობაა!;
•    ტანკები არ უნდა მოქმედებდნენ ცალკე, დამოუკიდებლად - ჯ/სატანკო ძალები შეიცავს სატანკო და მექანიზირებულ ძალებს.  თითოეული მათგანისთვის მეორე მხარე წარმოადგენს ხერხემალს როგორც დაცვითი, ასევე შეტევითი მოქმედებებისთვის. თავისთავად სატანკო დანაყოფები თავისი არსით წარმოადგენენ შეტევით ძალებს და თავის თავში აერთიანებენ მტრული ცეცხლისგან დაცვით,  მძლავრ საცეცხლე და მაღალი მობილურობის საშუალებებს, რაც მათ მატებთ დარტყმით (“შოკურ”) შესაძლებლობებს.  მექანიზირებულ ქვეითს გააჩნია იგივე მანევრირებადობა, როგორც ტანკებს, მაგრამ ნაკლები საცეცხლე და დამცავი შესაძლებლობები.  მათ შეუძლიათ მხარი დაუჭირონ ტანკებს ქსმ-ზე ამხედრებულ მდგომარეობაში ან ქვეითად ქსმ-ის მხარდაჭერით.  თავდაცვის მოწყობისთვის ისინი გამოიყენებიან  ღერძულა წერტილებად მანევრირებადი სატანკო ძალებისთვის.  მათი როლი ტანკების წარმატებით მოქმედებაში უდიდესია და მოიცავს: შეტევაში ახლო მხარდაჭერასა და მოწინააღმდეგის ობიექტის გაწმენდას, მოწინააღმდეგის ტ/საწინააღმდეგო საშუალებების განადგურებას, ტერიტორიის დაკავებას, საინჟინრო წინაღობებისგან მისასვლელების გაწმენდას, ფლანგების დაცვას, თვალთვალის და პატრულირების ორგანიზებას, მოწინააღმდეგის შეკავებასა და წინასწარ მომზადებული თავდაცვითი ზღუდისკენ მიმართვას.  მექანიზირებული ქვეითი (პირადად მე უფრო მომწონს “ჯავშანგრენადერი”) უნდა აზროვნებდეს, ცხოვრობდეს, ხედავდეს როგორც ტანკისტი!  Mმათთან მოქმედებისას ტანკის მეთაური უნდა დარწმუნდეს, რომ საკმაოდ ახლოს ურთიერთქმედებს.  მხოლოდ ასე შეიძლება ურთიერთდახმარება.  ვინ უნდა უხელმძღვანელოს ამ დროს – ეს მეორე საკითხია.  მთავარია არ მისცე მოწინააღმდეგეს თქვენი დაშორიშორისების საშუალება.  ტანკისტების დევიზი უნდა იყოს: ”დაიცავი ქვეითები”, მათი –”დაიცავი ტანკები”.  ავიაციისა და არტილერიის მხარდაჭერა უნდა გამოყენებულ იქნას დაუყოვნებლივ, სანამ ჭურვები აღწევენ მიზანს.  ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ შეტევა დაგვიანებული იქნება.  უმჯობესია საკუთარი მხარდამჭერთა აფეთქებების ნამსხვრევების რისკის ქვეშ ყოფნა, ვიდრე ტ/საწინააღმდეგო საშუალებების შეუფერხებელი ზემოქმედების ქვეშ დარჩენა;
•    ტანკები არ უნდა გამოიყენებოდეს სტაციონარულ საცეცხლე პლატფორმად (არ იგულისხმება ჩასაფრებიდან მოკლე პერიოდით ცეცხლის წარმოება) – დაცვაში მოქმედების დროს, ტანკს უნდა გააჩნდეს რამოდენიმე სათადარიგო პოზიცია, რომელსაც მუდმივად უნდა იცვლიდეს.  ასევე, თავდაცვაში ტანკები უნდა გამოიყენებოდეს არა მხოლოდ საცეცხლე, არამედ როგორც შოკური მოქმედების საშუალებაც.  მხოლოდ რამოდენიმე უნდა განთავსდეს სტაციონარულ საცეცხლე პოზიციებზე.  უმეტესობა გამოყენებულ უნდა იქნას მობილური რეზერვისთვის - მოულოდნელი სატანკო დარტყმა აღწევს განსაკუთრებულ ეფექტს, როდესაც ხორციელდება მოძრაობაში მყოფი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ფლანგების მიმართულებიდან.   სანგრიდან მოქმედებების დროსაც კი, მას უნდა გააჩნდეს რამოდენიმე საცეცხლე პოზიცია, ან განსაზღვრულ ზღუდეზე მოქმედებდეს ”მოხეტიალე ტანკის” მეთოდით.  უნდა გახსოვდეთ, რომ ტანკის ღია ადგილზე გამოსვლა მხოლოდ 5-6 წმ-ით უნდა ხდებოდეს, რის დროსაც მან უნდა მოასწროს დამიზნება, გასროლა და საფარში დაბრუნება, ვინაიდან, თუკი მე-2 მსოფლიო ომში ტანკს სჭირდებოდა საშუალოდ 17 გასროლა მოწინააღმდეგე ტანკის გასანადგურებლად მაქსიმალურ დისტანციებზე (დაახლოებით 700-800 მ), 1973 წლიდან დაწყებული, სჭირდებოდა  უკვე მხოლოდ ორი გასროლა 1800 მ-ზე მიზნის გასანადგურებლად;
•    არ უნდა ხდებოდეს ტანკების დაქსაქსვა – წინა ხაზზე დაუშვებელია ერთდროულად ორ ტანკზე ნაკლების ყოლა, ხოლო სატანკო ოცეული (4-6 ტანკი) უნდა მოქმედებდეს ძირითადი ძალებიდან იმ მანძილზე, რომელიც საშუალებას მისცემს მათ საცეცხლე საშუალებებით დაუჭირონ მხარი ოცეულს.  რაც უფრო მეტი ქვემეხი იმოქმედებს ბრძოლის პირველივე წუთებიდანვე, მით უფრო სწრაფად იქნება მოწინააღმდეგე ჩახშობილი, ხოლო საკუთარი დანაკარგი – ნაკლები.  თუ მათ წინაშე დგას რამოდენიმე ამოცანა ერთდროულად, მათი გადაჭრა უნდა ხდებოდეს ერთი - მეორის მიყოლებით, ხოლო თანმიმდევრობას განსაზღვრავდეს ზემდგომი მეთაური (მაგ. თუ გაქვთ ორი მიზანი, ჯერ ერთს შეუტიე ყველა იარაღისა და ძალის გამოყენებით და შემდეგ მეორეს).  მოწინააღმდეგეს რაც უფრო მეტი სამიზნე ექნება ერთდროულად დასაზიანებელი, მით უფრო გაუჭირდება ცეცხლის გადანაწილება და მართვა, ასევე, უფრო მეტი ქვემეხი იმოქმედებს მის წინააღმდეგ ერთდროულად;
•    ტანკები არ უნდა მოქმედებდნენ მასიურ ფორმირებებად – თანამედროვე ტ/საწინააღმდეგო და საავიაციო შეიარაღება გათვლილია ფართობით დაზიანებაზე, ამდენად უნდა ხდებოდეს ტანკთა შორის ნორმატიული ინტერვალების გაზრდა, რომელიც მუდმივად დაცულ უნდა.  Eეს გაშლის მოწინააღმდეგის ცეცხლს და გაართულებს მის კონტროლს;
•    ტანკებს არ უნდა მართავდნენ მოუმზადებელი ეკიპაჟები – ტანკის კარგი ეკიპაჟი უნდა მოქმედებდეს ერთიან ორგანიზმად, რაც მიიღწევა დაახლოებით 6 თვიანი ერთად ცხოვრებისა და წვრთნის განმავლობაში.  ტ-72, ტ-80-ის შიგნითა სივრცე არ აღემატება 2,5 კუბურ მეტრს, მაშინ როდესაც გერმანულ “ლეოპარდში” ეს მონაცემი 2-ჯერ მეტია.  მოუმზადებელი მებრძოლი, 2 საათამდე ტანკიდან ამოუსვლელად მოქმედების შემდეგ კარგავს მცირე ხნით ფიზიკური შესაძლებლობების 80%-ს.  თუკი ბრძოლა დიდი ხნით გრძელდება - იზრდება პრობლემებიც, კერძოდ, გადაღლილობა მოუმზადებელ ეკიპაჟში იწვევს მოტეხილობებს, ამპუტაციებს და სხვადასხვა ტრამვებს (განსაკუთერებით ავტომატური დატენვის მექანიზმიან ტექნიკაში), ამავე დროს, სტატისტიკით, ტანკების ეკიპაჟების დანაკარგის 25% ხდება, როცა ტანკისტები ჯავშანს გარეთ იმყოფებიან.;
•    ტანკები თავისი სვლით არ უნდა გადაადგილდებოდნენ გრძელ მანძილებზე (რამოდენიმე ასეულ კმ-ზე მეტს) – აღნიშნული იწვევს მექანიკურ დაზიანებებს და რესურსების ცვეთას.  სტატისტიკით, რუსული ტანკები საშუალოდ წყობიდან გამოდიან ყოველ 250 კმ-ზე, ნატო-ს 300 კმ-ზე.  რა თქმა უნდა, შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფის პირობებში ხარვეზი შესაძლებელია აღმოფხვრილ იქნას რამოდენიმე წთ-დან დაწყებული რამოდენიმე საათით დამთავრებულ პერიოდში.  შესაბამისად, შენაერთმა შეიძლება ყოველი სთ-ი მარშის დროს დაკარგოს 2%-დან 20%-მდე ჯავშან-ტექნიკა.  შორ მანძილებზე ტანკების გადაყვანის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს რკინიგზა და ტანკების გადამზიდავი საავტომობილო პლატფორმები.  ტანკები თავისი სვლით გადაადგილება ძირითადად მხოლოდ ბრძოლის ველზე უნდა ხდებოდეს;
•    ტანკები არ უნდა უგულვებელყოფდნენ ყოველდღიურ რემონტს – მუხლუხიანი ტექნიკა ზოგადად მოითხოვს მნიშვნელოვან ყურადღებას.  დღეში 8 კაც-საათი წარმოადგენს ტანკების კარგ მდგომარეობაში შენარჩუნების წინაპირობას.  ასე რომ, ძველი სამხედრო ხუმრობა ”ბუნებაში არსებობს ჭუჭყიანი ადამიანის სამი კატეგორია: დასვრილი, ძალიან დასვრილი და ტანკისტი” – სინამდვილესთან ახლოს ნამდვილად არის;
•    ტანკები არ უნდა მოქმედებდნენ საინჟინრო ძალების გარეშე – საინჟინრო ხიდგამდებები და საინჟინრო-სადაზვერვო მანქანები წარმოადგენენ სატანკო ძალების განუყოფელ ნაწილს და მათი მანევრირებადობის შენარჩუნების გარანტიას;
•    ტანკები არ უნდა მოქმედებდნენ ახლო საჰაერო დაცვის ძალების გარეშე – თვითმავალი და გადასატანი საზენიტო დანადგარები არ იძლევიან ასპროცენტიან გარანტიას, თუმცა წარმოადგენენ ტანკების საჰაერო მოწინააღმდეგისგან დაცვის კარგ საშუალებებს;
•    ტანკები არ უნდა მოქმედებდნენ ტექნიკური უზრუნველყოფის ძალების გარეშე – ტანკმა რაიმე დაბრკოლებასთან არასწორი კუთხით შეჯახებითაც კი შეიძლება დაკარგოს მუხლუხო.  Aამის გარდა, მუხლუხებს გააჩნიათ თავისი რესურსები და დაახლოებით ყოველ 1000-დან 3000-მდე კმ-ი გავლის შემდეგ მოითხოვს შეცვლას, რასაც რამოდენიმე საათი სჭირდება.  ამის გარდა, ტანკის ძირითად ქვემეხს და ტყვიაფრქვევებს პერიოდულად სჭირდებათ სამიზნეების თავიდან გასწორება, განსაკუთრებით შორ მანძილზე გადაადგილების ან ინტენსიური სროლების შემდეგ.  წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება უზუსტობის პროგრესი ცდომილების თანდათანობითი აკუმულირების შედეგად. ასევე შეკეთებას ითხოვს ელექტრო მოწყობილობებიც, რომელთა რაოდენობა თანამედროვე ტანკებში არ ჩამორჩება სამგზავრო თვითმფრინავის საბორტე ელექტრო ხელსაწყოების რაოდენობას. აღსანიშნავია, რომ კვალიფიციური ტექნიკური უზრუნველყოფის პირობებში ტანკების საბრძოლო დაზიანების 60% და არასაბრძოლო დაზიანების 95%-ი აღდგენას ექვემდებარება;

საქართველოს საომარი მოქმედების თეატრში მსხვილი სატანკო შენაერთების მასიურად გამოყენებაზე, რა თქმა უნდა, საუბარი არც უნდა იყოს, თუმცა მათი როლის საერთო დაქვეითების ფონზე მნიშვნელოვნად გაიზრდება ინდივიდუალური ტანკისა და სატანკო ქვედანაყოფის (ოცეული, ასეული) როლი.   ადგილობრივ პირობებში ტანკის მოქმედების ეფექტურობისთვის უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭება საომარი ველის საინფორმაციო სივრცეში ინდივიდუალური საბრძოლო მანქანის მდგრად ინტეგრირებას.  სატანკო ძალების ამოცანას უნდა წარმოადგენდეს შეტევითი მოქმედებებით გადაწყვიტოს ბრძოლის ბედი.  აღნიშნულს აღწევენ მოულოდნელი დარტყმების მიყენებით მოწინააღმდეგის დაცვის ყველაზე მოწყვლად წერტილებში – ფლანგებზე, ზურგში, პოზიციათაშორის სივრცეში და სხვ.  ტანკებს მაღალი მანევრირებადობისა და საცეცხლე შესაძლებლობების ხარჯზე შეუძლიათ სწრაფად და მოულოდნელად გამოიყენონ თავისი დარტყმითი ძალა გადამწყვეტ მიმართულებებზე, ღრმად და ელვისებურად შეიჭრან მოწინააღმდეგის განლაგებაში.  დაცვის სიღრმეში განხორციელებული დარტყმებით სატანკო დანაყოფები აღწევენ მნიშვნელოვანი ობიექტების განადგურებას და მოწინააღმდეგის ალყაში მოქცევას.  თავდაცვაში ყოფნის დროსაც კი, თავიანთ ამოცანებს ძირითადად უნდა განახორციელონ კონტრ-შეტევითი მოქმედებებით.
ბოლო პერიოდში მომხდარი სომარი კონფლიქტების გაკვეთილების გათვალისწინებით, ქართველ მეთაურებს მინდა მოკრძალებულად ვურჩიო: ჯ/სატანკო ქვედანაყოფების ძალა მდგომარეობს მოულოდნელობაში, კონცენტრაციაში და აგრესიულ შეტევაში, გონიერ ხელმძღვანელობასა და გაბედულ მოქმედებებში ამდენად, არსებული საშუალებები გამოიყენონ მხოლოდ დანიშნულებისამებრ!  არ გამოიყენოთ ტ/საწინააღმდეგო საშუალებები მოიერიშე საშუალებებად, ქსმ-ი ტანკებად, დაზვერვა და ინჟინრები – ქვეითად, ტანკები – ჰაუბიცებად (რისი მაგალითებიც მრავლად იყო აგვისტოს ომის დროს).

ქართული სატანკო დანაყოფების გამოყენების ძირითად პრინციპებად უნდა დაინერგოს:
•    საბრძოლო გარემოსთან სწრაფი ადაპტირება;
•    თამამი და აგრესიული მოქმედებები;
•    ორგანიზაციის და ტაქტიკის მაქსიმალური მოქნილობა;
•    გადამწყვეტ მიმართულებებზე ძირითადი ძალისხმევის თავმოყრა.

მსოფლიო სამხედრო ხელოვნებაში არსებული ჯ/სატანკო დანაყოფების შეტევაში მოქმედებების მრავალი ტაქტიკური ხერხიდან, საქართველოსთვის ყველაზე მისაღებად მიმაჩნია შემდეგი ჩამოთვლილი მეთოდი (თუმცა ყოველთვის უნდა გვახსოვდეს: ”შაბლონი კლავს ინიციატივას!”, შესაბამისად აუცილებელია მათდამი შემოქმედებითი მიდგომა),  ესენია:

ტანკები წინ: გამოიყენება სვლიდან შეტევისას; მოუმზადებელი ან სუსტად ფორტიფიცირებული თავდაცვის წინააღმდეგ;  ღია რელიეფის პირობებში და როდესაც მოწინააღმდეგის ტ/საწინააღმდეგო საშუალებები საიმედოდაა დათრგუნვილი.  ამ მეთოდის დროს ტანკები მაღალი სიჩქარით ახორციელებენ წინ გარღვევას, ქვეითები ქსმ-ით მიჰყვებიან უშუალოდ უკნიდან ან ფლანგებიდან, იშლებიან საბრძოლო წყობაში და ანადგურებენ ტ/საწინააღმდეგო საშუალებებს.  Mმეორე ეშელონში მოქმედი ტანკები მიკუთვნილი მექანიზირებული ქვეითებით დაფარული პოზიციებიდან ახორციელებენ ჩაწერტებული ცეცხლით მხარდაჭერას, შემდგომ დარჩენილი მოწინააღმდეგისგან წმენდნენ თავდაცვით პოზიციებს.  აღნიშნული მეთოდი მნიშვნელოვანი მონაკვეთის სწრაფი დაკავების საშუალებას იძლევა, თუმცა ამ დროს ტანკები ადვილად მოწყვლადებია ახლო ბრძოლაში, ასევე ადვილად შეიძლება დაირღვეს ურთიერთქმედება.

ტანკები და ქვეითები ერთად:  გამოიყენება შეტევის მოკლე დისტანციების შემთხვევაში და წარმოადგენს მჭიდრო ურთიერთკავშირს ბრძოლის ველზე.  ამ დროს შესაძლებელი ხდება სწრაფი, უწყვეტი და მჭიდრო ურთიერთდაზღვევა.  ტანკები საიმედოდ არიან დაცულნი ახლო ბრძოლაში.

ქვეითები წინ: გამოიყენება საწყისი ზღუდიდან შეტევის დროს, როდესაც დისტანცია მოწინააღმდეგემდე დიდია; სრულად მომზადებული მოწინააღმდეგის თავდაცვის წინააღმდეგ; წყლიანი წინაღობის ფორსირებისას; შეზღუდული მხედველობის გარემოში (მთაში, ტყეში, ღამით, ნისლში და ა.შ.).  აღნიშნული მეთოდის გამოყენებისას ტანკები უზრუნველყოფენ ქვეითების საცეცხლე მხარდაჭერას, შემდეგ “ნახტომებით” გადაადგილდებიან წინ და მოწინააღმდეგის დაცვაში ქვეითებთან ერთად იჭრებიან.  Aამ მეთოდის უარყოფითი მხარეებია ტანკებისთვის კარგი საცეცხლე პოზიციების შერჩევის სირთულე სროლის საკმარისი სექტორით, განსაკუთრებით ფლანგებზე.  

ტანკები და ქვეითები მოქმედებენ სხვადასხვა მიმართულებებიდან ერთი და იგივე მიზნის მიმართ: გამოიყენება სვლიდან ან შემხვედრი ბრძოლის შემთხვევაში; მოწინააღმდეგის ფლანგიდან (ფლანგებიდან) შემორტყმის (შემოვლის) განხორციელებისას.  ამ დროს შეტევა მიმდინარეობს ზუსტად განსაზღვრული გეგმის მიხედვით სხვადასხვა მიმართულებიდან, მაგრამ ერთი და იგივე მოწინააღმდეგის წინააღმდეგ.  მსგავსი მოქმედებით შესაძლებელია მოწინააღმდეგის თავდაცვის დაქსაქსვა, ადვილდება მისი ყურადღების გადატანა და მოულოდნელობის მიღწევა.  აღნიშნული მეთოდი შეუძლიათ გამოიყენონ მხოლოდ კარგად მომზადებულმა და გამოცდილმა დანაყოფებმა.  ამ დროს განსაკუთრებით რთულია არტილერიის სინქრონიზებული მოქმედება, რაც გამოწვეულია ორი მიმართულებით ცეცხლის თავმოყრის კომპლექსურობით.

ქვეითები ტანკებზე:  შესაძლებელია ღამით შეტევისას; დადევნებისას; თავდაცვის პოზიციათაშორის სივრჩეში გაჭრისას.  ქვეითები ტანკებზე დესანტად თავსდებიან იმგვარედ, რომ ხელი არ შეუშალონ ტანკის ეკიპაჟს მოქმედებისას.  მოწინავე და ფლანგებზე მოქმედ ტანკები მოქმედებენ დესანტის გარეშე.  ამ მეთოდის გამოყენებისას ქვეითებს შეუძლიათ ტანკებთან ერთად სწრაფად გადაადგილდნენ და დაუყოვნებლივ ჩაერთონ ბრძოლაში, საიმედოდ დაიცვან ტანკები ახლო მანძილებიდან.

ბოლოს, მინდა ახალგაზრდა ქართველ ტანკისტებს Gგავაცნო სატანკო მოქმედებების დიდოსტატ, გერმანელი გენერლის ჰეინც ვილჰელმ გუდერიანის (1888-1954) რამოდენიმე რჩევა, რომელთაც აქტუალურობა დღემდე არ დაუკარგავს:
1.    შეტევისას იმოძრავე რაც შეიძლება სწრაფად.  მაღალი სიჩქარით შენ შეიძლება ოდნავ უერო ცუდად ისროლო, მაგრამ ამავე დროს ძნელდება შენი დაზიანებაც.  ტანკებისთვის არსებობს მხოლოდ ორი ტიპის სიჩქარე: საშუალო (სროლისთვის) და მთელი სისწრაფით.  ეს არის სატანკო ბრძოლის საბაზისო პრინციპი.
2.    როდესაც ტ/საწინააღმდეგო საშუალებები კონცენტრირებულია ახლო მანძილებზე, შეჩერება სასიკვდილოა.  მხოლოდ დაუყოვნებელი შეტევა უმაღლესი სიჩქარით ყოველი სახის იარაღიდან ცეცხლის წარმოებით იძლევა წარმატების მიღწევის შანს და დანაკარგის შემცირებას.
3.    მოწინააღმდეგის ჯ/ტექნიკაზე შეტევა არ უნდა განხორციელდეს პირდაპირ.  უმეტეს შემთხვევაში ამას უნდა მოერიდო, სანამ არ შეარჩევ შესაბამის საცეცხლე პოზიციას და მოულოდნელად არ დაარტყამ.  უკან დახეულებს დაედევნე აგრესიულად.  
4.    გამაგრებულ პოზიციებზე შეტევა უნდა განხორციელდეს ერთდროულად ხვადასხვა მიმართულებიდან, რათა მოწინაარმდეგემ ვერ შეძლოს ცეცხლის კონცენტრაცია და მთავარი დარტყმის მიმართულების განსაზღვრა.
5.    საბრძოლო კომპლექტის ეკონომია ყოველთვის არაა მომგებიანი.  თუ საჭიროა უნდა ხარჯო მაქსიმალური სისწრაფით, განსაკუთრებით შეტევისას.
ვახტანგ კაპანაძე
ბრიგადის გენერალი
 

facebook

facebook_pic-624x234

რეკლამა

sareklamo_parti

sareklamo_parti


© strate.ge 2010, developed by David Elbakidze-Machavariani

ჰოსტინგი Serv.Ge

free counters